დღევანდელი დღე ბოლნისის თეატრის მსახიობებმა ჩვეული მხიარულებით აღნიშნეს და საქართველოში არსებულ ყველა მოქმედ თეატრს პროფესიული დღე სიმბოლური ტორტით მიულოცეს.
ქართული თეატრის დღეს საფუძველი 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა და თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის “გაყრა” დაიდგა . ეს იყო იმ დროის საქართველოში ერთადერთი, პროფესიული თეატრი.
ქართული სასცენო ხელოვნების ახალი, ნაყოფიერი პერიოდი კი 1879 წელს დაიწყო, როდესაც თბილისში მოწინავე საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით, ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია.
დღეისათვის კი საქართველოში სულ 48 თეატრია. მათ შორის არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი, რომლსაც 60 წელი შეუსრულდა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 27 მარტს დაგეგმილია გრანდიოზული ღონისძიება.
14 იანვარს საქართველოში სახელწიფო დროშის დღე აღინიშნება, რომელსაც ბოლნისიც უერთება. სიმბოლურად დროშა გადმოიფინა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე.
,,ერის ისტორიაში დროშას ყოველთვის ჰქონდა უმნიშვნელოვანესი როლი და დანიშნულება. სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად.
მინდა ყველას მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე!“-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.
საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, 14 იანვარს, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ.
,,მინდა თეატრალურ საზოგადოებას და განსაკუთრებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრალურ დასს მივულოცო ქართული თეატრის დღე!
თეატრს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ეს არის ადგილი სადაც ერთად იყრის თავს ქვეყნის წარსული და აწმყო.
ბოლნისის თეატრში ყოველთვის მოღვაწეობდნენ საინტერესო პიროვნებები. ჩვენმა დასმა , ზურაბ ხვედელიძისა და ლაშა ნოზაძის რეჟისორობით არაერთი საინტერესო სპექტაკლი შექმნა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს თქვენ და თქვენს მაყურებელს,”-გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი.
,,დღეს ქართული თეატრის დღეა. მინდა, ბოლნისის თეატრის თითოეულ წევრს დღევანდელი დღე მოგილოცოთ.
რამდენიმე ათეულ წელზე მეტია ჩვენი დასი სხვადასხვა ჟანრის გამორჩეული სპექტაკლებით გვანებივრებს. თეატრის კედლებში არაერთი შესანიშნავი მსახიობი აღიზარდა.
ბოლნისის თეტარი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ პატივისცემას და ჩვენი მხრიდან ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა.
თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც მუდმივად იღწვით იმისთვის, რომ ბოლნისში კულტურის სფერო სათანადოდ იქნას წარმოდგენილი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული თეატრის დღეს! გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას!”,-დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი.
ავთანდილ ბაკურაძე სოფელ თამარისიდანაა და დღეს იგი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, სპორტული კარიერით დიდების მწვერვალზეა. ქვეყანა 3 წლის უკან დატოვა, გაუჭირდა სამშობლოს, ოჯახისა და საყვარელი ადამიანების სიშორე, ჰქონდა ენის ბარიერიც. ძლიერი ნოსტალგიის ფონზე უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება ადვილი არ იყო, თუმცა მიზნისთვის აუცილებლად უნდა მიეღწია და სამშობლო და თავი ღირსეულად წარმოეჩინა „ძნელია ევროპაში ვინმე რამით გააკვირვო, მითუმეტეს საბრძოლო ხელოვნებით, რომელსაც თან ახლავს ბევრი ტრავმა, ტკივილი, სიშორე, მონატრება, შესაბამისად თუ თავდაუზოგავად არ იშრომე, არაფერი გამოგივა“.
ავთანდილ ბაკურაძე 2017 წლიდან გერმანიაში, ქალაქ ოფენბახში ასპარეზობს. თავდაპირველად ძალები კიკბოქსინგში მოსინჯა, მალევე მოყვარულებში ჩემპიონი გახდა, შემდეგ პროფესიონალებში, რის შემდეგაც, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად საგზურიც მოიპოვა, ავთანდილმა იქაც ტოლი არავის დაუდო და მსოფლიო უძლიერეს სპორტსმენებს შორის ბრონზეს ქამრის მფლობელი გახდა, ასევე, გასულ თვეში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა, ამჯერად, კრივში მოიგო ნოკაუტით და ქართველი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაახარა. ავთანდილი გერმანიაში საქართველოს სახელით ასპარეზობს და როგორც თავად ამბობს, „იმაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც უცხო ქვეყანაში შენს სახელმწიფო ჰიმნს აჟღერებენ და ქართული დროშის ქვეშ, წარმატებებს გილოცავენ. ეს კიდევ უფრო მაძლიერებს, სამომავლოდ მეტ მოტივაციას მაძლევს. სასიხარულოა და საამაყო, როდესაც გულშემატკივრებს იმედს არ უცრუებ. ზუსტად მათი მხარდაჭერა, გვერდში დგომა მამხნევებს, ძალასა და რწმენას მმატებს, რომ უფრო ბევრს მივაღწიო და საქართველოს სახელი ფართო მასშტაბებზე ამაყად გავიტანო“.
ახალგაზრდა სპორტსმენი ნანობს, რომ ქვეყნის გარეთ მოუწია ასპარეზობა, თუმცა თვლის, რომ კარიერული ზრდისთვის ევროპაში მეტი პერსპექტივა აქვს, იქ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას, შინ დაბრუნებული, მოყვარულ მებრძოლებს შეასწავლის.
„სამწუხაროდ, საქართველოდან მომიწია გამგზავრება, მაგრამ სამომავლო გეგმები და იდეები ჩემს ქვეყანას უკავშირდება, ვაპირებ დაბრუნებას და კლუბის ჩამოყალიბებას, სადაც მსურველებს შევასწავლი საბრძოლო ხელოვნებას, აქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებ. სამშობლო მხოლოდ ფიზიკურად დავტოვე, თორემ მე ისევ საქართველოში ვარ, ყოველ გამოსვლაზე საქართველოს სახელით ვიბრძვი, ვშრომობ და ვსწავლობ ბევრს, მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივაციით, რომ ჩემს ქვეყანაში ღირსეულად დავბრუნდე, დიდების მწვერვალზე ქართული ჰიმნი ჟღერდეს და დროშა ფრიალებდეს“.
დატვირთული რეჟიმის და დროის სიმცირის მიუხედავად ავთანდილი ახერხებს და ხშირად ხვდება ქართულ დიასპორას, სადაც ქართული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების დიდი კორიანტელია, სადაც ემიგრანტი ქართველები დარდს, მონატრებას, ტკივილს, სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ, სადაც ჭირსა და ლხინს ერთნაირად იყოფენ, სადაც გვერდში დგომა, სიყვარული და ერთგულება სულ სხვანაირად იციან, სწორედ ეს აძლიერებს მათაც და ჩვენი რუბრიკის სტუმარსაც, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწიონ და თითოეულმა მათგანმა გამთლიანებულ საქართველოში თავისი წვლილი შეიტანოს.
„ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ გულშემატკივარი გყავს შენი ქვეყნიდან, აქ ხშირად ვიკრიბებით ქართული ტრადიციების კვალდაკვალ, იმ რწმენით და იმედით, რომ დავბრუნდებით. ახალი წელი ახლოვდება და მინდა ჩემს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკური გაუმჯობესება, ნაკლები სოციალურად დაუცველი, მეტი ბედნიერი და გახარებული ქართველი ვუსურვო“.
,,გაზეთი ბოლნისიც“ ულოცავს ქართველ სპორტსმენს დამდეგ შობა -ახალ წელს და უსურვებს წარმატებებს.
ქალაქ ბაქოში ჩატარებულ ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, თავისუფალ ჭიდაობაში, 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოჭიდავე, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების გუნდის წევრი, ოთარ მამულაშვილი ფინალურ შეხვედრაში გადასასვლელ ორთაბრძოლაში დამარცხდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთან, რომელსაც მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციის (FILA) კომიტეტმა დაუდგინა აკრძალული პრეპარატის დოპინგის მიღება და მოუხსნა მიღწეული შედეგი. მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციამ შეჯიბრებიდან მოხსნილი, რუსი სპორტსმენისთვის ჩამორთმეული მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი ოთარ მამულაშვილს მიაკუთვნა.
,,მთელი გულით ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენს, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრს ოთარ მამულაშვილს ბაქოში გამართულ ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 51 კგ. წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილის დაკავებას. ბოლნისს თავისუფალი სტილით ჭიდაობის დიდი ტრადიციები გააჩნია და ოთარის მიღწეული წარმატება ამის ნათელი დასტურია. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სპორტის ხელშეწყობა პრიორიტეტულია, რადგან გვჯერა, რომ ეს ჯანსაღი მომავლის საწინდარია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ოთარს ოლიმპიურ ბრინჯაოს და მას ჩვენი ქვეყნის სასახელოდ კვლავ არაერთ გამარჯვებას ვუსურვებ,“განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
მართლმადიდებლური სამყარო დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბოლნისის ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა- ლოცვა აღევლინა. შობის ღამეს სიონის საკათედრო ტაძარში მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა, ეპარქიის მამებთან ერთად საზეიმო ღვთისმსახურება ჩაატარა. საზეიმო მსახურებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. შობის დღესასწაული ტრადიციული საშობაო ,,ალილოს ’’ მსვლელობით გაგრძელდა, სადაც ბოლნელმა ეპისკოპოსმა ღვთისმშობლის ნიშთან სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. ,,ალილოს’’ მსვლელობა მოხუცთა სახლში დასრულდა, სადაც მეალილოებმა შეგროვილი ნობათი მოხუცებს გადასცეს და ქრისტესშობა ახარეს.
,,ეს არის რომანი ადამიანებზე, მათ ჩვეულებრივ ყოვედღიურობაზე, რომლებსაც სხვაგვარად დაკვირვებული თვალი არაჩვეულებრივად აქცევს.“ ასე აფასებს გიორგი კეკელიძე ბოლნისელი თეკლა გეთიაშვილის რომანს სახელწოდებით – ,,სულში ამოსული მზე.“ წიგნის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 11 იანვარს, წიგნის რედაქტორის, გიორგი კეკელიძის მხარდაჭერით გაიმართება.
თეკლა გეთიაშვილი, წიგნის ავტორი:
წიგნის შექმნის იდეა ერთი წლის წინ დაიბადა, კაბინეტში ვიჯექი მარტო, ინსტიქტურად გავხსენი ლეპტოპი და რაღაც თავისთავად წამოვიდა, კომპიუტერთან თითქოს მხოლოდ მუშაობდა თითები, რადგან გააზრებასაც ვერ ვასწრებდი, თავისთავად მოდიოდა აზრები… და ასე გაგრძელდა ერთი წელი, ყველგან ჩემი ლეპტოპით დავდიოდი, შეიძლებოდა უცებ გავმქრალიყავი დიდი წვეულებიდან და განმარტოებით სადმე გაუთავებლად მეწერა. რაც შეეხება შინაარსს, ეს რომანი არის დიდ, ლამაზ სიყვარულზე, წიგნი მოგვითხრობს თბილისურ ბომონდურ ოჯახზე და მათ გარშემო მყოფ საზოგაოებაზე, მათ ტკივილზე, სიხარულზე, ურთიერთობებზე, სიყვარულზე და მეგობრობაზე… და იმპერატიულად მაქვს გატარებული ის ხაზი, რომ სიყვარული არის სიყვარული, მეგობრობა არის მეგობრობა და ამ ორ უფლის საჩუქართან, ბანალური ინტრიგები არ გავხლართე. წიგნის რედაქტორია გიორგი კეკელიძე და 11 იანვარს მისი მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება ჩემი წიგნის პრეზენტაცია.
გიორგი კეკელიძე, წიგნის ,,სულში ამოსული მზე“ რედაქტორი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი:
მზისა და ადამიანების შესახებ ცოდნა და განცდა ვერ თავსდებიან ხოლმე. ამიტომაც, როცა დილით, ფანჯრიდან აღმოსავლეთის მთებს ვუთვალთვალებ, ფიქრი როდი მკარნახობს, რომ ამოდის მზის სისტემის ერთადერთი ვარსკვლავი, თითქმის იდეალურად სფერული, ცხელი პლაზმისგან შემდგარი, მაგნიტური ველებით, დედამიწის მასაზე 330 000-ჯერ დიდი. არასდროს ვუყურებ ასე. დარწმუნებული ვარ – არც თქვენ. რადგან ადამიანი ვერასდროს გასცდება საკუთარ სამყაროს, რასაც ხედავს, იმას შეიგრძნობს. როცა მიწაზე იდგება და ცას ახედავს, მისი თვალები გაიმეორებენ ძველი შუამდინარელის და ან აფრიკელის, რომაელის თუ ბიზანტიელის თვალებს. იმ თვალებისთვის მზე პატარა იყო, პატარაა ჩვენთვისაც, და ასეც ჯობს დარჩეს. ასე უფრო დიდები ვართ, უფრო ადამიანები ვართ, მით უფრო – როცა მზე ჩვენში ამოდის, ყველაზე პატარა და ამავდროულად, ყველაზე დიდი მზე.
ეს არის რომანი ადამიანებზე, მათ ჩვეულებრივ ყოვედღიურობაზე, რომელსაც სხვაგვარად დაკვირვებული თვალი არაჩვეულებრივად აქცევს. ავტორის მსუბუქად თხრობის უნარი, დიალოგების შესანიშნავად აწყობის ტექნიკა, სათქმელის ზუსტი მორგების ნიჭი, ენობრივი ცვალებადობა, მოქმედების ველის თანამედროვეობა, ტექსტს ახლობელს და იოლად აღსაქმელს ხდის. არის სცენები, სადაც ნაწარმოები თითქოს პიესად იქცევა, მერე უცებ მდორდება და სხვა წარმოსახვაში გადაგისვრის. “როგორი უკიდეგანოა სამყარო, თან როგორი დაუნდობელი’’ – წიგნი ამაზეცაა, გარდაუვალ იმედგაცურებებზე, მარცხზე და ამ მარცხიდან გაქცევის, ან გამარჯვების სურვილზე. მაგრამ ბოლოს ერთ დიდ, ფილოსფიურ დაკვირვებად იქცევა : ,,რა არის სიკვდილი? არაფერი… ერთი გაელვება, ერთი სათანადო, ან არასწორი ნაბიჯი და თვალის დახუჭვა, მერე? მერე ყველაფერი სულერთია – მაშ, ,ძალიან იოლი ყოფილა სიკვდილი, ბავშვობაში წაქცევაზე და მუხლის გადაყვლეფაზე იოლი’’ და ხვდები, რომ სიკვდილი მართლა არაფერია. რომ მზე არც მერე ტოვებს ადამიანს, სულში ამოსული მზე.
,,სულში ამოსული მზე“- ეს არის თეკლა გეთიაშვილის პირველი წიგნი , თუმცა აღსანიშნავია, რომ მას ასობით ლექსი აქვს დაწერილი, პირველი 3 წლის ასაკში. რაც შეეხება ლექსების კრებულის გამოცემას, ავტორი თავს იკავებს, რადგან ფიქრობს, რომ : ,, ლექსებს ყველა წერს, ამიტომ არ დავღლი საზოგადოებას ჩემი წიგნებით, ჩემს ლექსებს სოციალურ ქსელში ბევრი მკითხველი ჰყავს და ამითაც კმაყოფილდებიან“. ის ჩვენთან საუბარში ბავშობის წლებს იხსენებს და გვიყვება, როგორ სპონტანურად წერდა, იხსენებს ერთ ისტორიას, როდესაც ის მეორე კლასელი იყო და მის სკოლას სტუმრად ეწვია ყველასათვის საყვარელი მსახიობი, დოდო ჭიჭინაძე ,,მთხოვეს დამეწერა და მიმეძღვნა რაიმე ლექსი. დავწერე ლექსი ბებიაზე ,,ჩვენო დოდო ბებია“ მაგრამ მითხრეს, რომ მზესავით ქალია, რა დროს ბებიააო , მე წავედი სახლში. ამასობაში სტუმრისთვის დაუსვამთ შეკითხვა სასურველ პროფესიაზე და მასაც უპასუხია, ბებიობა და შვილიშვილების მიხედვაო, ამ პასუხის შემდეგ, გზაში დამაწიეს ბავშვი, მეც მივბრუნდი და საზოგადოებას, ჩემი ექსპრონტად დაწერილი ლექსი წავუკითხე:
ჩვენო დოდო ბებია, მოგილოცავ სამოც წელს,
ჩემი ტკბილი ბებია, სულ მერჩია სამოთხეს,
მაგრამ, თქვენ რომ გუყურებთ, ასე ლაღს და ფრთებგაშლილს,
თუ ბაბუა დამთანხმდა, მე წაგიყვანთ, ჩემს სახლში…
წამოდგა ქალბატონი დოდო, ჩამეხუტა, მეფერა, სახელი და გვარი ჩაიწერა, ლექსი დამაწერინა, მოკლედ ისეთი მადლობებით წავიდა , რომ მთელს ამ საღამოს, მარტო ეს ლექსი უდრიდაო.“
რაც შეეხება თეკლა გეთიაშვილის სამომავლო გეგმევს, ის სულ რამდენიმე სიტყვით გვპასუხობს: ,, თეკლა ძალიან სპონტანური ადამიანია, ამიტომ მხოლოდ ბედნიერებას გეგმავს.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მივულოცოთ ავტორს პირველი წიგნის პრეზენტაცია და შემდგომი წარმატებები ვუსურვოთ.
ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში, მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, ეპარქიის მამებთან ერთად საზეიმო ღამისთევის მსახურებას ჩაატარა. საზეიმო მსახურებას მრევლთან ერთად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ. შობა ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი სულიერი დღესასწაულია. მას ეგებებიან ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით. საქართველოში შობას ძველი სტილით, ანუ იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ. ბოლო წლების განმავლობაში, პატრიარქის კურთხევით, ოჯახებში, სადაც შობას აღნიშნავენ, დღესასწაულს ფანჯრებში დანთებული სანთლებით ეგებებიან. რითაც, სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ოჯახში იწვევენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2020
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო. მოგმართავთ ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო ერნო:
აჰა, დადგა ჟამი ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლოსი. დღეს იშვა დამბადებელი, ,,რომლის მიერაც შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი, თუ ხელმწიფებანი,” დღეს იშვა ის, “ვის მიმართ და ვის მიერაც ყოველივე დაიბადა“ (კოლას.1,16).
ამიტომაც ახლა მორწმუნენი გონებით მივისწრაფვით ბეთლემისაკენ, რათა განვიცადოთ 2000 წელზე მეტი ხნის წინ დამდგარი უდიდებულესი ჟამი, როდესაც ამსოფლიური პატივისაგან მოკლებულ, აღთქმული მიწის ერთ ცივ და ბნელ გამოქვაბულში აღესრულა სასწაული, რომლის სადარი სამყაროში არაფერი მომხდარა და არც არასოდეს მოხდება.
მიუწვდომელი, გარეშემოუწერელი, მიუახლებელი ღმერთი განკაცდა, რათა კაცი განღმრთობილიყო; ჭეშმარიტი უფლის მადიდებელი ერის წიაღში, წმ. დავით მეფის მოდგმაში, იშვა ძე ღვთისა და თვალშეუდგამმა ნათელმა ჩვენთან მარადიულად ყოფნა ინება; უკვდავმა მოკვდაობა, უხრწნელმა ხრწნადობა მიიღო, რათა ჩვენ მოკვდავნი და ხრწნადნი სიკვდილის საკვრელთაგან დავეხსენით.
დღეს ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეშობის მახარებელნი ვართ, რადგან ჩვეთან არს ღმერთი! დღეიდან მისი მომძიებელნი ვეზიარებით და უხვად მივიღებთ აქამდე მიუწვდომელ მადლთა სისავსეს, – კეთილმსახურებათა ნიჭსა და უნარს და ხილულ და უხილავ სამყაროს შევღაღადებთ:
იხარებდით და აკურთხებდით შემოქმედს ცანი და ქვეყანა, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
იხარებდით და აკურთხებდით უფალსა უფლებათასა ანგელოზნი და ყოველი სულდგმულნი, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
იხარებდით და აკურთხებდით ახალ ადამს მეფენი და მამათმთავარნი, ერნი და ტომნი; აკურთხებდით უფლის ყოველ საქმეს, უგალობდით და განადიდებდით მას უკუნისამდე, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
რომ არა შენი საკვირველი შობა, კაცობრიობას არ ეყოლებოდა მაგალითი უაღმატებულესი სიყვარულისა და მშვიდობისმყოფელისა, ჭეშმარიტი მეფისა, მოძღვრისა და მასწავლებლისა, სახე უზენაესი სიმდაბლისა და თავდადებისა, ერთგულებისა და მეგობრობისა; ხატი ზეციური მამა-ძეობისა.
ჩვენ, ამპარტავნებითა და განდიდების სურვილით შეპყრობილნი, საკუთარ თავს ვერასოდეს ვიპოვიდით, ეგოისტური ,,მეს“ მბრძანებლობას ვერ გავექცეოდით და არც დავთმობდით.
შენ გვასწავლე, იესო, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში, – სიდიადე; მოყვასის მსახურებაში, – სიხარული; გაცემაში, – შეძენა და დათმენაში,- გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა…
შენი განხორციელებისათვის, მხსნელო, დედამიწაც განემზადა და გიძღვნა ქალწულთა მშვენება, დედათა სიქადული, – წმინდა მარიამი.
გიხაროდენ, ურჩეულესო ჭურჭელო, ყოველთა ნათესავთა შორის სანატრელო (ლუკ. 1.48);
გიხაროდენ, დედაო ღვთისა, ევას ცრემლთა აღმხოცო; ცხოვრების ხეო, სიცოცხლის ნაყოფის მომცემო;
გიხაროდენ, ცოცხალო ტაძარო ღვთისაო, ჩვენს ლოცვათა უფლისადმი აღმწევნელო.
უფლის განგებამ ინება, რომ შენი მზრუნველობით ჩვენც ღვთის ერი გავმხდარიყავით საუკუნეთა მანძილზე მრავალფერ განსაცდელთაგან ვნებულმა მცირე სამწყსომ შენი მფარველობით გაუძლო ათას ქარტეხილთ და დარჩა ქრისტეს ერთგული. დღესაც შენ გსასოებს ჩვენი დამაშვრალი ერი, მრავალთაგან მრავალჯერ ნაღალატები და ჯვარცმული, მაგრამ მაინც გაუტეხელი და ღვთის მოიმედე.
ჩვენც, მონანი და მხევალნი შენნი, მოგმართავთ ცისა და ქვეყნის დედოფალს: კვლავაც შეეწიე უძლურებათა ჩვენთა, შეგვავედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა ყოველნი მკვიდრნი იბერიისანი, შეცდომილნი ძენი და ასულნი ჩვენნი, გზასა ჭეშმარიტებისასა შეუდგნენ; ბოროტმზრახველთა, მოშურნეთა და მაჭირვებელთა გულნი ლმობიერ-ჰყავ და დაამშვიდე; დამნაშავეთ სინანული მიეც; საპყრობილეთა შინა მყოფთ, – თავისუფლების სიხარული; უსამართლოთ, – სამართალი; მშიერთ, – პური; შიშველთ, – სამოსელი; უპავართ, – სარჩო-საბადებელი; კეთილად მუშაკთ, – ღირსი სასყიდელი;…
ურვათა მრავალთა დამტევნელო, ყოვლადუბიწოო ღვთისმშობელო, ნუგეში-ეც მტირალთ, ყოველივე სასიკეთოდ წარუმართე მადლიერებით ჭირთა დამთმენილთ, ჭაბუკთა და ყრმათა სიმხნე მიჰმადლე და სულიერად განსწავლე, სნეულნი განკურნე, მხცოვანნი შთამომავალთა კეთილდღეობით გაახარე, უცხოეთში მყოფნი თანამემამულენი სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე, იქ დარჩენილნი კი უფლის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ აღვაწე.
განგვიმტკიცე სიყვარული, სასოება და შიში უფლისა, ერთგული მსახურება ეკლესიისა, მამულისა და მოყვასისა. მოგვმადლე გული წმინდა და სული წრფელი, გონება ნათელი და შემეცნების სიღრმე, სხეული ჯანსაღი და უვნებელი. გვაშორე მუცლადღებულ ყრმათა კვლა და თვითმკვლელობები.
აღადგინე, დალოცე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, და მას შინა მკვიდრნი დაიცევ “ შიმშილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა მოსვლისაგან მტერთასა“, სტიქიონთა ვნებისაგან და ყოველი ბოროტი ძალის მანქანებისაგან; დალოცე და განამტკიცე ოჯახები ჩვენი და აკურთხე იგინი შვილთა სიმრავლითა და ნაყოფთა სიუხვითა.
გევედრებით, მეოხ-ეყავ მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ჩვენთა წინაპართა, – მეფე-დედოფალთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, სამშობლოს ერთგულთა და თავდადებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მომხსენიებელთა გარეშე დარჩენილთა ყოველთა; გევედრები შორებელთა და მახლობელთათვის, რომელნი შეწევნასა ჩვენსა შემოვედრებულ არიან, რათა ყოველნი შემოქმედმან სავანესა მართალთათვის გამზადებულსა დააწესოს.
არ განგვეშორო დედაო, არცა ჟამსა მას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა და ჩვენ მსასოებელთა შენთა, მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რათა მართალთა თანა ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ჩვენსა, ყოველთა შემწყნარებელსა და სიყვარულსა დაუსრულებელსა, – მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეთლემს შობილო ქრისტე ღმერთო, ამ დიდებულ ღამეს, სულითა და გონებით შენსკენ მოლტოლვილნი, კანდლად გინთებთ ჩვენს ლოცვა-ვედრებასა და ქება-დიდებას; ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად ძღვნად მოგართმევთ ჩვენს გულებს, სიყვარულსა და ერთგულებას, კრძალვითა და თაყვანისცემით მოგეგებებით და ვხმობთ:
დიდება შენს მობრძანებას, ყრმაო, მშვიდობის მთავარო! (ეს.9,5)
დიდება შენს გარდამოსვლას, უფალო საბაოთ! (ეს. 37,16)
დიდება შენს მოვლინებას, ადონაი უფალო! (ეზ. 37.3)
გაკურთხებთ და აღგამაღლებთ შენ საუკუნითგან უკუნისამდე და ვაკურთხებთ მშობელსა შენსა, დედათა შორის კურთხეულს (ლუკა 1.42).
და კიდევ ერთხელ შეგთხოვთ, მოჰფინე შენი მშვიდობა, შენი წყალობა, ურწმუნოებით დამძიმებულ მშფოთვარე მსოფლიოს; ავის და კარგის გარჩევის უნარი და სიბრძნე მოგვეც და შენი სასუფევლის მკვიდრნი გაგვხადე.
„ქრისტე იშვების, – ადიდებდეთ! ქრისტე ზეცით, – მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა, – ამაღლდით… კვალად ბნელი დაიხსნების, კვალად ნათელი მოიქცევის… ძველნი წარხდეს, აჰა, იქმნა ყოველივე ახალ“ (გრ. ღვთისმეტყევლი), გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი