მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინება.
წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში ეწამა. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის სახელად დიოსკორეს ერთადერთი ქალიშვილი იყო. ქრისტიანად მონათვლულმა ბარბარემ კი ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო, რომ თავს ღმერთს შესწირავდა.შვილის გადაწყვეტილებამ დიოსკორე ძლიერ განარისხა. მან ქალიშვილი ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა და განუცხადა, რომ ბარბარე ქრისტიანებმა გადაიბირეს და წამებით სიკვდილის ღირსი იყო. ღვთის შემწეობითა და სიყვარულით, წმინდა ბარბარემ არაერთი სატანჯველი დაითმინა. მათ შორის ტყავის შოლტებით ცემა, რის შემდეგაც მას საკანში უფალი გამოეცხადა და გაამხნევა.
წმინდა ბარბარეს თავი დიოსკორემ მოკვეთა, რისთვისაც იგი უფლისგან დაისაჯა. მას თავს ციდან ცეცხლი დაატყდა. დაისაჯა მარკიანეც, რომელსაც მეხი დაეცა.
წმინდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველია, ბარბარობა კი ქართველების ერთ-ერთი უძველეს სახალხო დღესასწაულად ითვლება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ინფრატსრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. სოფელ მუშევანში, სოფლამდე მისასვლელი ბეტონის გზის მოწყობის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროეტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 426 000 ლარს შეადგენს. 900 გრძივი მეტრის ბეტონის გზის მოწყობის პროექტს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრატსრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.
„სოფელ მუშევანში სოფლამდე მისასვლელი გზის მოწყობის მესამე ეტაპი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დაზიანებულ გზაზე მოძრაობა ჩვენს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა, ამიტომ გავითვალისწინეთ მათი ინტერესები და ეტაპობრივად ვახდენთ სოფლამდე მისასვლელი გზის მოწყობას. ამ სამუშაოებისთვის 426 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
გაზეთი ,,ბოლნისი“ რუბრიკას, ,,ექიმის რჩევებს“ შემოგთავაზებთ, რომლის საშუალებითაც მკითხველს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაციები და რჩევები სხვადასხვა დაავადებების მიმდინარეობაზე, გართულებებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე. ამჯერად ბოლნისის პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი ,,ტრიომედის“ ოჯახის ექიმი მანანა მიქელაძე გვესაუბრება და გვირჩევს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი სეზონური გრიპისგან, რომელიც კიდევ უფრო საყურადღებოა კოვიდ სტატისტიკის ფონზე.
-მოგესალმებით მანანა ექიმო, რა არის სეზონური გრიპი და როგორ დავიცვათ თავი, რამდენად მნიშვნელოვანია სეზონური გრიპი ახლა როცა მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის?
-მოგეხსენებათ, როდესაც ახალი კორონა ვირუსის შემთხვევების მატება მაღალ ნიშნულზეა, ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება სეზონური გრიპისგან თავდაცვა, ამიტომ მოვუწოდებ და ვთხოვ ყველას, ავიცრათ ერთმანეთისთვის, როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციით.
აღნიშნული ვირუსი ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე ცირკულირებს, რა თქმა უნდა, თუ გვექნება საშუალება, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, მაქსიმალურად დავიცვათ ჰიგიენა, ვანიავოთ ოთახი და დავასუფთაოთ სველი წესით. გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია, რომელიც უკვე დაწყებულია.
მოგეხსენებათ, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, აქტიური ხდება სეზონური გრიპის გავრცელება. სეზონური გრიპი A და B ტიპის ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც აინფიცირებს ზედა სასუნთქ სისტემას. A ტიპის ვირუსები მეტად ცირკულირებს, რომელსაც ახასიათებს პანდემიები და ეპიდემიები, ვიდრე B და C ტიპის ვირუსებს.
-ქალბატონო მანანა, რა სიმპტომები ახასიათებს სეზონურ გრიპს?
– იგი თავდაპირველად აინფიცირებს სასუნთქ სისტემას, ხშირ შემთხვევაში ხდება ტემპერატურის მატება, თავის, კუნთოვანი და სახსროვანი სისტემის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, დისკომფორტი, ხველა, ცემინება, ფარინგიტი, გამონადენი ცხვირიდან და ასე შემდეგ.
-რა შემთხვევაში მოჰყვება სეზონურ გრიპს გართულებები?
-სეზონურ გრიპს ახასიათებს, როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე მიმდინარეობა, გართულების შემთხვევაში თავს იჩენს სინუსიტები, ოტიტები და პნევმონიები. ამიტომ, როგორც კი თავს შეუძლოდ ვიგრძნობთ, მივმართოთ ოჯახის ექიმს, ან გვქონდეს მასთან ინტენსიური კომუნიკაცია, რათა თავი ავარიდოთ ვირუსის მძიმე მიმდინარეობას.
-როგორ ვრცელდება სეზონური გრიპი?
-სეზონური გრიპი ჰაერწვეთოვანი ინფექციაა, რომელიც ცემინების და ხველების შედეგად ვრცელდება, ასევე ის გადადის ვირუსით
დაბინძურებული საგნების მეშვეობითაც. სეზონური გრიპის საინკუბაციო პერიოდი საკმაოდ მცირეა, დაახლოებით ორი სამი დღე, რომლის შემდეგაც იწყება დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენა.
-როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში?
-თუ დაავადებას მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, პირველ რიგში ვრჩებით სახლში, ხშირად ვანიავებთ ოთახს, ვსეირნობთ სუფთა ჰაერზე, ვსვამთ ბევრ სითხეს და ვიკვებებით სწორად. გართულების შემთხვევაში, აუცილებლად ვიტარებთ ლაბორატორიულ კვლევას და მივმართავთ ოჯახის ექიმს.
მომდევნო რუბრიკაში ექიმ მარინა ლაზარიშვილთან ერთად, ვისაუბრებთ ოცდამეერთე საუკუნეში გავრცელებულ ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და პრევენციულ ღონისძიებებზე.
მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე და 204-ე ბატალიონების რეზერვისტების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.
საქართვლოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე და 204-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონების ტერიტორიულ რეზერვში წელს 123 სამხედრო მოსამსახურე ჩაირიცხა. მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე ბატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და ქვემო ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. აღსანიშნავია, რომ ბატალიონის რეზერვისტთა პირად შემადგენლობაში ერთი ოჯახის სამი წევრი – დედა, მამა და შვილი მსახურობს.რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი „პალდოს“ საწვრთნელ ბაზაზე დადეს. ფიცის დადებამდე, რეზერვისტებმა ერთკვირიანი საბრძოლო მომზადების კურსი სამედიცინო დახმარებაში, ტაქტიკურ, სამწყობრო და საცეცხლე მომზადებაში გაიარეს. პირად შემადგენლობას სამხედრო ფიცის მიღება ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცა. ფიცის მიღების ცერემონიალს, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო. რეზერვისტების დისლოკაციის ადგილი მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ იქნება. წლის განმავლობაში რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება მოიცავს 45 დღემდე პერიოდს, რომელიც თანაბრად განაწილდება 12 თვეზე. აღნიშნული მომზადების კურსის მთავარი ამოცანა რეზერვისტისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლაა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები ისარგებლებენ სამედიცინო მომსახურებით, ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. რაც შეეხებათ სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18 – დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარს შეადგენს.„საქართვლოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე ბატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და ქვემო ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. მოხარული ვარ, რომ 204-ე ბატალიონის რეზერვისტებში 5 ბოლნისელია, მათ შორის კი ერთი გოგონაა. რეზერვისტებს ვულოცავ ფიცის მიღებას და მადლობას ვუხდი ჩვენი ქვეყანის სამსახურისთვის. აქტიური რეზერვის პროგრამა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ის სამოქალაქო პირებს საშუალებას აძლევს სამხედრო გადამზადება და ცოდნა მიიღონ, ამ პროგრამით სარგებლობა სტუდენტებსაც შეუძლიათ, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ კი მათ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ. ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებ აქტიურად ჩაერთონ ამ პროგრამაში, გახდნენ რეზერვისტები და ემსახურონ საქართველოს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
პოლონეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ პოლონეთში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.
მათი განმარტებით, მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან პოლონეთის რესპუბლიკა საზღვრის კვეთის რეგულაციებს ამკაცრებს.
„გაცნობებთ, რომ ჯერჯერობით დამტკიცებული არაა შესაბამისი ნორმატიული აქტი. განკარგულების პროექტი ითვალისწინებს 2022 წლის 31 იანვრამდე შემდეგი შეზღუდვების დაწესებას: შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსული ყველა მგზავრი ვალდებული იქნება წარუდგინოს მესაზღვრეს საზღვრის კვეთამდე 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (ინგლისურ, ან პოლონურ ენაზე).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტესტის ვალიდურობის 24-საათიანი პერიოდი აითვლება ტესტის პასუხის მიღებიდან.
პოლონეთის მთავრობის განკარგულების ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენს გვერდზე განთავსდება შესაბამისი ინფორმაცია“, – ნათქვამია პოლონეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ხელახალი დაინფიცირების ალბათობა, შესაძლოა, იყოს მაღალი, სხვა ვარიანტებთან შედარებით.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინციდენტების მართვის სპეციალისტმა აბდი მაჰმუდმა პრესკონფერენციაზე გნაცხადა.
„ჩვენ მრავალ მონაცემებს ვღებულობთ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვხედავთ, რომ ხელმეორედ დაინფიცირების შემთხვევები მაღალი სიხშირისაა“, – აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, შესაძლოა, სხვა ქვეყნებში ვითარება სხვაგვარად განვითარდეს.
„თუმცა, წინასწარი მონაცემები მოწმობს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტით ხელმეორე დაინფიცირება მეტად შესაძლებელია, ვიდრე სხვა ვარიანტებით, მათ შორის დელტა ვარიანტით“, – განაცხადა აბდი მუჰამედმა.
რუბრიკა „პანდემიის თაობა“ კიდევ ერთ მიზანდასახულ და წარმატებულ გოგონას, წარჩინებულ კურსდამთავრებულს, ირინკა ჟუჟუნაშვილს მასპინძლობს. მიუხედავად პანდემიისა, ირინკასთვის ბოლო ზარი, რომელიც 31 მაისს დაირეკა, განსაკუთრებულ დღედ დარჩება. ძალიან უყვარს ქართული ცეკვები, თუმცა, დროებით მიატოვა საყვარელი საქმიანობა, სამომავლოდ ისევ აპირებს სამოყვარულო დონეზე მაინც დაუბრუნდეს, რათა ცეკვისგან მიღებულ ბედნიერებას ეზიაროს. რაც შეეხება მომავალ პროფესიას, ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
-ვინ არის ირინკა ჟუჟუნაშვილი?
-18 წლის გოგონა, რომელსაც აქვს დიდი მიზნები, ჩემ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, ვარ მიზანდასახული და ორგანიზებული, იმისთვის რომ დასახულ მიზანს მივაღწიო, ბევრს ვშრომობ. ჩემზეც იმოქმედა პანდემიამ, მაგრამ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და, ფსიქოლოგიურად, ყველა სხვადასხვაგვარად მიუდგა არსებულ მდგომარეობას. ვფიქრობ, შევძელი პანდემიასთან ერთად ცხოვრება, რაც დამეხმარა, რომ მიზნამდე მისასვლელ გზაზე, პანდემიას ხელი არ შეეშალა.
-მომიყევი სკოლის კედლებში გატარებულ წლებზე, როგორი იყო ეს თორმეტი წელიწადი….
-დაუვიწყარი და ბედნიერებით აღსავსე 12 წელი გავატარე . ყოველთვის მიყვარდა სკოლა, მასწავლებლებთან და კლასელებთან ურთიერთობა. განსაკუთრებით კარგად მახსენდება ბოლო სამი წელი. მე-10 კლასში იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გადავედი და ჩემთვის ცხოვრების ახალი ეტაპი. ახალ ადამიანებთან ერთად დაიწყო. უბედნიერესი და დასამახსოვრებელი დღეები გავატარე მათთან ერთად და ბევრი რამ ვისწავლე ამ სკოლაში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ. ყველაზე მეტად ეს ბოლო სამი წელი იმიტომ მიყვარს, რომ სწორედ ამ პერიოდში შევიძინე უახლოესი მეგობრები, რომლებიც დღეს ჩემთვის ძალიან ძვირფასები არიან.
-ირინკა, როგორი წარმოგედგინა ბოლო ზარი და რა შეცვალა პანდემიამ…
-დაწყებითი კლასებიდანვე ბოლო ზარზე და ბანკეტზე ვფიქრობდი, როგორი ვიქნებოდი სკოლის დასრულებისას, როგორ მოვემზადებოდი ბოლო ზარისთვის. უკვე მეთორმეტე კლასელს მსურდა, რომ ბოლო ზარი, ჩემს კლასთან ერთად, საუკეთესო და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. გადავწყვიტეთ რეგულაციების დაცვით აღგვენიშნა ეს დღე. მოვახერხეთ და შესანიშნავი ბოლო ზარი მოვიწყვეთ. 31 მაისი, ყოველთვის განსაკუთრებულ დღედ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი ჩემს კლასელებს და სკოლას .
-გაქვს გამორჩეული საგანი, რომელიც ძალიან გიყვარს, თუ ყველას ერთნაირი მონდომებით ამზადებდი?
– ვცდილობდი ყველა საგანი კარგად მომემზადებინა, თუმცა გამორჩეულად მიყვარდა ბიოლოგია და მათემატიკა, მათი სწავლა თითქმის არასოდეს დამზარებია.
-ირინკა, რა პროფესია აირჩიე და რატომ?
-მე-11 კლასის დასრულების შემდეგ, დავიწყე ფიქრი, რომელ უნივერსიტეტში და რა მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა. ბევრი ფიქრის და განსჯის შემდეგ, ავირჩიე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამა, რადგან ყველაზე მეტად ეს სფერო იყო ჩემთან ახლოს. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან უკვე დავიწყე სწავლა და ძალიან მომწონს ეს მიმართულება, დიდი ინტერესით ვესწრები ყოველ ლექციას.
-როგორ შეხვდა ოჯახი შენს გადაწყვეტილებას?
-ჩემი ოჯახი არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, ვისაც შვილების მომავალი ადრეული ასაკიდან აქვთ დაგეგმილი. ოჯახი ჩემს ყველა გადაწყვეტილებას პატივს სცემს, გვერდში მედგნენ და მამხნევებდნენ, მათთვისაც მნიშვნელოვანი იყო ის სფერო ამერჩია, რომელიც ნამდვილად საინტერესო და შესაფერისი იქნებოდა ჩემი შემდგომი განვითარებისთვის. ვფიქრობ, ეს რთული გზა, მათთან ერთად გავიარე.
-გარდა სასკოლო პროგრამისა, თუ იყავი ჩართული პროექტებში?
-სკოლის პერიოდში მონაწილეობას ვიღებდი ბევრ საინტერესო პროექტში და კონკურსში, რომლის წყალობითაც დიდი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა. მათ შორის გამოვარჩევდი საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარმოებულ პროექტს ,,რა? სად ? როდის?’’, Educational Debates Association of Georgia-ის სასწავლო დებატების კონკურსს. ასევე გავიარე KEY CONSULTING-ის ლიდერთა სკოლის კურსი, პირველი ადგილი დავიკავე ბოლნისის გამგეობის მიერ ჩატარებულ ვიქტორინაში , რომელიც მოეწყო მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით.
-გარდა სასკოლო ცხოვრებისა
-5 წლიდან დავდიოდი ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლში და იმ დროიდან მოყოლებული ძალიან მიყვარს ქართული ცეკვები. მაღალ კლასებში გადასვლის შემდეგ, ცეკვის ანსამბლის დატოვება მომიწია , თუმცა ვაპირებ ისევ დავუბრუნდე სამოყვარულო დონეზე მაინც. ცეკვა ჩემთვის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა, ამ დროს შემიძლია სრულიად დავიცალო ემოციებისგან, ენერგიისგან, მოვეშვა და სრულიად სხვა სამყაროში გადავეშვა.
-რა გავლენა მოახდინა პანდემიამ შენს ცხოვრებაში?
-ყველაზე მეტად დამაფიქრა ცხოვრებაზე, დავაფასე ის უდარდელი დღეები, რომელიც პანდემიამდე მქონდა.
-თუ გაქვს თავისუფალი დრო და რისი კეთება გიყვარს ამ დროს?
-ამჟამად, დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, მიჭირს ბევრი თავისუფალი დროის გამონახვა, თუმცა ვცდილობ მეგობრებთან ერთად გავატარო, ვუყურო ფილმებს და წავიკითხო წიგნი.
-ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხე?
-ერიხ მარია რემარკი ,,სიცოცხლის ნაპერწკალი’’
–რასგეგმავმომავალში?
-დღევანდელ ვითარებაში რთულია მომავლის დაგეგმვა, თუმცა პირველ რიგში, წარმატებული კარიერის დაგეგმვა მახსენდება.
-რა არის ამჟამად შენთვის ყველაზე მთავარი?
-ჩემთვის მნიშვნელოვანია, ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობა და ბედნიერება.
– ცხოვრებაში წარმატება ჩემთვის ნიშნავს…
-ჩემთვის წარმატება ცხოვრებაში იმის მიღწევაა, რაც მე გამაბედნიერებს.
-შეიძლება ბედნიერმა შემთხვევითობამაც მოგვიტანოს წარმატება, მაგრამ მთავარია მაინც რამდენად ეცდება ადამიანი საკუთარი მიზნების მიღწევას, იმასაც გააჩნია, ვისთვის რა არის წარმატება.
-სად ხედავ თავს 5 წლის შემდეგ…
-5 წლის შემდეგ ჩემს თავს ვხედავ, როგორც წარმატებულ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც განათლების მიღებას უცხოეთში აგრძელებს, პარალელურად მუშაობს თავისი პროფესიით და მუდმივად ცდილობს განვითარებას.
-ყველაზე მთავარი ადამიანები შენს ცხოვრებაში.
– ოჯახის წევრები და საუკეთესო მეგობრები, რომელთა გარეშეც ცხოვრება ძალიან გამიჭირდებოდა.
-რა უნდა იცოდეს შენზე საზოგადოებამ.
– საზოგადოებამ ჩემს შესახებ რაც უნდა იცოდეს, არის ჩემი მიზანდასახულობა, მინდა ეს სიტყვები ყველასთვის მოტივაციად იქცეს და არ შეწყვიტონ ბრძოლა იმ მიზნებისთვის, რაც ცხოვრებაში აქვთ დასახული.
-პანდემია რომ დასრულდება, პირველი რას გააკეთებ?
-დიდ წვეულებას მოვაწყობ მეგობრებთან ერთად.
-რას ეტყოდი მათ, ვინც ახლა გადის იმ გზას, რომელიც შენ გაიარე?
-დაისახეთ მიზანი და ყველაფერი გააკეთეთ ამ მიზნის მისაღწევად. არაფრის შეგეშინდეთ, არასდროს დანებდეთ, ბევრი იშრომეთ და აუცილებლად მიაღწევთ იმას, რაც გსურთ.
-როგორ ქვეყანაში ისურვებდი ცხოვრებას.
-ისეთ ქვეყანაში, სადაც ხალხს ერთმანეთი ეყვარება, ერთმანეთის დაფასება ეცოდინებათ და პატივს სცემენ ერთმანეთს. მჯერა, თუ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ შური და მტრობა არ ექნებათ, ქვეყანაშიც ყველაფერი ბევრად უკეთესად იქნება.
-ირინკა, დაგვისახელე მომავალი წარმატებული ადამიანი, ვის ხილვასაც ისურვებდი ჩვენს რუბრიკაში.
– თქვენს რუბრიკაში დავასახელებ ჩემთვის ერთ-ერთ წარმატებულ ახალგაზრდას ქრისტინე ქუქჩიშვილს, ის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტი, ბოლნისის ქალთა რადიო WW-ს ჟურნალისტია.
-წარმატებას ვუსურვებთ რუბრიკის სტუმარს მომავალ საქმიანობაში, შემდეგ ნომერში კი ქრისტინე ქუქჩიშვილს გაგაცნობთ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც კერძო, ასევე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში Covid-19-ის შემთხვევების დაფიქსირების შემთხვევაში, ბაღის სრულად კარანტინში გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება.
ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით განახლებულ რეკომენდაციებშია ნათქვამი.
„შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს მაღალი და დაბალი რისკის კონტაქტები, ამის გათვალისწინებით, თუ ბაღის სივრცეში კოვიდი დაფიქსირდა, ასეთ შემთხვევაში სრულად კარანტინში ბაღის გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება. თუ ინფიცირებული არის ბავშვი, გადავა მთელი ჯგუფი კარანტინში და არა მთელი ბაღი. დაავადებულთა კონტაქტში მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ყველა პირი გადავა იზოლაციაში, დანარჩენები გააგრძელებ სააღმზრდელო საქმიანობას. თუ პედაგოგი დაინფიცირდა და მას სხვა პედაგოგებთან ჰქონდა მაღალი რისკის დაუცველი კონტაქტი, ასეთ შემთხვევაში გადაწყდება სრულად გადავიდეს თუ არა ბაღი კარანტინში, რადგან საქმე რამდენიმე პედაგოგს ეხება. თუ დამლაგებელი გახდა ავად, რატომ უნდა დაიკეტოს ბაღი? ჩატარდება ეპიდმოკვლევა, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს დამლაგებელთან კონტაქტში მყოფი პირი მაღალი რისკის მქონედ და რა შემთხვევაში დაბალი რისკის მქონედ. თუ დაბალი რისკის კონტაქტი ჰქონდა ბაღის სხვა პერსონალთან, არ მოუხსნია პირბადე, არავისთან შესულა, რატომ უნდა გავუშვათ მთელი ბაღი კარანტინში? ეს ახალი რეგულაციები ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბაგა-ბაღებზე, როგორც კერძოზე, ასევე საჯაროზე,“- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა ციცო დილებაშვილმა.
რაც შეეხება მაღალი და დაბალი რისკის მქონე კონტაქტების განსაზღვრებას, დოკუმენტის მიხედვით, მაღალი რისკის მქონე კონტაქტია, პირი, რომელსაც ჰქონდა პირბადის გარეშე შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი დროით; ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან; ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი COVID-19-ის შემთხვევის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ:შეხველება); რომელიც დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე იმყოფებოდა (მაგ. საცხოვრისი, საკლასო ოთახი, სასადილო /შეხვედრების ოთახი და ა.შ.) COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში. ხოლო დაბალი რისკის მქონე კონტაქტია პირი, რომელსაც ჰქონდა პირდაპირი შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 2 მეტრზე ნაკლები, მაგრამ 1 მეტრზე მეტი დისტანციით 15 წუთზე ნაკლები დროით; იმყოფებოდა COVID-19 – ით ინფიცირებულთან დახურულ სივრცეში, სათანადოდ მორგებული პირბადით, 15 წუთზე ნაკლები დროით.
„მაღალი რისკის კონტაქტები ექვემდებარებიან თვითიზოლაციის (ან კარანტინის) რეჟიმს; მაღალი რისკის სრულად ვაქცინირებული კონტაქტები არ ექვემდებარებიან თვითიზოლაციას/კარანტინს იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფილი იქნება ექსპოზიციიდან (ინფიცირებულთან კონტაქტიდან) მე-3 და მე-5 დღეს COVID-19-ის სწრაფი ტესტის ჩატარება, დაავადების სიმპტომებისა და პირბადის სათანადოდ გამოყენების მონიტორინგი. დაბალი რისკის კონტაქტებს ეძლევა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გაგრძელების რეკომენდაცია ინფიცირებულთან კონტაქტის ბოლო დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის დაცვით (სამედიცინო პერსონალის საჭიროების გარეშე); არ არის საჭირო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტირება, თუ მათ იზოლაციის/კარანტინის პერიოდში COVID-19-ით ინფიცირების არცერთი ნიშანი არ გამოუვლინდება,“- ნათქვამია დოკუმენტში.
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 3 988 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 699 შემთხვევა, აჭარა – 239, იმერეთი – 658, ქვემო ქართლი – 215, შიდა ქართლი – 312, გურია – 158, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 301, კახეთი – 170, მცხეთა-მთიანეთი – 131, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 964 საიდანაც: 5 999 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 360, აჭარაში – 511, იმერეთში – 1 273. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 479 პირი, მათ შორის, თბილისში – 596, აჭარაში – 124, იმერეთში – 440. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 38, იმერეთში – 31. 1 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 – თბილისში, 265 – აჭარაში. 33 814 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 32, ხოლო აჭარაში – 2.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 13 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 926 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში დამატებით 12 000-მდე ვაქცინაცია ჩატარდა.
ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, ეთნიკურ უმცირესობებთან ვაქცინაციის პროცესი პრობლემად რჩება. „იმ სოფლებში, სადაც იწარმოება ვაქცინაციის მარათონი, დაახლოებით 12 000-მდე დამატებითი აცრა არის გაკეთებული. ეს ნიშნავს, რომ მეტი ცნობიერება შევიდა სოფლებში, მაგრამ უფრო მეტი სტიმული აცრებს მისცა 200-ლარიანმა წახალისებამ, ასევე მეტად წაახალისა „მწვანე პასპორტებმა“. 90 000-მდე დამატებით ადამიანია 60 წლის ზემოთ აცრილი. ეთნიკურ უმცირესობებთან ვაქცინაციის პროცესი პრობლემად რჩება. გიდასტურებთ, აქ მეტი სამუშაოა, ენის ბარიერი და სხვა პრობლემები რჩება. ამ საკითხზე ვმუშაობთ მთელი გუნდი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოფელ-სოფელ, მათ შორის იმ სოფლებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები სახლობენ და იქ ახსნა-განმარტებითი მეტი მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.