პარასკევი, აგვისტო 15, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 140

ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება

0

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც ონლაინ სათამაშო ბიზნესის საქმიანობას არეგულირებს.

2022 წლის 1-ლი იანვრიდან, სექტორის დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. 1-ლი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება.1 მარტიდან, მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც. აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე – რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე.სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

დავით ლორთქიფანიძემ ბოლნისის ახალ მუზეუმში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

0

ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის – ,,ევროპის წლის მუზეუმი – 2022″ ფინალურ ნომინანტად დასახელდა. კონკურსთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ბოლნისის ახალ მუზეუმში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები და საყდრისის კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.დავით ლორთქიფანიძემ სტუმრებს ბოლნისის ახალი მუზეუმი დაათვალიერებინა და კონკურსის მნიშვნელობასა და ბოლნისის მუზეუმის კონცეფციაზე დეტალურად ისაუბრა.ევროპის საუკეთესო მუზეუმებს ევროპის მუზეუმების ფორუმი 2022 წლის მაისში, ესტონეთის ქალაქ ტარტუში, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს. ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) დაფუძნდა 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით. ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით.

ბოლნისის მუნიციპალიტეტს ციფრული ტექნიკა გადაეცა

0

UNDP-ის ეგიდით, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ციფრული ტექნიკა გადაეცაქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, UNDP-ის ხელმძღვანელ ნიკ ბერესფორდს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანს უმასპინძლა. შეხვედრას მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილიც ესწრებოდა.შეხვედრის ფარგლებში, UNDP-ის ეგიდით, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობის ფარგლებში, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს, მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტს, ციფრული ტექნიკა – კომპიუტერები, პორტატიული სკანერები და მრავალფუნქციური პრინტერები გადაეცა, რაც ელექტრონული მუნიციპალური სერვისების მიწოდებასა და შორეულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების მომსახურებას შეუწყობს ხელს.აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელებული აქტივობები განიხილეს და სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები დასახეს. ყურადღება გამახვილდა, რეგიონში პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების პროცესში პარტნიორი, საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

1-დან 10 იანვრამდე საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა

0

1-დან 10 იანვრამდე საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა. 

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

“სკოლებში არდადეგებია 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უქმე დღეებად გამოცხადდეს 1-ლი იანვრიდან 10 იანვარმდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძოს სექტორს შეუძლია გადაწყვეტილება თავად მიიღოს და უქმე დღეებად გამოაცხადოს ეს პერიოდი”. – თქვა გიორგი ღიბრაძემ. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე სხვა დამატებითი შეზღუდვა არ დაწესებულა. 

პედაგოგიურ ფუსფუსში გაქცეული წლები

0

ჩვენს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცხოვრებით მისაბაძები ხდებიან. ამოუცნობია, როგორ აღწევენ ისინი ერთდროულად იყვნენ ძლიერებიც და თავმდაბლებიც, საქმის პროფესიონალები, კარგი მეგობრები და სამაგალითო ადამიანები, სწორედ ასეთ ქალბატონზე მოგიყვებით. გიამბობთ 88 წლის ნუნუ მუსერიძეზე, რომელიც 38 წლის მანძილზე პედაგოგად მუშაობდა, პირნათლად ასრულებდა საქმეს, რომელიც მთელი გულით უყვარს. პროფესია პედაგოგობა ხომ ერთ-ერთი რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, სწორედ მასზეა დამოკიდებული მოსწავლეთა პიროვნული ფორმირების პროცესში  ხელშეწყობა. მუშაობის პროცესში მისი ძირითადი მიმართულება  სწორი აზროვნების ჩამოყალიბება და ცოდნის გადაცემა იყო. ბავშვებზე უზომოდ შეყვარებულ ნუნუ მასწავლებელს წლები ისე შემოელია, რომ საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია, თითოეული ბავშვი საკუთარი შვილივით უყვარდა, მათი ბედნიერებით ცხოვრობდა. უამრავი თაობა აღზარდა, მას შემდეგ კი, როცა საპენსიო ასაკის შეიქმნა, გზა ახალგაზრდებს დაუთმო და დღეს ისე ცხოვრობს, როგორც პენსიონერს შეჰფერის, თუმცა პროფესიის მონატრებას ვერ გრძნობს, რადგან სახლში ჯერ დისშვილებს, ახლა კი შვილიშვილს ამეცადინებს და წარსულს ასე იხსენებს.

-გვიამბეთ თქვენზე, როგორ მოხვდით ბოლნისში?

-მე ვარ ნუნუ მუსერიძე, ყოფილი პედაგოგი, აწ უკვე პენსიონერი. დავიბადე 1933 წლის 15 სექტემბერს ქ. ონში, მყავს ერთად-ერთი დედ-მამიშვილი – უფროსი და ცირა მუსერიძე. ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა ქ.ონში.  6 წლამდე იქ ვიზრდებოდი, თუმცა პატარა ასაკიდან გამომდინარე, რაჭაში გატარებული წლები თითქმის არ მახსოვს. ყველას კარგად მოგეხსენებათ, ბოლნისი ძველი გერმანული ქალაქი იყო. მას შემდეგ, რაც გერმანელები გადაასახლეს შუა აზიაში, დაიწყო დასავლეთ საქართველოდან სოფლად მცხოვრები მოსახლეობის  ჩამოსახლება. ჩემი ოჯახი 1942 წელს ჩამოვიდა აქ, სააკაძის ქუჩაზე მოგვცეს საცხოვრებელი სახლი, მშობლებმა დაიწყეს მუშაობა, ხოლო მე და ჩემი და შევედით სკოლაში. იმ პერიოდში სკოლა  მდებარეობდა სააკაძის ქუჩაზე, ახლანდელი სპორტული სკოლის გვერდით მდებარე სტადიონის ადგილას (შემდეგ იქ ფუნქციონირებდა „ღამის სკოლა“).  შემდგომ აშენდა ახლანდელი №1 საჯარო სკოლა, რომლის მშენებლობაშიც ჩვენ, მოსწავლეებმაც შევიტანეთ წვლილი. მყავდა საუკეთესო მასწავლებლები. ძალიან განათლებული, მეგობრული, პატივსაცემი ადამიანები, ყველაზე კარგად მახსოვს  დაწყებითი კლასების დამრიგებელი – თინა ქუთათელაძე, მაღალი კლასის დამრიგებელი – რაჟდენ შკუბულიანი და ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი – შალვა ბაკურაძე, რომელმაც დიდი როლი შეასრულა  პროფესიის არჩევისას.

ბავშვობას ლაღად და მხიარულად ვატარებდი მეგობრებთან ერთად.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მიყვარდა ყველა საგანი, თუმცა ფიზიკა-მათემატიკა განსაკუთრებულად მომწონდა, ამიტომ ავირჩიე მომავალ პროფესიად ფიზიკოსობა. სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე, ამიტომ მისაღები გამოცდების გარეშე,  გასაუბრების შედეგად ჩავირიცხე ივ.ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სამუშაოდ გამანაწილეს ბოლნისში, მუშა-ახალგაზრდობის საშუალო სკოლაში (ღამის სკოლა) ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად. იმავე პერიოდში გარდაიცვალა ბოლნისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის მათემატიკის მასწავლებელი და მის ნაცვლად მიმიღეს სამსახურში. საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი.

-პროფესია პედაგოგობა რატომ აირჩიეთ და რამდენი წელი ემსახურეთ, რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ მასწავლებელი?

-როგორც ვთქვი, პროფესიის არჩევაში ფიზიკა-მათემატიკის სიყვარული აღმოჩნდა გადამწყვეტი.  საბოლოოდ 38 წელი ვიმუშავე, უკეთესი პროფესია ვერც კი წარმომიდგენია. ოჯახი არ შემიქმნია. საკუთარი შვილები არ მყოლია, თუმცა თითოეული  მოსწავლე ჩემთვის იყო როგორც საკუთარი, მასწავლებლები მრავალშვილიანი დედები ვართ. სწორედ ამიტომ მიყვარს ეს პროფესია.

პედაგოგიური მოღვაწეობის ბოლო წლები გავატარე სოფელ ქვეშის სკოლაში, სადაც ვასწავლიდი როგორც ფიზიკას, ასევე მათემატიკას. აქ შევიძინე უამრავი მეგობარი, ძალიან თბილად მახსენდება იქ გატარებული წლები.

-როგორი უნდა იყოს პედაგოგი და რა იყო თქვენი ძირითადი სამუშაო მიმართულება?

-ჩემი ძირითადი სამუშაო მიმართულება ყოველთვის იყო მოსწავლისთვის სწორი აზროვნებისა და ცოდნის გადაცემა. პედაგოგი პირველ რიგში უნდა იყოს პროფესიონალი,თავისი საგნის კარგი მცოდნე, აგრეთვე გულისხმიერი და ბავშვების მოყვარული.

-როგორი იყო  თაობა და ზოგადად ცხოვრება?

-ვფიქრობ, ყოველ ბავშვს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა.  ყველა ბავშვს ერთნაირად ვერ მოსთხოვ. ზოგს მეტი შეუძლია, ზოგს ნაკლები. ბავშვები არიან განსხვავებულები და მათთან საჭიროა ისეთივე მოქცევა, როგორც მათ პიროვნებას სჭირდება. მათი შესწავლა და შეცნობაა საჭირო.

ჩემს პერიოდში ცხოვრება რთული იყო, თუმცა ადამიანებს შორის ურთიერთობა გაცილებით თბილი. ცხოვრების სირთულეში ვგულისხმობ იმას, რომ იდგა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი, ქვეყანა ეკონომიკურად გაუმართავი იყო და  ადამიანებს დიდი შრომა სჭირდებოდათ ცხოვრების უკეთესი პირობების შესაქმნელად. ამისდა მიუხედავად მაშინ ბევრად ახლო ურთიერთობები გვქონდა. ხშირი მიმოსვლა ნათესავ-მეგობრებთან, ადამიანები მეტად ვედექით გვერდში ერთმანეთს, ვიდრე ახლა.

-დღეს როგორ ცხოვრობთ?

– ვარ პენსიონერი. ვცხოვრობ  დისშვილთან და მის ოჯახთან ერთად. ვთვლი, რომ ვარ ჩემი ასაკის ადამიანის შესაფერის პირობებში. მყავს თბილი და მოსიყვარულე ოჯახი. ხანდახან დის შვილთაშვილს -ლიზიკოს ვამეცადინებ და  წარსულს ვიხსენებ.

-როგორია ცხოვრება სკოლის მიღმა?

– საუკეთესო წლები იყო სკოლაში, ბავშვებთან გატარებული ახალგაზრდობის წლები, როცა ვასრულებდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას. ყველაზე მეტად მენატრება მოსწავლეებთან ურთიერთობა, გაკვეთილის ჩატარების პროცესი. თუმცა ცხოვრება სკოლის მიღმა, ჩემი ასაკის ადამიანისთვის სასიამოვნოც და აუცილებელიცაა. 60 წლის ასაკში, როდესაც დამენიშნა პენსია, ჩავთვალე თავი მოვალედ, გზა დამეთმო ახალგაზრდებისთვის.

-რას ურჩევთ დღევანდელ პედაგოგებს, ბავშვებს?

-დღევანდელ პედაგოგებს ვურჩევ, მოსწავლეებთან იყვნენ მუდმივად თბილ ურთიერთობაში, მიუხედავად მათი აკადემიური მოსწრების და შესაძლებლობებისა. ბავშვებს კი შრომისმოყვარეობისკენ მოვუწოდებდი.

-თქვენი გადმოსახედიდან, რას შეცვლიდით და რას ისურვებდით?

-ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში უფრო მოწესრიგებული იყო. ვგულისხმობ იმას, რომ ერთმანეთის მიმართ მათ ჰქონდათ უფრო მეტი მორიდება და პატივისცემა. ვისურვებდი, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა მეტი მონდომებით ეკიდებოდეს საგნის სიღრმისეულ შესწავლას.

-მადლობა გაზეთ „ბოლნისს“ ჩემს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის, მადლობა თქვენ, რომ გახსოვართ.

-„გაზეთი ბოლნისის“ სახელით მადლობას გიხდით საინტერესო საუბრისთვის და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.

მაგდა დევნოზაშვილი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი 24 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებაზე გეპატიჟებათ

0

წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 24 დეკემბერს თქვენთვის მასშტაბური ღონისძიებები დაგეგმა.

ყველა ასაკისა და გემოვნების სტუმარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოწყობილ საახალწლო სოფელში, არაერთი საინტერესო აქტივობა დახვდება.
14:00 საათი- საახალწლო სოფლის გახსნა – თოვლის ბაბუა პატარებისთვის, ბოლნისელი ხელოვანების ნამუშევრებისა და მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
17:00 საათი- თბილისის ქალთა გუნდის კონცერტი, საახალწლო ნაძვის ხის საზეიმო ანთება და გრანდიოზული ფოერვერკი
18:00 საათი- ბოლნისის ბენდი, DJ სეტი

შევიქმნათ საახალწლო განწყობა, ერთად ავანთოთ ნაძვის ხე და რაც მთავარია, ჩვენი და ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობისთვის დავიცვათ კოვიდ რეგულაციები.

გელით ყველას!

საქართველოში „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა

0

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

“ორივე საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში. ორივე იზოლირებულია. მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა”, – აღნიშნავს გამყრელიძე.

შეგახსენებთ, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში, ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა. მას სპეციალისტები ჯერ კიდევ იკვლევენ იმის დასადგენად, იწვევს თუ არა აქამდე აღმოჩენილ ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ „ძალიან მაღალ” გლობალურ რისკს წარმოადგენს.

საქართველოში ბუსტერ დოზით 46 562 პირი აიცრა

0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ 2 380 972 აცრაა ჩატარებული. მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 254 991 ადამიანი – 18 ასაკის მოსახლეობის 43.7%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1 078 455 ადამიანი – 18 ასაკის მოსახლეობის 37.6%.

„ბუსტერ” დოზა გაკეთებული აქვს 46 562 ადამიანს. 18 დეკემბერს აიცრა 7 081 ადამიანი”, – წერია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეპურე ქალის აფხაზეთში დაბრუნების გაუნელებელი ოცნება

0

ლია უგრეხელიძის დილა 6 საათზე, თონის გახურება-ჩაცხრობით, ცომის მოზელა-ამოსვლით, ამოგუნდავებული მასის ბალიშზე დაკვრითა და თონეში ჩაკვრით იწყება.

ახალგაზრდა მცირე მეწარმე, ყოველდღიურად 400-დან 500-მდე ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ შოთის უგემრიელეს პურს აწარმოებს და დაქირავებულ მუშახელთან ერთად, თავადაც აქტიურადაა ჩართული ბიზნესის წარმოებაში.

ლიას მთავარი მამოძრავებელი ძალა საქმის სიყვარული, ენერგია და მონდომებაა. საცხობის გახსნის დღიდან თავადაც დაიწყო  თონეში პურის ჩაკვრა, მართალია თავიდან გაუჭირდა, მაგრამ არ შეეშვა და დღეს იგი საუკეთესო მეპურე ქალია ბოლნისში.

კარგ მცხობელთან ერთად, ლია ქველმოქმედია, საკუთარი შემოსავლის წყარო აძლევს იმის საშუალებას გაიღოს უანგაროდ და თუნდაც მცირედით დაეხმაროს ადამიანებს. მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დროს, მან არა ერთ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა, მრავალშვილიან ოჯახებს, ცხელ-ცხელ შოთის პურებს სახლში მიტანით თავად ურიგებდა. სიკეთის ფერხულში ყოფნა მისთვის დიდი ბედნიერებაა, ნანობს, რომ ჯერ-ჯერობით ბიზნესს ვერ აფართოებს, ვერ ასაქმებს მეტ ადამიანს და ვერ ეხმარება სოციალურად დაუცველებს ისე, როგორც თავად უნდა.

ლია  აფხაზეთიდანაა. 6 წლისამ დედასთან და 2 დედმამიშვილთან ერთად დატოვა სოხუმი, უმამოდ, დევნილობაში გაზრდილმა კარგად იცის გაჭირვების, უქონლობის და დახმარების ფასი, სწორედ ეს ყველაფერი გახდა მოტივატორი დაეწყო კერძო საქმიანობა, გასჩენოდა საკუთარი შემოსავლის წყარო და ეკეთებინა სიკეთე, რომელიც მას დიდ ბედნიერებას ანიჭებს.

-ლია, როდის დაიწყე პურის ცხობა?

-4 წლის უკან გაჩნდა იდეა გამეხსნა საცხობი, სადაც ვაწარმოებდი შოთის პურს, ავიყვანე კარგი ხაბაზი, რომელმაც მასწავლა ცხობა და ასე, ნელ-ნელა მოვედი დღემდე.

-ქალისთვის მეპურეობა ალბათ შრომატევადი და დამღლელი საქმეა.

-რა თქმა უნდა რთულია, ყოველდღიურად 4 ტომარა ფქვილის მოცომვა, თონის მომზადება, 500-მდე შოთის პურის გამოცხობა და მისი რეალიზება, მქონდა მძიმე პერიოდიც, ერთწლიანი პაუზა, რომელიც გამოწვეული იყო ავტო-საგზაო შემთხვევის დროს მიღებული სერიოზული ტრამვით.

-ლია, ბოლნისში ბევრი თონეა, თუმცა ქალი მეპურე, არსად.

-დღემდე უკვირთ, რომ დამინახავენ თონეში პურს როგორ ვაკრავ, მეუბნებიან „გოგო და მეპურეო“? – იყო შემთხვევები, როცა პური ჩამვარდნია, მაგრამ დიდად არ მინერვიულია, ვიცოდი რომ გამომივიდოდა.

-რა განიჭებს ყველაზე დიდ ბედნიერებას?

-რა თქმა უნდა ჩემი შვილის ლაღი და ხალისიანი სახე,  როცა ვაკეთებ სიკეთეს, ვეხმარები ადამიანებს და ჩემი მცირედი წვლილი შემაქვს მათ კეთილდღეობაში.

-რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გსურს?

-როგორც ყველა დევნილის, ჩემი სურვილიც აფხაზეთში დაბრუნება და დაკარგული ტერიტორიების შემოერთებაა.  მთავარია გვიყვარდეს ერთმანეთი, ვაკეთოთ სიკეთე და ვიყოთ მიმტევებლები.

ავტორი:მარინა გავაშელი

19 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეა

0

19 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია მონასტერში შესრულდება.ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში წმიდა ნიკოლოზის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული.