2024 წლის ივნისში კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანანო ავქოფაშვილმა მონაწილეობა მიიღო Erasmus+ პროექტში „ჯანმრთელი ცხოვრების წესი”. პროექტი მიმდინარეობდა რუმინეთში, ქალაქ სიბიუში. თანატოლებთან ერთად, ფინეთიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან, ანანომ ერთი კვირა გაატარა სხვადასხვა საინტერესო აქტივობებსა და დისკუსიებში, რომლებიც მიზნად ისახავდა ცხოვრების ჯანსაღი ჩვევების პოპულარიზაციას. პროექტი ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და ხაზს უსვამს დაბალანსებული და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას.
ამ ინტერვიუში ანანო გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას Erasmus+ პროექტის შესახებ. ის გვიამბობს იმ აქტივობებზე, რომლებშიც მონაწილეობდა, გამოწვევებზე, რომლებსაც წააწყდა პროექტის მსვლელობისას და ღირებულ გაკვეთილებზე, რომლებიც მიიღო პროექტში მონაწილეობით. ჩვენი რესპოდენტის გამოცდილების გაზიარება, ნათელს ჰფენს საერთაშორისო პროექტების მნიშვნელოვან გავლენას მოსწავლეების პიროვნულ განვითარებასა და კეთილდღეობაზე.
- ანანო, მოგესალმებით. გაგვაცანით საკუთარი თავი და გვიამბეთ ცოტა თქვენ შესახებ?
- სალამი, მე ანანო ავქოფაშვილი ვარ, 16 წლის, დაბა კაზრეთიდან. ბოლო ორი წელია, ფორმალურ განათლებასთან ერთად, აქტიურად ვარ ჩართული არაფორმალურშიც, სადაც უამრავი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ განვვითარდე და ახალი ცოდნა შევიძინო. მრავალ სასკოლო პროექტთან ერთად, მონაწილეობას ვიღებ საერთაშორისო პროექტებშიც. მათ შორისაა FLEX პროგრამა (Future Leaders Exchange Program), სადაც გავხდი ფინალისტი და 1 აკადემიური წლით მივემგზავრები ამერიკაში.
- როგორც ვიცით, ჩართული ხართ Erasmus + –ის პროექტებშიც. საიდან შეიტყვეთ პირველად პროექტის ,,Healthy Lifestyle”–ის (,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“) შესახებ?
- რაც შეეხება ჩემს Erasmus + გამოცდილებას, არასამთავრობო ორგანიზაცია “Youth Centre of Georgia” ერთ – ერთი საუკეთესოა გაცვლით პროგრამებსა და გრძელვადიან მოხალისეობრივ პროექტებში. არ შემიძლია არ აღვნიშნო მათი პროფესიონალიზმი, დიდი პასუხისმგებლობა და განსაკუთრებული ლიდერები, რაც Erasmus + ნაწილში უმნიშვნელოვანესია.
- რამ განაპირობა მონაწილეობის სურვილი და როგორი იყო პროექტში მოხვედრის ეტაპები?
- 2023 წლის ოქტომბერში დაიდო YCG-ს Facebook გვერდზე გაცვლითი პროექტი “Healthy Lifestyle”, რომელიც 3 ეტაპიანი იყო. პირველი ეტაპი ქობულეთი, მეორე ფინეთი (ლაპლანდია), მესამე კი – რუმინეთი. რადგანაც ამ დროისთვის მე მონაწილეობა მქონდა მიღებული ერთ – ერთ ერასმუს პროექტში და ვიცოდი, რომ საუკეთესო გამოცდილება იყო ჩემთვის, არც ამ პროექტისთვის დამიზოგავს თავი და უდიდესი დრო მოვანდომე აპლიკაციის დასრულებას. დიდი ნერვიულობის შემდეგ მივიღე ზარი, რომელიც მამცნობდა, რომ ამ პროექტზე შემარჩიეს. შეუძლებელია ეს სიხარული სიტყვებით გაგიზიაროთ.
- რა გადაგხდათ თავს, რა იყო თქვენთვის ახალი და განსაკუთრებული სიბიუში, რუმინეთში მოგზაურობისას?
- ამ ყველაფრის შემდგომ იყო ორი ეტაპი ქობულეთსა და ფინეთში, სადაც ერთმანეთი ძალიან კარგად გავიცანით, დავუახლოვდით, უამრავი ახალი რამ ვისწავლეთ ერთმანეთის კულტურის შესახებ, გავიუმჯობესეთ ინგლისური ენის დონე და ა.შ. რუმინეთის პროექტი კი იყო საუკეთესო გაცვლითი კვირა ჩემს ცხოვრებაში, სადაც უკვე კარგი მეგობრები, განსაკუთრებული კულტურული საღამოები და ულამაზესი ადგილები ვიხილეთ. ამ პროექტში, რაც შემიძლია, რომ გამოვყო არის შემდეგი: რადგანაც წინა ნაწილებში ყველა ქვეყანას ჩატარებული გვქონდა კულტურული საღამოები, გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთის კულტურა უნდა წარგვედგინა. საქართველოს პოლონეთის წარდგენა ხვდა წილად. ეს იყო შეუდარებელი გამოცდილება, რადგანაც ვისწავლეთ მათი სიმღერები, ცეკვები, საინტერესო ფაქტები და სხვა.
- შეგიძლიათ აღწეროთ ერთი ჩვეულებრივი დღე პროექტის განმავლობაში, რა აქტივობებში იღებდით მონაწილეობას, როგორი იყო თქვენი დღის წესრიგი?
- Erasmus + ყოველი დღე არის ახალი გამოცდილება, ახლის სწავლა და გართობა. დილის ნაწილი ძირითადად დატვირთულია საინტერესო აქტივობებითა და სესიებით, ხოლო საღამო – გარე გასართობი აქტივობებითა და საინტერესო ადგილების დათვალიერებით. (ჩვენი პროექტი იყო განსაკუთრებული, რადგან ამ სამი პროექტის განმავლობაში შესაძლებლობა გვქონდა გვენახა ზღვა, ჩრდილოეთის ნათება, სანტას სახლი – ლაპლანდიაში და დრაკულას სასახლე – ტრანსილვანიაში.)
- როგორ ურთიერთობდით სხვა მონაწილეებთან საქართველოდან, ფინეთიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან?
- რაც შეეხება მონაწილეებს, ჩვენი ჯგუფის ურთიერთობა ერთმანეთთან, არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას ერთიანი, მეგობრული და მოსიყვარულე ჯგუფი უახლოეს პერიოდში. უცხოელები კი ძალიან საინტერესო და მხიარული ხალხი არიან, რის გამოც უამრავი კარგი მეგობარი მყავს ევროპის ბევრ ქვეყანაში, რომლებსაც იქ ჩასვლის შემთხვევაში, აუცილებლად ვნახავ.
- დღევანდელი გადმოსახედიდან, რა ახალი უნარები, ცოდნა მიიღეთ, ან გააუმჯობესეთ ამ პროექტში მონაწილეობით?
- პროექტებში მონაწილეობით ფაქტია, რომ ვითარდები. ამ დროის განმავლობაში, გავხდი გაცილებით თავდაჯერებული, დამოუკიდებელი, ვისწავლე დროის მენეჯმენტი და რაც მთავარია – ავიხდინე ევროპაში მოგზაურობის ოცნება. ყველაფერ ამასთან ერთად, უამრავი ახალი რამ გავიგე ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, ვისწავლე როგორ ვიყო მუდმივად აქტიური და არასდროს გავჩერდე!
- რა გაიგეთ ახალი სხვა მონაწილე ქვეყნების კულტურაზე და რა გაუზიარეთ მათ ჩვენი ქვეყნის შესახებ?
- სამი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი რამის გაზიარება მოვახერხეთ უცხოელებისთვის, მათ შორის: ცეკვების, სიმღერების, ტრადიციული საკვების, თამაშების და ა.შ. აღსანიშნია ისიც, რომ ძალიან მოწონდათ ქართული კულტურა.
ფინეთის, პოლონეთისა და რუმინეთის შესახებ კი უამრავი საინტერესო ფაქტები გავიგეთ, ვისწავლეთ მათი სიმღერები, ცეკვები და მოვინახულეთ ცნობილი ადგილებიც.
- როგორ გეგმავთ გამოიყენოთ ის, რაც ამ პროექტიდან ისწავლეთ?
- პირველ რიგში, ჩემი მიზანია ყველას დავეხმარო და მივცე მითითება ასეთ პროექტებში აპლიკაციების გაგზავნისას, იმიტომ, რომ ვიცი მნიშვნელოვანია აზრის მოსმენა იმ ადამიანისგან, ვინც უკვე გაიარა ეს ყველაფერი. გარდა ამისა, ჩემს გამოცდილებას მიემატა ისიც, რომ უამრავი ახალი რამ გავიგე ჯანსაღი ცხოვრების წესზე და სპორტით დატვირთულ ცხოვრებაზე, რის გაზიარებასაც ჩემს დაბაში აუცილებლად ვაპირებ. ყველაფერთან ერთად კი, ამ მოგონებების გაზიარებას ამერიკელებთანაც ვგეგმავ.
- ურჩევდით ამ პროგრამას სხვა სტუდენტებს?
- აუცილებლად! ეს არის პროგრამა, რომელიც ადამიანმა უნდა გამოცადოს თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც. თავისი გართობით, მოგზაურობით, ახალი ხალხის გაცნობით, კულტურის გაზიარებითა და საუკეთესო დროის ტარებით, ყოველი ახალი Erasmus+ პროექტი გამორჩეული და განსაკუთრებულია.
- რა შეგიძლიათ ურჩიოთ სხვა მოსწავლეებს, რომლებიც გეგმავენ მსგავს პროექტებში მონაწილეობას?
- ყველას შემიძლია ვუთხრა, ასეთ პროექტებში მონაწილეობისას, რომ აუცილებელია ვიყოთ საკუთარი თავის რეალური ვერსია, წარმოვაჩინოთ თავი ისეთად, როგორიც ვართ. არაფერია შეუძლებელი, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც ამის დიდი სურვილი გვაქვს! არასოდეს არ უნდა გავჩერდეთ და ვისწრაფოთ დასახული მიზნისკენ.
- და ბოლოს, რა არის თქვენი ძირითადი მიზნები და ინტერესები, როგორც აკადემიურად (განათლებაში), ასევე პიროვნულად, რისკენ მიისწრაფვის ანანო ავქოფაშვილი?
- მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული, რა მიმართულებით გავაგრძელებ სწავლას, მგონია რომ ამერიკაში გატარებული ერთი წელიწადი ძალიან დიდ როლს ითამაშებს ჩემი მომავლის ჩამოყალიბებაში, რის შემდეგაც უფრო კონკრეტულად გადავწყვეტ, რას მინდა მომავალი დავუკავშირო. ჩემს აკადემიურ ცხოვრებასთან და სტუდენტობასთან ერთად, ყოველთვის მინდა მქონდეს საშუალება მივიღო მონაწილეობა ისეთ პროგრამებში, როგორიცაა Erasmus + ან თუნდაც მივიღო ლიდერობის გამოცდილება. ყოველთვის მყავდეს გვედით საყვარელი ადამიანები, რომელთან ერთადაც ნებისმიერი რაიმეს კეთება გამიხარდება და დამრჩეს უამრავი მოგონებები მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე!
გმადლობთ, ანანო, რომ გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და შეხედულებები!
მარიამ ონიანი