ქალაქ ბერნში, საქართველოს საელჩომ შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.
ღონისძიების მიზანი იყო ქვეყნის მდიდარი კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, თანამედროვე ქართული ხელოვნების, ღვინისა და გასტრონომიის კიდევ უკეთ გაცნობა მიწვეული სტუმრებისთვის.
კომპანია არემჯის კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომელიც გაერთიანება ღვინო ბოლნისში შემავალი მეღვინეობების პროდუქციის ქვეყნის გარეთ პოპულარიზაციას და მათი სხვადასხვა ევროპულ ბაზრებზე წარგენას ითვალისწინებს, სპეციალურად ღონისძიებისთვის 14 მცირე ბოლნისური მარნის ღვინოები შეირჩა.
![](https://gazetibolnisi.ge/wp-content/uploads/2023/05/5C8A8629-6-1024x683.jpg)
„ბოლნისელი მეღვინეებისთვის ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე. შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოსა და ჩვენი მეგობარი კომპანია არემჯის დახმარებით მოვახერხეთ და 14 ბოლნისური მარნის ღვინო ჩამოვიტანეთ ბერნში და წარვუდგინეთ შვეიცარულ საზოგადოებას. ჩვენმა ღვინოებმა, მართლაც რომ დიდი მოწონება დაიმსახურეს, გავცვალეთ კონტაქტები და იმედი მაქვს მალე გვექნება კონკრეტული შემოთავაზებები.“ – განაცხადა გაერთიანება ღვინო ბოლნისის დამფუძნებელმა გურამ ავქოფაშვილმა.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ ღვინო ბოლნისის და არემჯის წარმომადგენლებს და მათგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია, ქართული ღვინის კულტურის, კერძოდ კი ბოლნისური ღვინოების ასორტიმენტის, მათი დაყენების ტექნოლოგიისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ.
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო, შვეიცარიაში საქართველოს ელჩს ბ-ნ რევაზ ლომინაძეს, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ არემჯის წარედგინა ბოლნისური ღვინოები ქართული დიასპორისა და შვეიცარული საზოგადოებისთვის. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული მიმართულებაა ბოლნისური მევენახე-მეღვინეების გაერთიანების მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას და ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მოხარული ვარ, რომ 17 ივნისს ქალაქი ბოლნისი – ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალსაც უმასპინძლებს, სადაც დასწრებას ყველა ღვინის მოყვარული შეძლებს.“ – ზურაბ დევდარიანი, არემჯის კორპორაციული პასუხისმგებლობის მენეჯერი.
საღამო შვეიცარიაში მცხოვრები ცნობილი ქართველი პიანისტის, თამარ ბერაიას კლასიკური მუსიკის კონცერტით გაიხსნა, რომელსაც აკომპანიმენტი ახალგაზრდა მუსიკოსებმა ლიზა მეგრელიშვილმა და ბარბარა თათარაძემ გაუწიეს.
საგამოფენო სივრცეში შვეიცარიაში მცხოვრები ქართველო ხელოვანების – მაკა დადიანისა და ნინა გამსახურდიას ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
![](https://gazetibolnisi.ge/wp-content/uploads/2023/05/არ-2-1024x1012.jpg)