ქალთა საინფორმაციო ცენტრის წევრებმა, საქართველოში დანიის სრულუფლებიან ელჩთან და დანიურ ორგანიზაცია KVINFO-ს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა ბოლნისში, სამიზნე ჯგუფებთან გამართეს. სტუმრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა და გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილების უფროსმა ნინო კარგარეთელმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გენდერის კუთხით განხორციელებული პრაქტიკები. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ხაზი გაესვა გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის მნიშვნელობას, განხორციელებულ და დაგეგმილ ინტერვენციებს. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს გენდერულ საკითხებზე, 2017 წლიდან ფუნქციონირებს გენდერული თანასწორობის საბჭო, დამტკიცებულია სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, გენდერული პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით კი 2020 წელს შეიქმნა გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილება, რომელიც ახორციელებს გენდერული თანასწორობის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკას, ასრულებს სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს გენდერული სტატისტიკის წარმოებას.
შეხვედრას,რომელიც კულტურის ცენტრში გაიმართა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, პოლიტიკოსი ქალები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. პროექტს „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელებაში”, რომლის ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტი ბოლნისია, დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს ქალთა საინფორმაციო ცენტრი.
შეხვედრის დასასრულს, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, კულტურის ცენტრის დირექტორმა სოსო კოპალეიშვილმა სტუმრებს ბოლნისის ისტორიული წარსულის უკეთ გაცნობის მიზნით გამოფენილი მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი სურათების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.