საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არემჯის სასტიპენდიო პროგრამის რჩეული სტუდენტები გამოვლინდნენ, რომელთაც კომპანიისგან ერთწლიანი სტიპენდია გადაეცემათ.
წელს არემჯის სასტიპენდიო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, ენერგეტიკის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის 80-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
სტიპენდიის მოსაპოვებლად ორეტაპიანი ინდივიდუალური გასაუბრება სტუდენტებმა კომპანიის მენეჯერებთან გაიარეს. შერჩევის პროცესში ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სტუდენტების მაღალი აკადემიური მოსწრება იყო, თუმცა არემჯის სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვემო ქართლის რეგიონის სტუდენტების წახალისებასაც.
სამთო-გეოლოგიურ დარგში წარმატებული და მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით, არემჯიმ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ერთწლიანი სტიპენდია 2018 წლიდან დააწესა. თავდაპირველად პროექტი ორ სასწავლო ფაკულტეტს მოიცავდა, ამ დროისთვის კი კონკურსში მონაწილეობა ხუთი ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაა შესაძლებელი.
2017 წელს არემჯისა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორნდუმის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც სტუდენტების განვითარებაზე და მათ მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული.
„არემჯი არის ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებელი ტექნიკური უნივერსიტეტისთვის და ჩვენი სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ჩვენი თანამშრომლობა უკვე მეხუთე წელიწადია გრძელდება. ის, რომ ჩვენი სტუდენტები გადიან სტაჟირებას და წარმატებით საქმიანობენ ამ დიდ კორპორაციაში, აქვთ სწავლის, საქმიანობისა და შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, კომპანიის დიდი დამსახურებაა. ჩვენს დღევანდელ ღონისძიებაზე კი ამ წლის 25 სტიპენდიატი გამოვავლინეთ.“ – დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.
სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე შერჩეულ, მოტივირებულ და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს ყოველწლიურად საშუალება აქვთ გახდნენ არემჯის საზაფხულო სკოლის მონაწილეები, რაც კომპანიის საწარმოებში ერთთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას ითვალისწინებს. ყოველწლიურად სტუ-ს დაწყებითი კურსის სტუდენტებს, არემჯი სასწავლო-საველე პრაქტიკებზე მასპინძლობს, სადაც ახალბედა სამთოელები ამიერკავკასიაში უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი კომპანიის წარმოების სრულ ციკლს ეცნობიან.
2019 წელს, სტუ-სთან ერთად კომპანიამ შეიმუშავა დუალური საგანმანათლებლო პროექტი ინდივიდუალური განვითარების გეგმა, რომელიც პროექტში ჩართული თითოეული მონაწილესთვის, მათი კომპეტენციების განვითარების ინდივიდუალური პროგრამების შედგენას ითვალისწინებს.
„საქმიანობის გარკვეულ ეტაპზე ნათელი გახდა, რომ ახალკურსდამთავრებულებისა და კომპანიის მოთხოვნებს შორის იყო გარკვეული წყვეტა. ჩავთვალეთ, რომ ახალ კადრებთან სამომავლო თანამშრომლობისთვის აუცილებელი იყო იმ სტუდენტების სათანადო მომზადება, რომლებიც სწავლობდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ჩვენთვის შესაბამის სპეციალობებზე.
სწორედ აქედან დაიწყო პირველი თანამშრომლობა არემჯისა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. პირველი ნაბიჯები გადაიდგა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მიმართულებით, რასაც შემდეგ მოყვა ენერგეტიკის, ეკოლოგიის, მანქანათმშენებლობის ფაკულტეტები და ა.შ. ამ წლების განმავლობაში უკვე ბევრი სტუდენტი იყო ჩვენი სტიპენდიატი და სასიამოვნოა, რომ დღეს ახალი ნაკადის მონაწილეებიც დავაჯილდოვეთ. იმედი მაქვს, მომავალში ბევრ მათგანს ვიხილავთ არემჯის წამყვანი სპეციალისტებისა და თანამშრომლების პოზიციებზე.“ – ჯონი შუბითიძე, არემჯის აღმასრულებელი დირექტორი.
2018-2023 წლებში არემჯის სასტიპენდიო კონკურსში 300-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, 78 ახალგაზრდა კი კომპანიის სტიპენდიატი გახდა.