საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბოლნისის ეპარქიის სადროშომ ადმინისტრაციული სტრუქტურა შეიმუშავა და სრულიად ეპარქიის მმართველობითი ორგანო ჩამოაყალიბა, რომლის პრეზენტაცია რეგულაციების დაცვით, საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში შედგა. სადროშოს ფუნქციონირება სხვა მასშტაბს შეიძენს, რადგან ადმინისტრაციული მმართველი რგოლის სტრუქტურამ გამართული და სრულყოფილი სახე მიიღო, რომელიც შემდეგნაირად დაკომპლექტდა: ეპარქიის სადროშოს მეთაური – ოთხი მოადგილე, 14 – სამსახური, კონკრეტული სამსახურის ხელმძღვანელი ორი თანაშემწით, აგრეთვე ეპარქიის ადმინისტრაციული ერთეულების სადროშოები 11 – ქართულ დასახლებაში (ერთი ქალაქი, ორი დაბა და რვა სოფელი). ახალი შემადგენლობით დაკომპლექტებული ორგანო, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა დალოცა და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
„ეს იყო ქართული სულის ზეიმი“, ასე შეაფასა დამსწრე საზოგადოებამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჩოხოსანთა სადროშოს დაფუძნების შთამბეჭდავი ცერემონია, რომელიც 2016 წლის 16 ივნისს ბოლნისის კულტურის სახლში გაიმართა, მაგრამ მისი მოღვაწეობა დღემდე სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა, ის სულ რაღაც ოთხი მოხალისის საშუალებით აგრძელებდა ფუნქციონირებას, მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა სრულიად საქართველოს მასშტაბით განხორციელებულ პროექტებში რამდენჯერმე ჩართულიყო, ჩოხოსანთა სადროშოს ორგანიზებით ბოლნისი არაერთხელ შეუერთდა საყოველთაო ჯვრისწერის აქციას, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას და სხვადასხვა შინაარსის საქველმოქმედო აქციას, თუმცა როგორც სადროშოს მეთაური ამბობს ამიერიდან სადროშოს ფუნქციონირება სხვა მასშტაბს შეიძენს.
,,ერთ თვიანი უზარმაზარი სამუშაო იქნა ჩატარებული იმისათვის, რომ ჯერ შექმნილიყო სტრუქტურის იერარქიული სქემა და ამ სქემის მიხედვით შერჩეული ყოფილიყვნენ სანდო, საიმედო, კვალიფიციური, საუკეთესო რეპუტაციისა და საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანები შესაბამის პოზიციებზე წარსადგენად, რომლებიც ჩაიბარებენ მეტად საპასუხისმგებლო სამსახურებს და მოხალისეობრივი სულისკვეთებით ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში. ეს იყო ისტორიული დღე, რომელსაც ღრმად თუ დავაკვირდებით სჭირდებოდა ერისაგან და ბერისაგან გააზრებულად მოპყრობა, რადგან ერთია რომ ეს ადამიანები ხდებოდნენ ეროვნული ღირსების საუკეთესო სიმბოლოდ აღიარებული სტატუსის – სახელად „ჩოხოსანი“ მატარებლები და მეორეა, იქნებიან ჩოხოსანთა სადროშოს მესაჭენი, რომლებმაც უნდა იტვირთონ წინამძღოლობა ამ მეტად მამულიშვილური საქმისა, რომლის სათავეში დგას და წინამძღვრობს ერის სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილიაII. სწორედ ამიტომ, შერჩეული კანდიდატები წარუდგინეთ მის ყოვლადმაღალუსამღვდელოესობას – ბოლნელ მთავარეპისკოპოსს ეფრემს, რომელმაც მოიწონა მათი მხრიდან ჩართულობის სურვილი მსგავს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში, უსურვა მათ წარმატებები და დალოცა ეპარქიის სადროშოს ახალი და დიდად გაზრდილი სტრუქტურა, გამოთქვა იმედი ჩვენი სადროშოს შემდგომში აქტიური და შინაარსიანი მოღვაწეობისათვის. დღეისათვის ბოლნისის ეპარქიის სადროშოში 90 – მდე ადამიანით დაკომპლექტებული გუნდი შეიკრა ერთ მუშტად, რომელებიც 30 იანვარს დისტანციურად ჩაერთვებიან რეგიონალურ თათბირს, სადაც ქვემო ქართლის ჩოხოსნთა სადროშოს რეგიონალური თავმჯდომარე ბატონი ლევან პაიჭაძე და სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადების თავმჯდომარის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილი გაეცნობიან წარდგენილ კანდიდატურებს, მათ 1 თებერვლიდან ოფიციალურად დაამტკიცებენ ამ მეტად მნიშვნელოვან სამსახურში ქართული ეროვნული საქმის გაძღოლისათვის, ხოლო თებერვლის ბოლოს ჩვენი ეპარქიის სოფლებსა და დაბებში სადროშოების ჩამოყალიბების პროცესის დასრულებისთანავე სრულიად ეპარქიის სადროშოს ადმინისტრაციული რგოლი 500 კაცამდე გაიზრდება. ჩვენი გეგმებიდან უახლოესი ამოცანა კი ისაა, რომ რაც შეიძლება მალე წავრდგეთ სრულიად საქართველოს წინაშე სახელწოდებით: „500 თავდადებული ბოლნელის სახელობის ბოლნისის ეპარქიის ჩოხოსანთა სადროშო – პატრიარქის მხედრობა“,- აღნიშნა სადროშოს მეთაურმა კობა ჟღენტმა.
გაზეთი ,,ბოლნისი”, ბოლნისის ეპარქიის სადროშოს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ეტაპობრივად მოგაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას…
მაგდა დევნოზაშვილი