„ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო ისეთი ისტორიული საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელი,როგორიც ბოლნისის „სიონია “. სულ ცოტა ხნის წინ კლუბის დირექტორის თანამდებობა გიორგი ოქროპირიძემ დაიკავა. როგორც თავად ამბობს, ბოლნისის „ სიონში“ კარგად ნაცნობი გარემოა და მასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს გიორგი ოქროპირიძე, დაიბადა ქალაქ ბოლნისში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 2009 წელს დაასრულა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი. საფეხბურთო კარიერა დაიწყო ბოლნისის ბავშვთა გუნდში, რომელსაც იმ დროს ტარიელ ჭაველაშვილი ხელმძღვანელობდა. 17 წლიდან ძირითად გუნდში თამაშობდა, სადაც 10 დაუვიწყარი წელი დაჰყო. 2006 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. ბოლნისის „სიონი“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული იყო 2005-2006 წლების სეზონში. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გიორგი ოქროპირიძე, 12 წლის განმავლობაში, სამწვრთნელო საქმიანობას ემსახურებოდა და ხელმძღვანელობდა როგორც ასაკობრივ ,ისე მთავარ გუნდებს. სხვადასხვა დროს „სიონის“ადმინისტრაციაში აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ახლა კი კლუბის ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა.
-ბატონო გიორგი, სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნეთ საფეხბურთო კლუბ „სიონის“ დირექტორის თანამდებობაზე, რას ნიშნავს თქვენთვის კლუბი „სიონი“? რა პასუხისმგებლობას და ვალდებულებას გაკისრებთ დაკავებული თანამდებობა?
-პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის ხელმძღვანელობას და განსაკუთრებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს ზამურ ჭითანავას იმ ნდობისთვის, რომელიც გამოიჩინეს ჩემ მიმართ. ბოლნისის „სიონი“ ჩემი მეორე სახლი და ოჯახია. აქ მრავალი დაუვიწყარი წელი მაქვს გატარებული. უდიდესი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, იყო ისეთი ისტორიული კლუბის დირექტორი, როგორიც „სიონია“. ჩემთვის ეს არის დიდი გამოწვევა, რომელიც გამოცდილებასთან, ერთგულებასა და საქმის სიყვარულთან ერთად, კლუბის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცა. გააზრებული და გათვითცნობიერებული მაქვს ის მისია, რასაც საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელის თანამდებობა მაკისრებს.
-როგორ ფიქრობთ, იწყება თუ არა კლუბისთვის ახალი ეტაპი?
–აუცილებლად დაიწყება ახალი ეტაპი. იქნება ბევრი სიახლე და ვეცდებით რომ ეს ეტაპი იყოს წარმატებული. -ის ძირითადი ღონისძიებები რა იქნება, რის განხორციელებასაც გეგმავთ საფეხბურთო კლუბის განვითარებისთვის?
– გვაქვს ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელსაც წლის ბოლოს წარვუდგენთ გულშემატკივარს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე დავიბრუნოთ ადგილი ეროვნულ ლიგაში, შევქმნათ ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია და გუნდის ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ ჩვენი აკადემიის აღზრდილები. უახლოეს მომავალში გვექნება საკუთარი სავარჯიშო და სათამაშო ახალი სტადიონები, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ფეხბურთის განვითარებას. შეიქმნება ფეხბურთის განვითარების ერთიანი სისტემა. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს ბატონ ლევან სილაგაძეს „სიონში“ გატარებული წლებისთვის. ამ ეტაპზე რთულ სატურნირო მდგომარეობაში ვიმყოფებით, რასაც დარწმუნებული ვარ, თავს დავაღწევთ. უნდა შევქმნათ ძლიერი და ერთიანი გუნდი, რომელიც ორიენტირებული იქნება რათა კლუბი ყოველდღიურად განვითარდეს. ჩვენს მეთორმეტე მოთამაშე გულშემატკივარს მინდა მივმართო და ვთხოვო, რომ მოვიდნენ დარჩენილ თამაშებზე და მხარი დაგვიჭირონ, ერთიანი ძალებით ბევრად მეტს შევძლებთ.
პ.ს. „სიონი“ საიუბილეო წელს აღნიშნავს. კლუბის ისტორია 90 წელს ითვლის. საფეხბურთო კლუბი ახალი ხელმძღვანელობით მუშაობას აქტიურად განაგრძობს, რომლის მთავარი მიზანი განვითარება და სპორტული მიმართულების გაძლიერებაა.
მაია გავაშელი





