ბოლნისის მუნიციპალიტეტში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძეს შეხვდა.
აშოტ სმბატიანი ქალაქ ბოლნისში არსებულ სომხურ სკოლას ეწვია. ელჩმა შეხვედრები კიანეთისა და სოფელი ბოლნისის მოსახლეობასთანაც გამართა. ვიზიტის დასასრულს ელჩმა სომეხი მწერლის ღაზაროს აღაიანის სახლ-მუზეუმი დაათვალიერა.
„დღეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ აშოტ სმბატიანს ვუმასპინძლეთ. სომხეთი საქართველოს მოძმე სახელმწიფოა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცება. მოხარული ვიქნები თუ ჩვენ სხვადასხვა სფეროში ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ, რომლებიც ვფიქრობ, ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას ხელს უდავოდ შეუწყობს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.