ორწლიანი პაუზის შემდეგ, საიუბილეო სეზონი ახალი სპექტაკლით გაიხსნა. ბოლნისის თეატრალური დასი, მონატრებული მაყურებლის წინაშე, მაიკლ ფრეინის პიესის მიხედვით დადგმული კომედიით წარსდგა. ,,ხმაური სცენის მიღმა”- სპექტაკლი უნიჭიერესმა რეჟისორმა იოსებ ბაკურაძემ ერთთვინი მუშაობის შემდეგ, საკმაოდ საინტერესო, მხიარული სახეებით წარმოგვიდგინა.
ემოციები, ნერვიულობა, ცოტა ქაოსი და იუმორი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია პრემიერასთან დაკავშირებული სამზადისი. სცენის მიღმა არსებულმა მოქმედებებმა პირველად გადმოინაცვლა სცენაზე, რომელსაც ემოციით ადევნებდა თვალს დამსწრე საზოგადოება.
განსხვავებული, საინტერესო და პოზიტური ემოციებით დატვირთული, ასე შეაფასა დამსწრე საზოგადოებამ პრემიერა.სპექტაკლმა როგორც ყოველთვის ანშლაგით ჩაიარა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საყვარელი მაყურებლის ძლიერ მონატრებას. იყო უამრავი სტუმარი, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადაშვილი ოჯახთან ერთად და თეატრალური დასისა თუ კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
სამხატვრო ხელმძღვანელის ლაშა ნოზაძის თქმით ეს იყო შეხვედრა მონატრებულ მაყურებელთან, ამიტომ სპექტაკლის ჩვენება მაყურებლის ინტერესიდან გამომდინარე ოთხ დღეზე გადანაწილდა, რომელიც 31 მარტს დაიწყო და 5 აპრილს, სპეციალურად, მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის გამართული ჩვენებით დასრულდება. აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის თეატრს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა, სწორედ ამიტომ მიმდინარე წელს გამართული ყველა სპექტაკლი საიუბილეო თარიღს ეძღვნება.