სოფელ ნახიდურის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა ცენტრის ბენეფიციარებმა და მომღერალმა შაბან მამედოვმა მიიღო.
ღონისძიებას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მირიანაშვილი ესწრებოდნენ. „ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! მათ უნდა ჰქონდეთ მშვიდი,ლაღი, ბედნიერი და ღიმილიანი ცხოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო სოფელ ნახიდურის სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელს გოჩა ვარდოსანიძეს და მის გუნდს გაწეული შრომისთვის. ისინი ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენს ბავშვებზე და ამზადებენ მათ საზოგადოებაში ადაპტაციისთვის.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა
„გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ცენტრის თითოეულ ბენეფიციარს მსურს ბედნიერი ცხოვრება გისურვოთ. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინკლუზიური გარემოს შექმნაა, სადაც ჩვენს მოქალაქეებს თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ. ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია და ამ მიზნის მიღწევისთვის ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ადგილობრივი თვითმმართველობა შშმ და სსსმ პირებს, განსაკუთრებით ბავშვებს, ყოველთვის დავუდგებით გვერდში და ვეცდებით თქვენი საცხოვრებელი პირობები შეძლებისდაგვარად გავაუმჯობესოთ“, – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.