2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ, ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს კვლავ იხსენებს. მათ შორის არიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ნოდარ დევნოზაშვილი, ასლან შაინიძე და საბა დადვანი. გმირების საფლავები დღეს ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრებმა გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, სამხედრო მოსამსახურე, პოლიციელები და ჟურნალისტები, ზუსტად 15 წლის წინ, რუსეთის აგრესიას შეეწირა. 30 000-მდე მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. ასეთია მცირე სტატისტიკა იმ ქმედებებისა, რასაც რუსეთი ჩვენს ქვეყანაში ახორციელებს.
ნოდარ დევნოზაშვილს, ასლან შაინიძესა და საბა დადვანს, აგვისტოს ომს შეწირულ გმირებს, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპნენ, ქვეყანა არასდროს დაივიწყებს, ჩვენი თანამოქალაქეების გმირობის ისტორიებზე კი მომავალი თაობები გაიზრდებიან.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან თითოეული დაღუპული გმირის ოჯახს ფულადი დახმარება გაეწია.