ის ცოცხალი მემატიანეა, ყველაფერი ახსოვს და ეფერება ტკბილ-მწარე მოგონებებს. მას რკინის ნებისყოფა, ხასიათი და სიმტკიცე აქვს, უნდა ყველაფერი მოასწროს, ფურცლებზე გადმოიტანოს და ახალგაზრდებს დაუტოვოს ის ისტორია, რასაც ბოლნისი, ეკატერინენფელდი-ლუქსემბურგი ჰქვია- ეს სამება მასში განუყოფლადაა, ისევე როგორც, იმ დროს ჩამოსახლებულ-გადასახლებული გერმანელები, თუ ადგილობრივი ქართველები, რომლებიც მის სულში და წარსულში ერთნაირი განცდებით, სიმძაფრით და სიყვარულით ცხოვრობენ. ვინც ქალბატონ ნათელას იცნობს, იცის მისი ხასიათი და ბუნება, უდაოდ დამეთანხმება, რომ ის ძალზედ საინტერესო პიროვნებაა თავისი წარსულით, ოჯახით, მდიდარი სულიერი სამყაროთი, მან რვა ათეული წელი წიგნებში ჩაფლულმა და მოგზაურობაში გაატარა. აქვს უნარი ჭეშმარიტების შეცნობის, მთელი ცხოვრება ცდილობდა, მეტი შუქი მოეფენა თავისი გონებისთვის და გამხდარიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო. როგორც ჭეშმარიტ სწავლულს შეეფერება, ისწრაფოდა ეცხოვრა წიგნებსა და საყვარელ ადამიანებს შორის, მოგზაურობის სურვილით აღტაცებულს და მისი გახსენებით ბედნიერს. წლები სწრაფად მიჰქრიან და ასაკიც მალე შემოეპარა, თითქოს გუშინ იყო განუმეორებელი ახალგაზრდობა, სტუდენტობა, მოგზაურობა, ლამაზი და შინაარსიანი დღეები. ნომრის სტუმარია ნათელა გრიგოლია- ვახვახიშვილი(ტუკია)
შტრიხები ბიოგრაფიიდან:
მამა რუბენ გრიგოლია იყო რაიონის მთავარი მიწათმომწყობი, დაიღუპა 1953 წელს სტალინგრადთან ომის დროს. დედა ანა ელიზბარის ასული ვახვახიშვილი, წარმოშობით კახელი, თბილისში დაბადებული და გაზრდილი, შემდგომში გადმოსახლებული ოჯახთან ერთად მაშინდელ ეკატერინენფელდში. სახლის სარკმლიდან დანახულმა უკიდეგანო ლურჯმა ცამ და ბუნების საოცარმა სიმწვანემ შთააგონა, რომ უნდა ემოგზაურა, დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი, პირველად, როგორც საუკეთესო სტუდენტმა, იმოგზაურა მარშუტით: მოსკოვი-ლენინგრადი-რიგა, ეს იყო მისი პირველი გასვლა ნანატრ სივრცეში. ამის შემდეგ, მოგზაურობა მისი განუყრელი ნაწილი გახდა, ცხოვრობდა აქტიური ცხოვრებით, უყვარდა სპორტი, სიმღერა, ცეკვა და ამ ყველაფრის, პატარ-პატარა ნიჭიც ჰქონდა. დაჯილდოებულია საკავშირო ჯილდოებით, დიპლომებითა და მედლებით, აქვს საბჭოთა კავშირის დამსახურებული ტურისტის წოდება.

ვახვახიშვილები ეკატერინენფელდიდან:
,,ჩემს საყვარელ ანიკოს, ვახვახიშვილების სიამაყეს, გონიერ და განათლებულ ქალს, სიყვარულით და პატივისცემით ლიზა ვახვახიშვილისგან, ჩემო ანიკო, დაიმახსოვრე: დავით გურამიშვილის დედა მზექალა ვახვახიშვილი იყო, ისტორიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის დედა, სოფიო ათანასეს ასული ვახვახიშვილი იყო. იურისტ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის დედა ვახვახიშვილის ქალი იყო და იამაყე“. ასეთი წარწერა ამშვენებს წიგნს, რომელიც ანიკოს ბიძაშვილმა ლიზამ უსახსოვრა. იგი ცნობილი ლიტერატორი, ზვიად გამსახურდიას მასწავლებელი და მრჩეველი იყო,ზეპირად იცოდა ვეფხისტყაოსანი. ანა ვახვახიშვილს, საამაყო გვარიშვილობამ, გულისტკივილიც ბევრი აწვნია. მთელი ცხოვრება ბოლნისში გაატარა, სამი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად ძველ ეკატერინენფელდში ჩამოვიდა, მას შემდეგ ეს ქალაქი არც დაუტოვებია და იქცა ამ დიდი ისტორიის განუყოფელ ნაწილად და მემატიანედ.
,,დედა სულ შრომით იყო დაკავებული, შრომამ და ერთგულმა მეგობრებმა გადაატანინეს არაერთი ტრაგედია, მე მზრდიდა ჯერ 17 წლის ოლია, მერე რუსი ევდოკია ბებია, ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა გერმანული წეს-ჩვეულებებით, ვკლავდით ღორებს, ვაკეთებდით ძეხვეულს, ვაცხობდით შობა-ახალ წლისთვის ნაზუქებს, ხილეულს და ასე შემდეგ, ვამზადებდით უგემრიელეს საჭმელებს. 1921 წლის გასაბჭოების შემდეგ, საქართველოში აირია მოსახლეობა, ეკატერინენფელდში გასაბჭოებამდე, მარტო გერმანელები ცხოვრობდნენ, გარდა 3-4 ქართული ოჯახისა, მათ შორის ჩვენი ოჯახი იყო, რადგან ბაბუა გამოგზავნეს ქვემო ქართლის მთავარ მეტყევედ, მას ძალიან მოეწონა გერმანელების დასახლება და თბილისიდან ოჯახი ჩამოიყვანა. ეკატერინენფელდში მთელი გულით შეიყვარეს მაღალი კულტურის ხალხი. შვილები შეიყვანეს გერმანულ სკოლაში, ბებია კი ამ სკოლაში გერმანელებს ქართულს ასწავლიდა, გასაბჭოების შემდეგ, ოდესღაც დიდმა და ბედნიერმა ოჯახმა, სასტიკი და რთული ცხოვრებისეული სკოლა გამოიარა, რადგან ამ ოჯახს გვარიშვილობის გამო, სულ დევნიდნენ, ომის შემდეგ დედა და მე დავრჩით, დედამ ჩვენი ოჯახის მძიმე ტვირთი იტვირთა და მთელი ცხოვრება დაუღალავ შრომაში გაატარა, სანამ გერმანელებს გადაასახლებდნენ, ერთგული მეგობრები დედას მხარში ამოუდგნენ და მარტოობა არ აგრძნობინეს, რადგან ჩვენს ოჯახს, არც რეპრესია და არც ომის ქარტეხილი აკლდა.

განათლება:
,,დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1977 წლიდან 2019 წლამდე ვასწავლიდი ნომერ პირველ ქართულ საშუალო სკოლაში და სხვადასხვა სოფლის სკოლებში ქიმიას. სადაც 40 წელი ვიმუშავე, მაგრამ გამიჭირდა, თუ რამე პრობლემა მქონია სკოლასთან დაკავშირებით, ყველაფერი ხდებოდა იმიტომ, რომ ვითხოვდი წესრიგს, პასუხისმგებლობის გრძნობას, დროის ყადრს, ეს კი დეფიციტი იყო ყოველთვის, და ასეა ახლაც, ამ ყველაფერთან შეგუება გამიჭირდა. მე ხელისგულზე გადაშლილი ვარ, ჩემში არაფერი იმალება, არ მიყვარს ზურგსუკან ლაპარაკი, განსაკუთრებით მიყვარს ბავშვი, მისი ხალასი და უბოროტო ბუნებით, ამიტომ მინდა ის ჩასწვდეს სილამაზეს და გაიგოს, რომ დრო ოქროზე ძვირფასია, არ უნდა გაანიავოს, ეს კანონზომიერებაა და მისი დარღვევა ჩემში ყოველთვის პროტესტს იწვევდა, ასეა ახლაც“.


მოგზაურობები, შთაბეჭდილებები:
,,არაერთხელ ვარ ნამყოფი ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, გახლდით შორეულ ცენტრალურ ციმბირში, კრასნოიარსკში, ხაბაროვსკში, თუ შუა აზიის ქვეყნებში. მოვლილი მაქვს შორეული ჩრდილოეთი არქტიკა, ამიერპოლარეთი, კუნძული ტიქსი, დიქსონი, ბიკოვო, კურილიის კუნძულები, იაპონიის საზღვარი, სახალინი, კოლის ნახევარკუნძული, ზღვები, ოკეანეები, მათ შორის ყინულოვანი ოკეანე მცურავი ყინულებით, შემოვიარე ყველა უდიდესი მდინარე: ლენა, დუნაი, ირტიში, ამური, ანგარა, ენისეი, ობი, სუხინა, ვოლგა, დნეპრი, დაუგავა. მოვინახულე ტობოლსკში დეკაბრისტების საფლავები, აგრეთვე სტალინის, სვერდლოვის, ორჯონიკიძის სახლ-მუზეუმები, ვნახე უზარმაზარი მამონტის ფიტულა ხაბაროვსკში, ვლადივოსტოკში თევზების უნიკალური აკვარიუმი, ბაიკალზე ვინახულე ლიმნოლოგიური მუზეუმი, ქალაქ იგარკაზე (არქტიკაში) დავათვალიერე მსოფლიოში განთქმული მუდმივი გამყინვარების ზონაში მიწისქვეშა საკვლევი ლაბორატორია, რასაც ბუნებრივ მაცივარს ეძახიან. 200 კმ გავიარეთ ტაიგაში მანქანით, დავათვალიერეთ ცნობილი ალმასის მუზეუმი, რომლის დირექტორიც აღმოჩნდა ქართველი, გვარად გომელაური. მდინარე ლენას ხეობაში მოგზაურობის დროს ვნახე მეტად საინტერესო ადგილები ოქროს საბადოები, ბოდაიბო და ვიტინის მდინარეების ხეობები, რომელიც მე-17-ე საუკუნიდან მოყოლებული, ვაჭართა ინტერესის საგანს წარმოადგენს, ეს საბადო აღმოაჩინა ადგილობრივმა ქართველების ჯგუფმა, დავიპყარით ვულკანი კამჩკატკის ნახევარკუნძულზე. მოსკოვიდან 10 საათი ვიფრინეთ, ვუყურეთ დღის და ღამის გასაყარს. ქალაქ პეტრო პავლოვსკში მოვინახულეთ ეთნოგრაფიული მუზეუმი, ვიტუს ბერინგის მუზეუმი, მერე გავემგზავრეთ გეიზერების ველზე, ეს გახლავთ მიწიდან ამოხეთქილი ცნობილი 28 მოქმედი ვულკანი, ჩვენ დავიპყარით ავაჩის ვულკანი, რომლის სიმაღლე 2741 მეტრი იყო, ეს იყო მოქმედი და დროებით მიძინებული ვულკანი, აქ დიდი იყო რისკის ფაქტორი, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ, მწვერვალზე ავიტანეთ ქართული დროშა, წინ მთელი სამყარო გადაიშალა, თითქოს ღრუბლებში დავდიოდით, შორს ჰორიზონტზე მოჩანდა წყნარი ოკეანე, რომელიც ესაზღვრება ალიასკისა და ამერიკის ნაპირებს. როდესაც შორეულ აღმოსავლეთში ვიმოგზაურე, ვინახულე 1937 წელს გადასახლებული, უდანაშაულო ადამიანთა საფლავები, რომლებიც ხის ძელებით იყო შემოღობილი და თითოეულ საფლავზე დიდი ხის ჯვარი იყო გაკეთებული, მიწა არ ეღირსათ, ქვიშაში უბადრუკად ჩაფლული მათი სხეული, ისევ უბადრუკად ამოიყარა აღმოსავლეთის დაუნდობელი ქარიშხალის მიერ, ვიხილე მიმოფანტული ჩონჩხები, ეს საშინელი სანახაობა იყო. თეთრ ზღვაში მოგზაურობისას, ქალაქ არხანგელსკიდან გემით გავემგზავრეთ ტურისტები, ჩაგვიყვანეს სოლოვეცის კუნძულზე, იქ ვიხილეთ მე-15, მე-16 საუკუნეების უზარმაზარი ციხესიმაგრე, შვედების აშენებული.


ბოლნისი, ეკატერინენფელდი, ლუქსემბურგი:
,, თუ რატომ მოინდომეს გერმანელმა შვაბებმა კავკასიაში ჩასახლება, ამის შესახებ სამ ვერსიაზე საუბრობენ: პირველი- თავი დაეღწიათ ნაპოლეონის ომებისთვის, მეორე ვერსიით შრომის კულტურა შემოეღოთ განაპირა ჩამორჩენილ კავკასიის ხალხში, და მესამე, არარატის მთაზე ქრისტეს მეორედ მოსვლა უნდა მომხდარიყო. გერმანელები იმდენად მოიხიბლნენ საქართველოს ბუნებით, გადაწყვიტეს აქ დარჩენა, მაგრამ ოსმალების, სპარსების, ლეკების ხშირმა შემოსევებმა, მრავალი გერმანელის სიცოცხლე იმსხვერპლა.საქართველოში ჩამორჩენილი და მიტოვებული ადგილების აღორძინება დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვდა, მაგრამ შრომისმოყვარეობით გამორჩეულმა გერმანელებმა შეძლეს გადაელახათ ყველა დაუძლეველი გაჭირვება და ათ წელიწადში წალკოტად აქციეს აქაურობა. მეფის რუსეთი გერმანელებს ყველანაირად ეხმარებოდა. მოკლედ, საქართველოში გერმანელების დასახლებებიდან, ყველაზე დიდი და კულტურული ცენტრი გახდა ეკატერინენფელდი.
გენმანელებს უყვარდათ შრომაც, გართობაც, დასვენებაც. შრომაში იყო ჩართული დიდიც და პატარაც, ყველგან სუფევდა წესრიგი, ყველამ თავისი მოვალეობა იცოდა. ღმერთისგან მივიწყებული, ბუნებით დაჯილდოებული ეს მხარე, წალკოტად აქციეს, ვინც აქ ჩამოდიოდა, უკან დაბრუნება არ უნდოდა, დასახლებაში, არხებში მიედინებოდა სუფთა, კამკამა წყალი, მდიდარი მოცურავე თევზებით, წელიწადში ერთხელ არხი კაპიტალურად ირეცხებოდა, ყველა ქუჩა მოპირკეთებული იყო ქვაფენილით, ქუჩებში დარგული იყო ცაცხვის და კაკლის ხეები, ყველა სახლში ხარობდა ხვიარა ვარდები, ჰქონდათ ნაირნაირი საუცხოო ყვავილები, ზღაპარს ჰგავდა იქაურობა. ფუნქციონირებდა თეატრალური დასი, ჰყავდათ საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონები ფეხბურთში და უძლიერესი გუნდი. მოქმედებდა სასულიერო და ინსტრუმენტული, დიდების და პატარების ორკესტრი. დაკავებული იყვნენ მეთევზეობით, ამზადებდნენ ანტიკვარულ ავეჯს, ეტლებს, ნემსებს და სხვა მრავალ საჭირო ნივთებს. ეკატერინენფელდში, ხოლო შემდგომ ლუქსემბურგში, განთქმული იყო სომეხი ფოტოგრაფი ერვანდ ხანგულიანი, რომელსაც გერმანელი მეუღლე ჰყავდა. გასაბჭოების შემდეგ, ეკატერინენფელდში დასახლდნენ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ირანელები, პოლონელები, რუსები, ებრაელები, მათი რიცხვი მცირე იყო, მაგრამ გერმანელებთან ისინი ძალიან მეგობრულად ცხოვრობდნენ, ურთიერთ ენებიც კარგად შეისწავლეს, შრომობდნენ, აშენებდნენ, უვლიდნენ ვენახებს, ყველანი გერმანული წესებით ცხოვრობდნენ. მიუხედავად მრავალი დაუძლეველი სიძნელეებისა, მათ გაკეთებულ საქმეებში წუნს ვერ შეიტანდით. მიმაჩნია, რომ გერმანელების ყველა საქციელს გმირობა ეწოდება. 1941 წელს სამამულო ომმა მათ კვლავ ახალი უბედურება მოუტანა, ეს იყო ოქტომბრის თვე, როგორც თადარიგიან და მოწესრიგებულ ხალხს სჩვევია, მოსავალი აღებული და მოთავსებული ჰქონდათ სამსართულიან სარდაფებში, როდესაც გამოცხადდა სტალინის ბრძანება, მათი შორეულ ყაზახეთში გადასახლების შესახებ. ჯერ სატვირთო მანქანებით ატარეს, მერე სატვირთო მატარებლით, მერე ზღვით, გზაში იღუპებოდნენ შიმშილით, ავადმყოფობით, ახალშობილები, ბავშვები, მოხუცები, მიცვალებულებს ყრიდნენ ზღვაში. ბევრიც დატოვეს მხეცების შესაჭმელად. ეკატერინენფელდიდან მათი გადასახლების შემდეგ, ნამდვილი ქრისტეს ტირილი დატრიალდა. საქონელი ბღაოდა შიმშილისგან, დაიწყო უმოწყალოდ ძარცვა სოფლებიდან შემოჭრილი სხვა ეროვნების ხალხის მიერ, მიჰქონდათ ავეჯი, საქონელი, პროდუქტები, მიჰყავდათ ღორები, ფრინველები და სხვა. განშორების ტკივილი, ბავშვობიდან შეზრდილ მეგობრებთან, დედას სიცოცხლის ბოლო წუთამდე გაჰყვა. ბედნიერი ოჯახებიდან არავინ დარჩა, სიცარიელე დამკვიდრდა, ძაღლები ყეფით მისდევდნენ მანქანებს. მათ სახლებში იმერლები, მეგრელები, რაჭველები და ლეჩხუმელები დასახლდნენ. ქალაქს ძალიან შეეცვალა იერსახე, გაქრა არხები, რომელშიც თევზები ცურავდნენ, გოთური სტილის სახლები გადააკეთეს და კრამიტის ნაცვლად შიფერი გადაახურეს, ქვაფენილი აყარეს, ეს სამწუხარო სინამდვილეა.“

აუხდენელი ოცნებები:
,,ბევრი რამ დამრჩა აუხდენელი და გასაკეთებელი, ბალეტი მიტაცებდა, მინდოდა მოცეკვავე გამოვსულიყავი.. კიდევ ათასი რამ, ბრძენს უთქვამს:,,სიცოცხლე ფასობს არა მისი ხანგრძლივობით, არამედ მისი შინაარსით” შეიგრძენით ადამიანებო მისი შინაარსი, შორს გადით სახლიდან, ისუნთქეთ, იარეთ, უყურეთ, იცოცხლეთ, შეიმეცნეთ და აკეთეთ სიკეთე. ნუ მოპარავთ საკუთარ თავს წუთებს, წამებს, ვინაიდან გენიოსისთვის ერთადერთი წიგნი ბუნებაა.
ყველაზე მტკივნეული ნათელა მასწავლებლისთვის განშორება და იმედის გაცრუებაა, ვერასოდეს აპატიებს ადამიანებს ღალატს, ტყუილს, გულგრილობას.
პ.ს. ლამაზი ზღაპარიაო ცხოვრება, ამბობს ჩვენი ნათელა მასწავლებელი, თავიდან ია-ვარდებით მორთული გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილე სხვაა, გაცილებით მძიმე და ტკივილიანი, მას დასაწყისი და დასასრული აქვს, ის დაუნდობელ დროთა მომსვლილობის აუხსნელი პოეზიააო.. იქვე დასძენს, ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, ისევ იმ გზას დავადგებოდი, კეთილსინდისიერ, პატიოსან გზასო, შეიძლება ცოტა რაღაცეები შემეცვალა, მაგრამ ძირითადში არაფერს, სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენიაო. ოჯახი რომ შემექმნა და შვილები მყოლოდა, მაშინ სხვა რაღაც გამომრჩებოდა, ბევრ რამეს ვერ მოვასწრებდიო. სხვა ქვეყანაში ვერასდროს ვიცხოვრებდი, არც განიხილებოდა არასოდეს, ჩემს ქვეყანას რა შეედრებაო? განა შეიძლება სხვაგან გინდოდეს ცხოვრება, შენი სამშობლოდან შორს? ყველაზე ახლობელი ჩემთვის ისაა, რაც ჩემია. რომელ ქვეყანაში ვისურვებდი ცხოვრებას? ისევ და ისევ ჩემს უწესრიგო, ბედკრულ საქართველოში.. ძალიან მომწონს ჩეხოსლოვაკია, ბალტიის ქვეყნები, მაგრამ ის ჩემი არაა, იქ დიდხანს ვერ გავძლებო, ასეთი წარსდგა მკითხველის წინაშე ნათელა ვახვახიშვილი-გრიგოლია, (ტუკია) რომელიც არის ის, ვინც არის, ყოველგვარი შელამაზების და ფერუმარილის გარეშე, როგორც თავად ამბობს, ის გადაშლილი ხელისგულია, მასში არასოდეს არაფერი იმალება.
ბელა ონიანი









