ბოლო წლებია მავნებელი მწერი (ფაროსანა) განსაკუთრებულ ზიანს აყენებს მოსახლეობას. იგი აზიანებს როგორც კურკოვან, ასევე თესლოვან მცენარეებს. შემოდგომის სეზონის დადგომასთან ერთად მავნებელი გამოსაზამთრებლად ეძებს ადგილს და ის პირდაპირ საცხოვრებელ სახლში იზამთრებს. ფაროსანით შეწუხებულმა მოსახლეობამ მოგვმართა კითხვით, რა ქიმიური და მექანიკური ბრძოლის მეთოდები უნდა გამოიყენონ მავნებელი მწერის მოსასპობად.
ამასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბოლნისის ოფისის მცენარეთა დაცვის სპეციალისტს ლია ბეჟანიშვილის მივმართეთ. ტელ. 591 91 48 55).
-ქალბატონო ლია, მავნებელი მწერით (ფაროსანით) შეწუხებულმა მოსახლეობამ, პრობლემების გადასაჭრელად, რა პრევენციულ ღონისძიებებს უნდა მიმართოს?
-აზიური ფაროსანა ნომერი პირველი მავნებელი მწერია, რომლის წინააღმდეგაც ბოლო წლებია იბრძვის სახელმწიფო, მაგრამ აღნიშნული მწერის 300-მდე სახეობა არსებობს, რომლებიც არანაკლებ ზიანს აყენებს მოსახლეობას. შემოდგომის დადგომასთან ერთად ის ემზადება გამოსაზამთრებლად, თუმცა მანამდე შეესია სხვადასხვა სახის ხილ-ბოსტნეულს და ძირითადი ნაწილი გაანადგურა.
რა უნდა ვიცოდეთ და როგორ მოვიქცეთ პრობლემის მოსაგვარებლად?
-მოგეხსენებათ ამ პერიოდში იგი ეძებს თბილ ადგილს და შედის სახლში. ვურჩევ მოსახლეობას, როგორც კი შეამჩნევთ აღნიშნულ მავნებელს, მოამზადეთ ნივრიანი წყალი და გარედან დაამუშავეთ ფანჯრებისა და კარებების ჩარჩოები, არის კიდევ ერთი მარტივი მეთოდი – ეზოში დავდოთ ნებისმიერი ყუთი, შიგ მოვათავსოთ ძველმანი ტანსაცმელი, ქაღალდები, ფაროსანა შევა და თბილად დაიბუდებს გამოსაზამთრებლად. შემდეგ ეს ყუთი მოვსპოთ მექანიკურად. არის კიდევ ერთი ხერხი მათ მოსასპობად. მოგეხსენებათ, ფაროსანები ღამით სინათლისკენ მიდიან აივანზე როდესაც ნათურა გვინთია, ნათურის ქვეშ შეგიძლიათ დადოთ თასი საპნიანი წყლით, ფაროსანა ხშირ შემთხვევაში შიგ ვარდება. რაც შეეხება ქიმიური მეთოდით ბრძოლას. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ კარგ ამინდებში, ისინი ისევ შესეული არიან სხვადასხვა მცენარეებზე. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ პრეპარატი ბიფეტრინი, მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ეს ქიმიური ნივთიერება მოქმედებს ამ მავნებლებზე. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოსახლეობას, ფაროსანასთან ბრძოლა უნდა დაიწყოთ ადრე გაზაფხულიდან.