კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

ბოლნისი ღვინის ფესტივალისთვის ემზადება

17 ივნისს, ძველ გერმანულ უბანში, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ფესტივალი „ბოლნისი-ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ გაიმართება, აქ უამრავ ღვინის მოყვარულს, სომელიე-ბაიერებს, ღვინის მწერლებსა და ექსპერტებს შეხვდებით. მოსულ სტუმრებს საქართველოს ყველა კუთხიდან 70 მეღვინის მიერ წარმოდგენილი საუკეთესო ღვინოების დაგემოვნების საშუალება ექნებათ. აქ შეხვდებით და გაიცნობით მცირე საოჯახო და დიდი მარნების  მიერ წარმოებულ ღვინოებს.

განსხვავებული გემოვნური თვისებებით და არომატის მქონე ბოლნისური ღვინოები, რომლებსაც ბოლო წლებია ღვინის რუკაზე საპატიო ადგილი უკავია ფესტივალზე სხვადასხვა სახეობის ღვინოებით წარსდგება.  ლევან ქუქჩიშვილი ფესტივალისთვის აქტიურ სამზადისშია, მისი მარანი შვაბი გერმანელების მიერ 200 წლის წინ არის აშენებული, მამა-პაპისეულ ტრადიციას დღეს ახალგაზრდა მეღვინე უძღვება. ის გაერთიანება ღვინო ბოლნისის წევრია და აქტიურად არის ჩართული განხორციელებულ სიახლეებში. მეღვინე ძველი აღდგენილი ტექნოლოგიით რქაწითელსა და საფერავის ვაზის ჯიშის ღვინოებს აწარმოებს.

ფესტივალზე  საზეიმოდ გაიხსნება ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომელიც ბოლნისური ღვინოების სადეგუსტაციო სივრცე იქნება. საუკუნოვანი შენობა იმანუილ ვალკერის, კატერინენფელდისა და ელიზაბეტ თალის პედაგოგსა და მწერალს ეკუთვნის. მისი რესტავრაცია ავთენტური სახით „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის“ ჩართულობით და კომპანია „არემჯი“-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

„ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქის“ წარმდგენია კომპანია „არემჯი“, ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და აგროცენტრის ორგანიზებით გაიმართება. ღვინის საღამო ბოლნისში ნიაზ დიასამიძის და ჯგუფი 33-ს კონცერტით დაიხურება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები