ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „არემჯიმ“ (რიჩ მეტალს გრუპი) კაზრეთის ცენტრალურ პარკში საბავშვო-გასართობი ღონისძიება მოაწყო. ღონისძიება შემოქმედებითი და სპორტული აქტივობებით იყო დატვირთული და ემსახურებოდა სხვადასხვა სახალისო თამაშებით ბავშვების ერთმანეთთან სოციალიზაციასა და მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. დაბის კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების ღონისძიება. გაიმართა ჭადრაკის, ფეხბურთის, მკლავჭიდისა და ჭიდაობის შეჯიბრებები, რომლებიც სიმბოლური დაჯილდოების ცერემონიებით დასრულდა. პატარებს და უფროს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სპეციალური საგამოფენო სივრცე, გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები ანიმატორებთან და პოპულარულ ზღაპრის გმირებთან ერთად.
ღონისძიების ძირითად ნაწილში ის ადგილობრივი წრეები ჩაერთნენ, რომლებიც დაბა კაზრეთსა და ბოლნისის რაიონში ახალგაზრდებისა და ბავშვების კულტურულ და სპორტულ განვითარებაზე მუშაობენ. ცეკვის, სამხატვრო თუ სპორტის სხვადასხვა სახეობების გამართული ფუნქციონირების მიზნით, აღნიშნულ წრეებს კომპანია მთელი წლის განმავლობაში უწევს მხარდაჭერას.
ჟრიამული კულტურისა და დასვენების პარკში მთელი დღის განმავლობაში ისმოდა.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საღამოს მუსიკალურმა ბენდმა „იუნითიმ“ საზეიმო კონცერტით დახურა.