არემჯის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე ინოვაციური სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნება.
2021-2022 სასწავლო წლიდან, არემჯის ტექნოლოგიების ცენტრი შექმნის კომპიუტერული მხარდაჭერის პროგრამების შემსწავლელ სრულიად ახალ პლატფორმას: სამთო და გეოინჟინერიის, გეოლოგიის, საინჟინრო გეოდეზიის, საინჟინრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის.
სამთო-გეოლოგიურ ტექნოლოგიების ცენტრში სტუდენტებს დახვდებათ ახალი, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი მულტიფუნქციური სივრცე. აქ ეტაპობრივად დაინერგება ისეთი თანამედროვე კომპიუტერული პროგრამები, როგორიც არის AutoCAD, Surpac, ArcGis, Riscan Pro, Datamine, Leapfrog, Agisoft, 3D Reshaper, Leica Geo Office, Global Mapper და სხვა.
ცენტრი ბაკალავრის საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს მისცემს საშუალებას მაღალ ტექნოლოგიურ ბაზაზე იმუშაონ საკურსო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებზე, ასევე მძლავრი პროგრამული მხარდაჭერის ბაზით ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებში, ვორკშოფებში, სემინარებსა და ვებინარებში.
,,სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მისულ სტუდენტებს სასიამოვნო სიახლე დახვდებათ. ეს არის ახლად მოწყობილი, თანამედროვე სხვადასხვა საჭირო ტექნიკით აღჭურვილი სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი. აღნიშნულ სივრცეში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ თანამედროვე სამთო და გეოლოგიური პროგრამები. მსგავსი პროგრამების მცოდნე სპეციალისტებზე, დიდი მოთხოვნაა როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად მაღალია მათი ანაზღაურებაც. ჩვენ ვაძლევთ სტუდენტებს საშუალებას შეისწავლონ პერსპექტიული პროფესიები და დასაქმდნენ ჩვენს კომპანიებში წამყვან პოზიციებზე, ამავე დროს აღნიშნული ცოდნა და გამოცდილება მათ კონკურენტუნარიანს გახდის საერთაშორისო შრომით ბაზარზე.‘’– აცხადებს გიორგი ჩხეიძე, არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.
აღსანიშნავია, რომ სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიური ცენტრი, არემჯისა და ტექნიკურ უნივერსიტეტის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და ის საქართველში სამთო-გეოლოგიის მიმართულების განვითარებას ისახავს მიზნად. მხარეები ასევე აქტიურად მუშაობენ ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და არსებულის მოდიფიცირებაზე.