ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ბოლნისელი სტუდენტების პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების მხარდაჭერით გამოირჩევა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ცდილობს კომფორტი შეუქმნას მომავალ თაობას, დაეხმაროს ფინანსურად, შექმნას სამუშაო ადგილები მათთვის და ა.შ.
ბელა უგრეხელიძე ერთ-ერთი ბოლნისელი სტუდენტია, მან წარმატებით დაასრულა ბაკალავრისა და მაგისტრის საფეხური. ამჟამად დოქტორანტურაზე სწავლობს, მიკრობიოლოგიის მიმართულებით, არის პროფესორის ასისტენტი. გარდა სადოქტორო ნაშრომისა, იგი მუშაობს სტატიაზე, რომელიც უშუალოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის აგროსფეროს, უფრო მეტად კი, მეღვინეებს დაეხმარება.
ბელა ერთ-ერთია იმ სტუდენტების რიგებიდან, რომლებსაც ბოლნისის მერია, სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურ ფინანსურ მხარდაჭერას უწევს.
როგორც ბელამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მნიშვნელოვნად დაეხმარა ეს პროგრამა სტუდენტობის თითოეულ საფეხურზე, რადგან გარდა ფულადი დახმარებისა, ეს მისთვის მოტივაციაც იყო.
,, ნებისმიერი წახალისება დიდ მოტივაციას გაძლევს ადამიანს, მითუმეტეს, როდესაც საუბარია წარჩინებული სტუდენტების დაფინანსებაზე, გინდა მეტი და მეტი გააკეთო შენი ქალაქისთვის, ქვეყნისთვის“.
ბელას თქმით, გრძნობს, რომ მისი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული, განათლებული მომავალი თაობა, რისი ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტიც, სწორედ სტუდენტთა დახმარების პროგრამაა.
გიორგი მუშკუდიანი მეორე კურსზეა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობს. გიორგიმ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ხედავს, თუ როგორ აფასებს მისი ქალაქი სტუდენტებს.
,,ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტს ბევრი რამ სჭირდება, ის ჯერ კიდევ ძიების პროცესშია, ამიტომ მუდმივი შემოსავალი, რა თქმა უნდა, არ აქვს. სტუდენტთა დახმარების პროგრამა გარკვეულწლად დიდი შეღავათია სტუდენტებისა და მათი ოჯახებისთვის“ – აღნიშნა გიორგი მუშკუდიანმა.
როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელთან, ლელა კვირიკაშვილთან, საუბრისას გაირკვა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია უკვე 10 წელია, რაც სტუდენტთა დახმარების პროგრამას ახორციელებს. ეს მეტად მნიშვნელოვანი ქვეპროგრამაა სოციალური პროგრამის, რადგანაც პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების, ანუ სტუდენტების ხელშეწყობა, მერიისათვის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტების წახალისებას და ფულადი ფორმით დახმარებას. ყოველწლიურად დაახლოებით 160-მდე სტუდენტი სარგებლობს აღნიშნული პროგრამით. დახმარება სტუდენტთა კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება :
ა. ობოლი და მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან სტუდენტები – 50 (ორმოცდაათი) ლარი;
ბ. სტუდენტები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან – 50 (ორმოცდაათი) ლარი;
გ. სტუდენტები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან (0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა და ქულა მიენიჭათ გასული ან მიმდინარე წლის პერიოდში) – 50 (ორმოცდაათი) ლარი;
დ. სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი) – 50 (ორმოცდაათი) ლარი;
ე. სტუდენტები ოჯახებიდან, რომელთაც ჰყავთ ორი ან მეტი სტუდენტი – თითოეულს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ვ. შშმ სტუდენტები – 100 (ასი) ლარის ოდენობით;
ზ. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, რომელიც გახდა სტუდენტი – 100 (ასი) ლარის ოდენობით.
ზემოთ აღნიშნული სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები ფინანსდებიან ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
წლევანდელი სტატისტიკის მიხედვით, 180-მდე სტუდენტი სარგებლობს აღნიშნული პროგრამით.
„ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტთა წახალისება, რადგანაც მათ მეტი მოტივაცია გააჩნდეთ იყვნენ წარმატებულები. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა წახალისების პროგრამა, სტუდენტის აკადემიური მოსწრება უნდა იყოს საშუალოდ 91 და ზევით, რომელიც ითვალისწინებს ყოველთვიურად მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფას. პროგრამის დაწყების დროს გვყავდა 2 ბენეფიციარი და დღეს მათი რიცხვი 47-ამდე არის გაზრდილი. აქედან 33 გოგოა, 14 ბიჭი. 28 ქართველი, 14 ეთნიკურად აზერბაიჯანელი და 5 ეთნიკურად სომეხი ეროვნების“. -აღნიშნა ლელა კვირიკაშვილმა.
პროგრამა მოიცავს, როგორც ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურებს, ასევე დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტთა დახმარებას განიხილავს, როგორც გრძელვადიან პროგრამას, რადგან მათი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ბოლნისელი ახალგაზრდები და მათი განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნაა, ვინაიდან, სწორედ, მათზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი.
მარიამ ონიანი