ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

0
131

ქალაქ მარნეულში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასა და ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა.

მემორანდუმს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანმა და პროგრამის ხელმძღვანელმა კევინ მაკლოკლინმა მოაწერეს.

ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, USAID საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კორინ როტბლუმი ესწრებოდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

„მოხარული ვარ, რომ ბოლნისი საქართველოს მასშტაბით, 11 მუნიციპალიტეტს შორის მოხვდა, სადაც USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა განხორციელდება. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ამერიკელ ხალხს დიდი მადლობას ვუხდი ამ შესაძლებლობისთვის, აშშ-ის როლი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და გაძლიერების პროცესში უმნიშვნელოვანესია და ეს დღევანდელმა მემორანდუმის გაფორმებამაც დაადასტურა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის დაუჭერს მხარს მსგავს პროგრამებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობების, დეცენტრალიზაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებთ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებას“ – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 

 

წინა სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
შემდეგი სტატიაგოგი მეშველიანი მოსწავლეებს შეხვდა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ