სარაგბო კლუბ „ყოჩების“ 12 წლამდელთა გუნდი, მონაკოს პრინცესა შარლენის ფონდის ორგანიზებით 4-8 მაისს მონაკოში დაგეგმილ სარაგბო ფესტივალზე მიემგზავრება. არემჯის მხარდაჭერით პატარა ყოჩების გუნდი მონაკოში, ერთ-ერთ მასშტაბურ – წმინდა დევოტას სახელობის რაგბის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველოს სახელით იასპარაზებს.
საიუბილეო რიგით მეათე თასზე მონაწილეობას, ყოჩების გუნდი 15 კაციანი შემადგენლობით, მათ შორის 4 ბოლნისელი მორაგბით მიიღებს.
,,ბავშვებისთვის, დამწყები სპორტსმენებისთვის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ტურნირი, რომელზეც ჩვენი პატარა ყოჩები მიემგზავრებიან მონაკოს პრინცესის ეგიდით ტარდება. მონაკოს პრინცესა შარლენის როლი ბავშვებში სპორტის მიმართ ინტერესის გაღვივების კუთხით უმნიშვნელოვანესია – ის მსოფლიო მასშტაბით მხარში უდგას რაგბის მიმართულების განვითარებას და ეხმარება პატარა მორაგბეებს კიდევ უფრო მეტად შეიყვარონ სპორტის ეს სახეობა. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს მონაკოს პრინცესასთან და აქტიურად ვთანამშრომლობთ მის ფონდთან.’’ – აცხადებს თეიმურაზ გაფრინდაშვილი, რაგბის კლუბ ,,ყოჩების’’ აღმასრულებელი დირექტორი.
,,არემჯის კორპორაციული პასუხისმგებლობა აქტიურად ითვალისწინებს სპორტის მხარდაჭერას, მათ შორის არის რაგბი. ვცდილობთ სპორტის ეს სახეობა მთლიანად მოვიცვათ, ვართ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების 2022 წლის სეზონის ოფიციალური მატჩების ტრანსლაციების სპონსორები, 2019 წლიდან სარაგბო კლუბ „ბოლნისი ყოჩების“ გენერალური სპონსორები და წლებია აქტიურად ვართ ჩართულები ბოლნისის რაიონში საბავშვო რაგბის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობაში. ვფიქრობთ რომ ეს ვიზიტი იქნება განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და საინტერესო გამოცდილება პატარა სპორტსმენებისთვის.“ – აცხადებს ნატალი ნოზაძე, არემჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
მონაკოს პრინცესის თასი, პრინცესა შარლენის ფონდის მიერ ორგანიზებული მასშტაბური ტურნირია და ყოველწლიურად, მასში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის 500-მდე ბავშვი იღებს მონაწილეობას.
მონაკოს პრინცესა შარლენის ფონდის მისიაა შექმნას მშვიდობიანი მსოფლიო, სადაც ყველა ბავშვს შეეძლება განვითარდეს და ისწავლოს უსაფრთხო გარემოში. სწორედ ამ მიზნისთვის 2012 წლიდან დღემდე, ფონდის ორგანიზებით არაერთი პროექტი ხორციელდება და დღეს უკვე 900 000- მდე ბავშვმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისარგებლა სხვადასხვა პროგრამით მათ შორის: ცურვის შესწავლა, წყლის უსაფრთხოება, სპორტის სახეობების შესწავლა.