15 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის უმეტეს საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ოფიციალურად განახლდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება აღსაზრდელებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს მიულოცეს. წელს ბოლნისის ბაღები პატარებს რიგი სიახლეებით ხვდებიან, საგანმანათლებლო სივრცე სრულად არის ორიენტირებული ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, უსაფრთხოებასა და ჰარმონიულ განვითარებაზე. მუნიციპალიტეტის მერიისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ თითოეული აღსაზრდელისთვის კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა რჩება. შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, ამ ეტაპზე სწავლა ვერ განახლდა ქალაქ ბოლნისის №1 საბავშვო ბაღში. დაგეგმილია ძველი შენობის დემონტაჟი და ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღის აშენება. მანამდე კი, რეგისტრირებული პატარები მუნიციპალიტეტის სხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან. სააღმზრდელო პროცესი იანვრიდან განახლდება ახლად რეაბილიტირებული დაბა კაზრეთის, სოფლების: ტანძიის, მამხუტისა და ქვემო ბოლნისის საბავშვო ბაღებში. ამ ეტაპზე აღნიშნულ ბაღებში მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და შენობების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა მიმდინარეობს.








