„ნუშმა იმრუშა მდიდრად აპრილთან და უკანონოდ ეყოლა კვირტი-“გიორგი ზანგურის ლექსიდან ეს ამონარიდი აუცილებლად გაგახსენდებათ, როდესაც სოფელ ზვარეთის ნუშის ბაღებს ჩაუვლით. აქ თითქოს, ერთიანად აფეთქებულა გაზაფხული და ჰაერი აპრილის სურნელით გაჟღენთილა. „ჩემთვის ნუშის ხეები გაზაფხულთან, განახლებასთან და ახალი ენერგიის დაწყებასთნ ასოცირდება“-ამბობს
ახალგაზრდა ფერმერი, ქეთევან ისიანი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეთში ნუშისა და კაკლის ბაღები გააშენა.
„ნუშის ბაღის გაშენების იდეა, რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. ვფიქრობდი, ისეთი საქმიანობა დამეწყო, რომელიც სტაბილურ შემოსავალს მოიტანდა და ამავდროულად, ბუნებასთან ახლოს იქნებოდა.
ნუშის კულტურამ განსაკუთრებით დამაინტერესა, რადგან ის პერსპექტიული, მოთხოვნადი პროდუქციაა და საქართველოში მისი განვითარებისთვის კარგი პირობაა.
ბაღები გაშენებულია რამდენიმე ათეულ ჰექტარზე. ჯიში სპეციალურად გვაქვს შერჩეული კლიმატის და ხარისხის მიხედვით. ეს არის იტალიური ჯიშის „სუპერნოვა“.
თავიდან ფერმერობა გადავწყვიტე შემოსავლის პერსპექტივისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში, ეს საქმე შემიყვარდა. ყოველდღიურად ხარ ბუნებასთან კავშირში. უყურებ როგორ იზრდება და ვითარდება შენი ბაღი. ეს უკვე ემოციურ კავშირში გადადის“.
იდეიდან მიზნამდე იყო დიდი შრომა, ბევრი დაბრკოლება, შეცდომებიც და და სწავლაც. თუმცა შედეგით მიღებულ ემოციებს ვერაფერი გადაწონის. თითოეული ნერგის მოვლა და გაფრთხილება მისთვის არამხოლოდ საქმეა, ეს სიყვარულით შესრულებული გულწრფელი შრომაა.
ამბობს, რომ ხე არის სიცოცხლის, სიკეთის და მომავლის სიმბოლო. საქართველოს პატრიარქის ილია ll-ის კურთხევით, ადამიანმა სიცოცხლეში, ერთი ხე მაინც უნდა დარგოს. ქეთევან ისიანს კი, დღეს მრავალი ხე აქვს დარგული.
„როდესაც ხეს რგავ, თითქოს მომავალში დებ ინვესტიციას. იცი, რომ ის გაიზრდება, ნაყოფს გამოიღებს და შეიძლება შენი მომავალი თაობისთვისაც კი დარჩეს. ეს კი პასუხისმგებლობისა და მემკვიდრეობის განცდას გაძლევს. ეს ტრადიცია ბუნებასთან გიძლიერებს კავშირს. ხის დარგვა ნიშნავს ზრუნვას გარემოზე, მიწაზე და სიცოცხლეზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ ბაღს აშენებ. თითოეული დარგული ხე შენს ისტორიად იქცევა. ამიტომ, ვიტყოდი, რომ ეს ტრადიცია ჩემთვის ძალიან პირადი და ამავ დროს, ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა.“
ფერმერობა – ეს არის მუდმივი შრომა, ცოდნა და სიხარული. ბაღებში შრომა მთელი წლის განმავლობაშია საჭიროა. ნერგებზე ზრუნვა ადრე გაზაფხულზე იწყება და მოსავლის აღებამდე გრძელდება.

„ნუშის ბაღებში სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. თუმცა აქტიური პერიოდი ადრე გაზაფხულზე, თებერვლის ბოლოდან მარტის დასაწყისშია. ამ დროს იწყება ბაღის მოვლა, გასხვლა, ნიადაგის გაფხვიერება და მცენარეების მომზადება ვეგეტაციისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია სწორად ჩატარებული სამუშაოები, რადგან ეს პერიოდი აისახება მოსავლიანობაზე. მარტის ბოლოდან და აპრილში უკვე ყვავილობის დროა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ზაფხულში ყურადღება გადადის მორწყვაზე, სასუქის შეტანაზე და მცენარის დაცვაზე სხვადასხვა დაავადებებისა და მავნებლებებისგან. ეს პერიოდი ითხოვს მუდმივ კონტროლს, რომ ნაყოფი სწორად განვითარდეს. შემოდგომაზე, დაახლოებით აგვისტოს ბოლოდან სექტემბერში, იწყება მოსავლის აღება. შემდეგ კი ტარდება ბაღის დასუფთავება და მომზადება ზამთრისთვის. ზამთარში შედარებით ნაკლები აქტივობაა, თუმცა ამ დროსაც ხდება ბაღის მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამუშაოების შესრულება.“
მებაღეობა და ფერმერობა ხშირად მამაკაცის საქმედ მიიჩნევა, რადგან დიდ შრომას, ფიზიკურ ძალას და მოთმინებას მოითხოვს. თუმცა დღევანდელი რეალობა ცხადყოფს, რომ ქალსაც შეუძლია საქმიანობას იგივე წარმატებით გაუნკლავდეს.
ქეთევან ისიანი თვლის, რომ დღეს უკვე აღარ არსებობს „ქალური“ და „არაქალური „ პროფესიები. სტერეოტიპები ნელ-ნელა ირღვევა და ქალის და კაცის შესაძლებლობები და მიღწევები თანაბრად ფასდება, პროფესიული სფეროები სქესის მიხედვით არ განისაზღვრება.
ტრადიციულად, მებაღეობა ხშირად „კაცის საქმედ“ ითვლებოდა, ძირითადად ფიზიკური დატვირთვის გამო. მაგრამ, ჩემი აზრით, საქმიანობის ასე დაყოფა დღეს ნაკლებად მართებულია.
თანამედროვე სამყაროში ეს სტერეოტიპები ნელ -ნელა იშლება. სულ უფრო მეტი ქალი შედის ისეთ სფეროში, რომლებიც ადრე მამაკაცურ საქმიანობად ითვლებოდა, მათ შორის აგრარულ სექტორში.“
ქეთევან ისიანი თვლის, რომ ქალის გაძლიერება და მისი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქალთა ჩართულობა ეკონომიკის განვითარებაში, არა მხოლოდ მათი პიროვნული გაძლიერებისთვის, არამედ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიურ სტბილურობისთვის არის აუცილებელი.
„დღეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მხოლოდ პირადი კეთილდღეობის საკითხი აღარ არის, არამედ საზოგადოების განვითარებასთან არის დაკავშირებული.“
ახალგაზრდა, დღეს უკვე წარმატებული ფერმერი დამწყებ მებაღეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ურჩევს, საქმიანობა დაიწყონ კარგად გააზრებული გეგმითა და წინასწარი კვლევებით. მნიშვნელოვანია, იცოდნენ რა კულტურას ირჩევენ მომავალი საქმიანობისთვის, რამდენად შეესაბამება ნიადაგი და კლიმატი მათ მოთხოვნებს.
ფერმერობა მხოლოდ საქმე არ არის, ის ცოდნას, დაუღალავ შრომასა და დიდ მოთმინებას მოითხოვს.
მაია გავაშელი







