მოტოციკლის მართვა ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური და თავგადასავლებით სავსე საქმიანობაა, რომელიც მთელი ცხოვრების რიტმს ცვლის. ნიკა ჭითანავა, ქართველი სტრანტრაიდერი და მოტო ინსტრუქტორი, რომელიც 12 წლის ასაკიდან მართავს მოტოციკლს, უკვე პროფესიონალ ბაიკერად ჩამოყალიბდა და ახალი თაობის მოტო მოყვარულებს თავად ასწავლის, ამავდროულად, მისი მოტოსკოლა „მოტოჰოლიკი“ ისეთი უნარების სწავლებით, როგორიცაა ჯიმხანა და ვილი, უკვე აღიარებულია ქართულ მოტოსფეროში. გაგაცნობთ სტრანტრაიდერს და მოტო ინსტრუქტორს ნიკა ჭითანავას.
–მოგესალმებით ნიკა, სტრანტრაიდერად ჩამოსაყალიბებლად გასათვალისწინებელია, ტექნიკური უნარები და გამოცდილება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება, უსაფრთხოების აღჭურვილობა და ა.შ. თქვენ როგორ გაიარეთ ეს გზა.
-იმისთვის, რომ სტრანტრაიდერად ჩამოვყალიბდეთ, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გვჭირდება შემზადება. ვარჯიშში ტრავმებიც ძალიან ხშირია. სტანტზე ვარჯიშის უპირატესობები ძალიან ბევრია. სტანტზე ვარჯიშისას აუცილებელია დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები, საუბარია დამცავებზე ჩაფხუტზე, საზურგეზე, სამუხლეებზე, საიდაყვეებზე და სხვა .
-თუ შეგიძლია გაიხსენო პირველი ემოცია, რამაც განაპირობა თქვენი პროფესიონალად ჩამოყალიბება?
– პირველ ემოციებს რაც შეეხება, თავიდანვე არ მიყვარდა წყნარად რბოლა, სულ ვცდილობდი რაღაც მანევრების სწავლას, ვილის, ბერნაუთის გაკეთებას, რაღაცეები გამომდიოდა კიდეც და ეს სტიმულსაც მაძლევდა. მოკლედ, მთელი ჩემი გონება და სურვილები სპორტისკენ არის გადართული.
-ამ პერიოდის განმავლობაში, თუ ყოფილა სარისკო მომენტები?
-კი, უამრავი საფრთხის ქვეშ აღმოვჩენილვარ. სხვებზე აყოლის და ზედმეტად რისკიანობის გამო, არაერთი სახიფათო მომენტიდან აუღელვებლად გამომძვრალვარ, რომ არა საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვა, დღეს შეიძლება ეს სტატიაც არ დაწერილიყო.
-ნიკა, უკვე წლებია დაკავებული ხარ ექსტრემალური სპორტით, მოგვიყევით როდის გაჩნდა სიყვარული ამ მიმართულებით?
-დიახ, ორ ათწლეულზე მეტია. პირველად 12 წლის ასაკში მქონდა შეხება მოტოციკლთან, რის შემდეგაც, უამრავი სხვადასხვა მოტო გამოვიცვალე და ფაქტიურად, ბაიკის გარეშე არ ვყოფილვარ.
-თქვენი საქმიანობა ჰობით დაიწყო, ახლა რა ეტაპზე ხართ?
– რა თქმა უნდა, ყველაფერი ჰობით, სიყვარულით და მისკენ დიდი მიზიდულობით დაიწყო, შემდეგ პროფესიულ საქმიანობაშიც გადაიზარდა და რამოდენიმე მოტოსკოლაში დამწყებებს საჭირო უნარებს ვასწავლიდი. დავაარსე სკოლა, — “მოტოჰოლიკი”, სადაც ვასწავლით ისეთ უნარებს, რომლებიც შედარებით უფრო ექსტრემალური გართობისთვისაა საჭირო, ეგრეთწოდებული ვილი, რაც მოტოს ცხვირაწეულ, ანუ, მხოლოდ უკანა ბორბალზე მართვას გულისხმობს. ასევე ჩემი სკოლა იყო პირველი, ვინც ე.წ. ჯიმხანის კურსი დანერგა. ჯიმხანა, თავის მხრივ, გარკვეული ზომის დახურულ მოედანზე, სპეციალურად მოწყობილი რთული, ტექნიკური მარშრუტის დაძლევას გულისხმობს, ბუნებრივია,
ფეხის მიწაზე დადების გარეშე. ჯიმხანა ძალიან ეხმარება მოტოსთან უკეთესი უნარების ჩამოყალიბებას და
ზრდის რაიდერის უსაფრთხოებას.
-როგორც ვიცი, თქვენი ძირითადი საქმიანობა მოტოსფეროა, გარდა ამისა, რას საქმიანობთ?
-მოტოსკოლის გარდა, მაქვს იუთუბ პროექტიც, “@MotoHolicReviews”, სადაც გვაქვს ამბიცია და შემართება, ისეთი კონტენტი შევქმნათ და მივაწოდოთ მაყურებელს, რომლის აშკარა ნაკლებობაც არის ქართულ მოტო მედია სფეროში. საუბარია მოტო ტექნიკის არსებით განხილვებზე, შედარებებზე და სასარგებლო რჩევებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, ორ ბორბლიანი ტრანსპორტი საგრძნობლად მომრავლდა, მართვის უნარების სწორად ათვისების და ზოგადად, ტექნიკასთან დაკავშირებით ინფორმაციული ვაკუუმი ძალიან დიდია. ამიტომაც, ჩემი მიზანია, ეს სფერო სწორად განვითარებადი გავხადო ყველა მსურველისთვის.
-რას ფიქრობთ, რამდენად პოპულარულია საქართველოში ეს მიმართულება?
-პოპულარობა საკმაოდ გაიზარდა ბოლო რამდენიმე წელია. ამას ხელს უწყობს, როგორც საკურიერო საქმიანობის განვითარება ქალაქში, ასევე საცობების და პარკინგების გაუთავებელი პრობლემა. ბოლო პერიოდში მანდილოსნებიც იჩენენ ინტერესს და ზოგადად, ახალი რაიდერების მატება, სეზონიდან სეზონამდე საგრძნობია.
-რა რჩევებს მისცემდით დამწყებ ბაიკერებს?
-დამწყებებს ვურჩევდი, რომ ბევრი ივარჯიშონ დახურულ მოედანზე, სტანტზე, ჯიმხანაზე, მუხრუჭზე გაზის ბალანსზე და სტაბილურობაზე, გაითვალისწინონ, რომ მიზანი გაზაობა და ვინმესთან შეჯიბრი არ უნდა იყოს, ერთადერთი მიზანი მოტოსთან ერთიანობის შეგრძნება და კარგი სქილების მიღწევა რაც ბევრი ვარჯიშით მიიღწევა. ასევე უნდა იყვნენ მშვიდები, გაწონასწორებულები და თავმდაბლები. წარმატებებს ვუსურვებ ყველას, ვინც ამ სფეროშია, ან აწი აპირებს შემობიჯებას, კარგ და სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ, ორბორბლიან მეგობართან ერთად.
ნიკა თავის თავზე ყოველთვის მყარად მუშაობდა, რის შედეგადაც დღეს საკუთარი სკოლა და წარმატებული პროექტები აქვს. ნიკა ჭითანავას გზავნილი ახალგაზრდებისა და მოტომოყვარულების მისამართით, ერთგვარი შთაგონებაა. სტრანტრაიდერისა და მოტო ინსტრუქტორის საქმიანობა მხოლოდ სპორტული მიღწევები არ არის, არამედ მთელი ცხოვრებისეული გამოწვევების, ცალკეულ მომენტებში მიღებული რისკების და იმ პოტენციალის გამოვლინებაა, რაც ნიკამ სწორედ თავისი გამოცდილებით და პრაქტიკით გააცნო საზოგადოებას. მოტოსკოლის დაფუძნებით ნიკას მიზანი, არა მხოლოდ საკუთარი ცოდნის გაზიარება, არამედ მოტოსკოლაში სწორი და უსაფრთხო მართვის სწავლებაა, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს მოტო სამყაროში სწორი ნაბიჯები გადადგან და თავიანთი შესაძლებლობების სრულად რეალიზება მოახდინონ.



