განსაკუთრებული და გასხვავებული არომატითა და გემოვნური თვისებებით, ძველი ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებული ბოლნისური მარნის ღვინოები ბოლო წლებია, ღვინის მოყვარულებსა და დაინტერესებულ პირებში დიდი მოწონებით სარგებლობს.
ქართული ღვინის ბაზარზე ყოველწლიურად იზრდება მეღვინეთა რაოდენობა, წელს ექსპოჯორჯიაში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეცამეტე საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც 160 ღვინის მწარმოებელი კომპანიის 300-მდე ღვინო იყო წარმოდგენილი, კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“ 26 საოჯახო მარნის 36 ღვინით იყო წარმოდგენილი. ასევე გამოფენილი იყო შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები და სერვისები. ორდღიანი საერთაშორისო გამოფენის მიზანია მწარმოებლების პროდუქციის პოპულარიზაცია.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული იმპორტიორები, რესტორნის ქსელები, ღვინის მაღაზიების წარმომადგენლები. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენას დაესწრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი.
„WinExpoGeorgia“-ს გამოფენის ფარგლებში გამართულ ღვინის მე-12 საერთაშორისო Georgiana International wine award, კონკურსზე ბოლნისურმა ღვინოებმა 21 მედალი მოიპოვა, ერთი ოქრო, შვიდი ვერცხლი და ცამეტი ბრინჯაო. კონკურსს ქართველი ღვინის ექსპერტებთან ერთად, საერთაშორისო პროფესიონალი ჟიური აფასებდა.