ბოლნისის მუნიციპალიტეტში, პროექტი ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ განხორციელდა, რომელიც მოქალაქეთა მიერ ინიციატივების წარდგენასა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, ამ იდეისთვის ხმის მიცემას ელექტრონული კენჭისყრით ითვალისწინებდა.
პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტირება – დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში, მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეებისთვის ხმის მიცემა 31 ოქტომბერს დასრულდა.
კენჭისყრის შედეგად შემოვიდა 3163 ხმა, აქედან 407 ხმა ქალაქ ბოლნისის საპროექტო წინადადებებმა, ხოლო 2756 ხმა სოფლებში განსახორციელებელმა იდეებმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებული იყო ხუთი ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელება, რომელიც შერჩეული იქნა მოსახლეობის მიერ წარდგენილი პროექტების სიიდან.
ქალაქ ბოლნისში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა ორმა იდეამ მიიღო:
ქალაქ ბოლნისში კინოთეატრის კონსერვაცია- რესტავრირება – 229 ხმა;
ქალაქ ბოლნისში სკვერის მოწყობა ფეხბურთის მოედნით, ტრენაჟორებითა და სკეიტ პარკით – 96 ხმა
,,ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საზოგადოების მონაწილეობა საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, რათა თავადვე გადაწყვიტოს მოსახლეობამ, რა საჭიროებები უდგას და რისი გადაჭრა სურთ, რაც საბოლოოდ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას შეუწყობს ხელს. საპროექტო იდეა ემსახურება ქალაქ ბოლნისის კინოთეატრის რეაბილიტაციას, რაც ბოლნისელებისთვის მრავალი წლის პრობლემად იქცა.
“დაგეგმე შენი ბიუჯეტის” მეშვეობით, ჩვენმა იდეამ გაიმარჯვა, შესაბამისად 2023 წლის ბიუჯეტში კინოთეატრის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული იქნება 300 000 ლარი, რაც მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას გამართავს და მოგვცემს შესაძლებლობას, უფრო აქტიურად ვიმუშაოთ კინოთეატრის მულტიფუნქციურ კონცეფციაზე, რასაც საბოლოოდ იტვირთავს ბოლნისის კინოთეატრი’’-აღნიშნა იდეის თანაავტორმა ვანო ერისთავმა.
სოფლებში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა კი შემდეგმა სამმა იდეამ მიიღო:
სოფელ ცურტავში სკვერის მოწყობა – 803 ხმა
სოფელ ბოლნისში სკოლამდელი სასწავლო ცენტრის განვითარება თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად – 802 ხმა;
სოფელ რაჭისუბანში სკვერის მოწყობა -306 ხმა.
,,გამარჯვებულია გზისპირა სკვერის საპროექტო იდეა, რომლის მიხედვითაც უნდა მოეწყოს სკვერი განათებებით, დასასვენებელი სკამებით და ა.შ. ვნახოთ, რის საშუალებას მოგვცემს დაფინანსება-300 000ლარი, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. იქვეა მინი სტადიონი, ტრენაჟორები, ალვის ხეების უძველესი ტყე-პარკი და მინერალური წყალი, რომელიც კომპლექსურად გართობა-დასვენების კარგი საშუალება იქნება, ყველა თაობის ადამიანისთვის. განსაკუთრებით კი ახალგაზრდობისთვის.
მნიშვნელოვანი იყო, რომ პროექტში მითითებული ტერიტორია ბოლნისის შემადგენლობაში და მუნიციპალიტეტის განკარგულებაში ყოფილიყო. ასეთი იყო ცენტრალური ტრასისპირა ტერიტორია, 3600კვ.მ, რომლის ათვისება ამ მიზნით იყო შესაძლებელი. მადლობა გია დემურაშვილს, რომელიც საპროექტო იდეის დამუშავებაში დამეხმარა. მადლობა ყველას, ვინც გადამწყვეტ მომენტში გვერდში დგომა ხმის მიცემით გამოხატა. განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც თავიანთი ტელეფონიდან ხანდაზმული მოქალაქეების-ბებიების დაბაბუების პირადი მონაცემებით აძლევდნენ ხმას. ეს პროექტი ეძღვნება მომავალ თაობას“. -აღნიშნა იდეის ავტორმა დარეჯან რეხვიაშვილმა.
კარინა ბეჟანიშვილი-,,სკოლამდელი სასწავლო ცენტრის განვითარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“ გამარჯვებული პროექტის ავტორი:
სოფელ ბოლნისში ,, საგანმანათლებლო ბავშვთა დღის ცენტრი“ 2015 წ -დღემდე უწყვეტად ფუნქციონირებს, ჰყავს აღსაზრდელთა ერთი ჯგუფი, დასაქმებული 5 ადამიანი. ცენტრის დაარსებიდან დღემდე სკოლისთვის მოვამზადეთ 157 აღსაზრდელი. მოგეხსენებათ, შეიქმნა საქართველოში არსებული საბავშვო ბაღებისა და სასწავლო ცენტრების მონაცემთა ბაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს.
სოფლის მოსახლეობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს სომეხი ეროვნების ეთნიკური უმცირესობები, სწავლების ბილინგვური მეთოდია დანერგილი, აღსაზრდელები ეუფლებიან ორ ენას, ქართულს და მშობლიურ სომხურს, აქ სწავლობენ მოსმენას, საზოგადოებაში ქცევის წესებს.
ჩვენი მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში-,, დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ მოგვცემს საშუალებას დავაკმაყოფილოთ თემის მოთხოვნა ორჯგუფიან სასწავლო ცენტრთან დაკავშირებით, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობით ჩვენ შევიძენთ შენობას , გარემონტდება შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნით. სოფელი შეიძენს თანამედროვე ტიპის სასწალო ცენტრს.
გამარჯვებული საპროექტი წინადადებების განსახორციელებლად, თანხა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
„ვულოცავ გამარჯვებული პროექტების ავტორებს ამ წარმატებას, თითოეული იდეის ავტორს კი პროექტში მონაწილეობისთვის დიდ მადლობას ვუხდი. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იაქტიურეს და მათთვის სასურველ პროეტებს მხარი აქტიურად დაუჭირეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია, ჩვენი მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების განხორციელების პროცესში აქტიურად ჩავრთოთ.“ -განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში.

მაგდა დევნოზაშვილი