18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუზეუმში გაიმართა მედიათეკის და გამოფენის პრეზენტაცია სახელწოდებით „საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრები”, რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, გოეთეს ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი და სხვა მნიშვნელოვანი პირები ესწრებოდნენ.აღსანიშნავია, რომ გოეთეს ინსტიტუტმა, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ბოლნისის მუზეუმში მედიათეკა პირველად გახსნა, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მყუდრო სამუშაო გარემოს, სივრცეს საქმიანი და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის. მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე კი XIX-XX საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრების გამოფენას მასპინძლობს. რომელიც ერთმანეთისგან სტილური თუ თემატური თვალსაზრისით სრულიად გამორჩეულ ნიმუშებს აერთიანებს. კოლექცია არა მარტო მხატვრული, არამედ ისტორიული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ სურათების უმეტესი ნაწილი იმდროინდელი კავკასიისა თუ საქართველოს სინამდვილეს ასახავს