ქალაქ ბოლნისში, ინტელექტუალური საკუთრების ცენტრმა ,,საქპატენტი” ბოლნისის აგროცენტრთან თანამშრომლობით გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგს ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებიდან სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებლები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს მსმენელებს ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
გეოგრაფიული აღნიშვნის როლი მნიშვნელოვანია ტრადიციული ცოდნის შესანარჩუნებლად, გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. ასევე, გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქცია ხაზს უსვამს განსაკუთრებულ ხარისხს, თვისებებსა და რეპუტაციას. ამასთან, სარგებლობს ბაზარზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნით და განაპირობებს კონკურენტუნარიანობას შიდა და საზღვარგარეთის ბაზრებზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში უკვე დაცულია (რეგისტრირებულია) ბოლნისის ღვინო, მინერალური წყალი და წარმოადგენს საერთო აქტივს მათ წარმოებაში და რეალიზაციაში ჩართული სუბიექტებისთვის.