კვირა, აპრილი 27, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა 2023 წელს განხორციელებული პროექტები და პროგრამები შეაჯამა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა 2023 წელს განხორციელებული პროექტები და პროგრამები შეაჯამა

ძვირფასო ბოლნისელებო, მალე 2024 წელი შემობრძანდება, ბოლნისსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ წელს. 2024 წელი ყოველი თქვენგანის ოჯახისთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ყოფილიყოს!

უპირველეს ყოვლისა, მსურს მოგილოცოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს დიდი წარმატება, ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების საწინდარია და დარწმუნებული ვარ, რომ მალე საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 2023 წელი არაერთი მიმართულებით აღმოჩნდა წარმატებული. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2023 წელს 12 488 177 ლარის ღირებულების 137 ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. წელს, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის ჯამში 4 015 241  ლარი დავხარჯეთ, დახმარება კი 5 488  ბენეფიციარს გავუწიეთ.

მსურს, 2023 წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები მოკლედ შევაჯამო.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბაზალტით ქალაქ ბოლნისში 500 ბოლნელის, ანზორ ოჩხიკიძისა და სოხუმის ქუჩები მოიკირწყლა. ქვაფენილი ასევე სიონისა და აკაკი წერეთლის ქუჩების 2 მონაკვეთზე დაიგო. საერთო ჯამში, 2023 წელს, ქალაქში 1,442 გრძივი მეტრი მოცულობის ქვაფენილის გზა მოვაწყეთ.

ასფალტის საფარი გაკეთდა ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, წმინდა ნინოსა და სოხუმის ქუჩის ერთ მონაკვეთზე. 2023 წელს დასრულდა დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 11 კორპუსის შიდა ეზოს მოასფალტების სამუშაოებიც. აღსანიშნავია, რომ წელს ასფალტბეტონის გზა მოეწყო სოფელ სავანეთში. საერთო ჯამში მიმდინარე წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 1229 გრძივი მეტრი ასფალტის გზა გაკეთდა.

მიმდინარე წელს, ისტორიულ სოფელ ტანძიაში შიდა გზის ბეტონის საფარისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ქალაქ ბოლნისში ასევე დავით აღმაშენებლისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებზე  გარე განათების ქსელიც განახლდა.

პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა თანამედროვე ენერგოეფექტური ნათურები. ინფრასტრუქტურული სამუშაოების  ღირებულებამ კი 1 358 572 ლარი შეადგინა.

სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე სოფლების, 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, წელს 63 650 000 ლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს.

სამუშაოები მოიცავს: ქალაქ ბოლნისისა და დაბა კაზრეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებას,  „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციასა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობას, სოფელ ტალავერის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროექტირება – მშენებლობის სამუშაოებს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დაბა კაზრეთსა და დაბა თამარისში, 2023 წელს  810 640  ლარის ღირებულების 43 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. პროექტების ძირითადი მიმართულება წყლის სისტემების, საგზაო ინფრასტრუქტურის, გარე განათების, სპორტული სივრცისა და სკვერების მოწყობას მოიცავდა. 

სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები

ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოციალური პროგრამებით უდავოდ გამოირჩევა, რასაც დარგის სპეციალისტების შეფასებაც ადასტურებს. ადგილობრივი ხელისუფლების მიზანია,  მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის მათზე მორგებული სერვისები შეიმუშაოს. 2023 წელს, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის ჯამში 4 015 241 ლარი დაიხარჯა, დახმარება კი 5 488 ბენეფიციარს გაეწია.

ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით  122-მა ქრონიკული დაავადების მქონე   ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 156 000  ლარი გამოიყო.  363 შშმ პირის დახმარებას 530 920 ლარი მოხმარდა, სოციალურად დაუცველ 1 წლამდე ბავშვის ყოველთვიური კვების უზრუნველყოფისთვის კი 30 000 ლარი დაიხარჯა. ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამით ისარგებლა 16 ოჯახმა, რისთვისაც დაიხარჯა 39 300 ლარი.

2023 წელს, სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის სეზონზე მატერიალური დახმარებით მერიამ 565 ბენეფიციარი უზრუნველყო, რისთვისაც 113 000 ლარი დაიხარჯა. ბინის ქირის გადასახადი 2023 წელს 24 ბენეფიციარს გადავუხადეთ, რამაც ჯამში  49 450  ლარი შეადგინა. სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები  38 ოჯახისთვის კომუნალური გადასახადით უზრუნველყოფას კი 34 381 ლარი მოხმარდა.

სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამით, 2023 წელს  2760-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 700 000  ლარი დაიხარჯა. ომის ვეტერანთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობისათვის, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ და დაკარგულთა ოჯახების  მატერიალურ დახმარებას 23 500 ლარი მოხმარდა.

ერთჯერადი მატერიალური დახმარებით კი 1322 ბენეფიციარმა ისარგებლა. ამ პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს,  311 550 ლარი დავხარჯეთ. 2023 წელს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას  971 000 ლარი მოხმარდა.

აღსანიშნავია, რომ წელს ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში,რომელსაც CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს,  შეიქმნა მრავალაქტორული სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ექსპერტების ჩართულობით, შეიმუშავა  16-29  წლამდე  ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა. 

პროექტი ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას, ახალგაზრდების თვითრეალიზაციას ისახავს მიზნად და 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში პროგრამისთვის 100 000 ლარია განსაზღვრული.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დაზიანებული სახურავების შეცვლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად სოციალურად დაუცველ  და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სახლის დაზიანებულ სახურავებს უცვლის. მიმდინარე წელს ამ პროგრამით,   54-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ისარგებლა. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლის სახურავების შეცვლის სამუშაოებისთვის 2023 წელს მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 048 621 ლარი გამოყო. აღსანიშნავია, რომ  2016-2023 წლებში, საერთო ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დაზიანებული სახლის სახურავები სოციალურად დაუცველ 368 ოჯახს შეუცვალა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 349 031  ლარი დაიხარჯა.

მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენა განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს 4 ერთეული „ისუზუს“ ფირმის ავტობუსი გადმოეცა. 3 ავტობუსი სოფელ რატევნის, ქალაქი ბოლნისისა და სოფელ რაჭისუბნის მიმართულებით იმოძრავებს, ერთი მათგანი კი ბოლნისი-დაბა კაზრეთისა და სოფელი ბალიჭის ხაზს მოემსახურება. პრემიერ-მინისტრს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის დიდ მადლობას ვუხდი.

განათლების ხელშეწყობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, 2023 წელს ქალაქ ბოლნისში, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყო. სამსართულიანი სასწავლებელი 150 სტუდენტზეა გათვლილი. კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, ადმინისტრაციული სივრცე, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები. შენობა აღჭურვილი იქნება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მოეწყობა პანდუსები, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები, სასწავლებლის ეზოში განთავსდება ღია სპორტული მოედანი, გამწვანებული რეკრეაციული ზონა, ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო სივრცე და ავტოსადგომი.

სასწავლებელი მსურველებს, პირველ ეტაპზე, რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ, მოკლევადიან და საკვალიფიკაციო პროფესიულ- საგანმანათლებლო პროგრამებს შესთავაზებს.

მიმდინარე წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული, სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისის N3 და სოფელ ჭაპალას საჯარო სკოლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, რემონტდება სკოლების სახურავი და ფასადი, რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, სველი წერტილები. სკოლებში ეწყობა კომპიუტერული ქსელი, სახანძრო, სიგნალიზაციის, წყალარინებისა და ელექტროგაყვანილობის ახალი სისტემა. იცვლება კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სკოლებში, სასწავლო სივრცის პარალელურად, იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი და ექიმის კაბინეტი.

სკოლები ადაპტირებული გახდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, მოეწყობა ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი წარჩინებული სტუდენტებისთვის ყოველთვიურად გასცემს ფულად წახალისებას. 2023  წლის პირველ სემესტრში ფულადი წახალისება 71-მა სტუდენტმა მიიღო, მეორე სემესტრში კი 64 წარჩინებული სტუდენტი დაფინანსდა. 2023 წელს, წარჩინებული სტუდენტების ყოველთვიური ფულადი წახალისებისთვის ჯამში 48 750 ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ მოწყვლადი კატეგორიის 185 სტუდენტის ყოველთვიურ დაფინანსებას წელს 79 000 ლარი მოხმარდა.

სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული და დამტკიცებული სამთავრობო პროგრამით, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ჩვენს მუნიციპალიტეტში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და უკვე არსებულის რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდება. ახალი საბავშვო ბაღი დაბა კაზრეთში, სოფლებში: მამხუტი,  ნახიდური, ტალავერი, რაჭისუბანსა და დარბაზში აშენდება. უკვე არსებულ საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ სოფლებში: ქვემო ბოლნისი, ტანძია და ქვეში.

აღსანიშნავია, რომ დაბა კაზრეთის, ტანძიის, მამხუტის, ქვემო ბოლნისის ბაღების პროექტირება  უკვე დასრულების ეტაპზეა და მომავალი წლიდან სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება იგეგმება.

ტურიზმის ხელშეწყობა

ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაა, ამიტომ ჩვენ წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნისთვის არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული.

2023 წელს დასრულდა ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პოპულარულ ლოკაციაზე ქვეშის ციხესთან საპიკნიკეების მოწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 147 438 ლარი შეადგინა.

ქალაქი ბოლნისის იერსახის გალამაზებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით,  პროექტის „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში, თამაზ სტეფანიას,  ფარნავაზ მეფისა და წისქვილის ქუჩებზე ენერგოეფექტური სკამები გაკეთდა, ხოლო სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე  ენერგოეფექტური გაჩერება მოეწყო.

ენერგოეფექტურ სკამებსა და გაჩერებაზე მოქალაქეებს უფასო ინტერნეტით სარგებლობა შეუძლიათ. სკამებზე  ასევე ტემპერატურისა და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელია განთავსებული.

სკამებსა და გაჩერებებზე, ლოკაციების მიხედვით, ნებისმიერ მსურველს, QR კოდების მეშვეობით, მუნიციპალიტეტის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის მიღება შეუძლია. აღნიშნულ ინფრასტრუქტურაზე ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის რუკაცაა განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ  ევროკავშირისა  და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისის ისტორიულ უბანში ასევე მოეწყო ენერგოეფექტური გარე განათება, მერაბ კოსტავასა და წისქვილის ქუჩებზე კი მუხის მარადმწვანე  ნერგები დაირგო.

წელს ძველ გერმანულ უბანში, გაიხსნა ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომელიც ექსკლუზიურად ბოლნისური ღვინის სადეგუსტაციო სივრცეა. საუკუნოვანი გერმანული სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია კომპანია „არემჯის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით, ასევე „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის“ ჩართულობით განხორციელდა. კომპანია „არემჯის“ ჩვენი მეღვინეების მხარდაჭერისა და ბოლნისის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დიდ მადლობას ვუხდი.

სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა

2023 წელს „აგროცენტრის“ შენობის გაფართოების სამუშაოები დავიწყეთ. ევროკავშირის გრანტისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ახალ სივრცეში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია განთავსდება.

ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ქალაქ ბოლნისში ძველ გერმანულ უბანში, ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი- სლოგანით „ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ მოეწყო.

 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი საქართველოში პირველად გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ჯამში 70-მდე მეღვინეობამ მიიღო. ფესტივალში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყო წარმოდგენილი.

ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყო დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი, რომელსაც, როგორც ადგილობრივი, ასევე  ღვინის ამერიკელი  ექსპერტებისა და სომელიეებისგან დაკომპლექტებული ჟიური ჰყავდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი

2023 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შედეგების მიხედვით, ბოლნისი 43%-ით ქვემო ქართლის ლიდერი მუნიციპალიტეტი გახდა, 64 მუნიციპალიტეტს შორის კი მე-15 ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ბოლნისის  შედეგი – 13% იყო და რეიტინგში 55-ე ადგილს ვიკავებდით.

აღსანიშნავია, რომ  სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელების, შეტყობინებებზე პასუხის გაცემისა და უკუკავშირის ხარისხის მიხედვით, აქ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას 100% აქვს.

მოგეხსენებათ, რომ ინდექსი წარმოადგენს საქართველოს მუნიციპალიტეტების შეფასების ინსტრუმენტს, რომელიც განსაზღვრული კრიტერიუმებით აფასებს მუნიციპალიტეტში ღიაობისა და გამჭვირვალობის, საჯარო ინფორმაციის, პროაქტიული გამოქვეყნების, ელექტრონული მმართველობის, მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს.

მოხარული და ამაყი ვარ, რომ ჩვენ შევძელით ინდექსის გაუმჯობესება და რეგიონის ლიდერები გავხდით.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის ჯილდო

24-26 აგვისტოს სასტუმრო ,,რუმს ყაზბეგში“  საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის XIV ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ ორ ნომინაციაში დააჯილდოვა.

ჩვენი  მუნიციპალიტეტის მერიას ორი პრიზი გადაეცა:  წლიური ბიუჯეტის საუკეთესო შესრულებისთვის და  ლიდერობა და მართვა საქართველოს თვითმმართველობის ორგანოებში.

მწვანე გარემოს შექმნა

ადგილობრივი თვითმმართველობისთვის პრიორიტეტულია მწვანე გარემოს შექმნა. ამ მიმართულებით ჩვენ გამწვანების აქციებს ყოველწლიურად  ვუწევთ ორგანიზებას.  2023 წელს ქალაქ ბოლნისში, რამდენიმე ლოკაციაზე, სხვადასხვა ჯიშის ხე მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა დარგო. გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ქალაქში ხე-მცენარეების სიმრავლე, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად, ძალზედ მნიშვნელოვანია. ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე  ჯამში 8 სახეობის 300 ძირი  ხე-მცენარე დაირგო.

სპორტის ხელშეწყობა

2023 წელს ქალაქ ბოლნისში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა.ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყობა 250 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. პირველი დარბაზი დაეთმობა: კალათბურთის, ფრენბურთისა და ხელბურთის სივრცეებს.მეორე დარბაზი დაეთმობა: კრივის, ჭიდაობის, კარატისა და სხვა სპორტული აქტივობების სივრცეებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, შენობა აღიჭურვება გათბობა-ვენტილაციის თანამედროვე სისტემით, სპორტკომპლექსი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კეთილმოეწყობა კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია. ინფრასტრუქტურული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 2 500 000 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ წელს სოფელ ცურტავში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სტადიონი გავაკეთეთ, რომლის სამუშაოებზე 238 999 ლარი გამოიყო.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ჩვენს სპორტსმენებს გვერდში დაუდგეს და მათ მხარი დაუჭიროს.

2023  წელს სპორტსმენების ფულადი წახალისებისთვის 122 300 ლარი დაიხარჯა, სპორტსმენთათვის ერთჯერადმა ფულადმა ჯილდომ 45 600 ლარი,  ყოველთვიურმა ფულადმა წახალისებამ კი 76700 ლარი შეადგინა. ამ პროგრამით 2023 წელს ჯამში 78-მა სპორტსმენმა ისარგებლა.

მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტი, წინა წლის ბიუჯეტთან მიმართებით, 3 260 000 ლარით გაიზარდა და 41 400 000  ლარი შეადგინა. 2024 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურადაა ასახული მოქალაქეების ინტერესები და საჭიროებები.  ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის  სოციალური პროგრამები პრიორიტეტულია, ამიტომ ამ მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტი 1 508 260 ლარით გაიზარდა და 6 311 400 ლარი შეადგინა. 2024 წელს, მუნიციპალიტეტში, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რისთვისაც 6 139 100 ლარი გამოიყო. ვიმედოვნებ, რომ 2024 წელი  ბოლნისისთვის არაერთი წარმატების მომტანი იქნება, ჩვენ კი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები