ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

რა ზიანს აყენებს ფოთლის ღია წესით წვა და რა პრევენციული ღონისძიებებია საჭირო

შემოდგომის სეზონზე გახშირებულ ფოთოლცვენასთან ერთად, მოსახლეობაში იმატა ჩამოცვენილი ფოთლისა და მცენარეების ნარჩენების წვის ფაქტმაც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალური  არასახიფათო ნარჩენების (ფოთლები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები) ღია წესით დაწვა, ჯარიმდება 200 ლარის ოდენობით. ფოთლების ღია წესით დაწვა გარდა იმისა, რომ აბინძურებს და ზიანს აყენებს გარემოს, ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასაც. კვამლი, რომელიც ფოთლების წვის დროს გამოიყოფა, მთელ რიგ ტოქსინებს (კანცეროგენებს, გამაღიზიანებლებს) შხამიან ნივთიერებებს და მათ შორის მეთანს შეიცავს. იგი ადამიანისთვის ძალიან საშიშია და ბევრი დაავადების გამოიწვევას უწყობს ხელს. ფოთლის წვის დროს გამოყოფილ კვამლში დაბინძურებულ ნივთიერებათა რაოდენობა 300 ჯერ აღემატება დასაშვებ კონცენტრაციას და იგი უფრო მეტ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე გამონაბოლქვი აირები.

რა ზიანს აყენებს ფოთლების ღია წესით დაწვა, რა ალტერნატიული ღონისძიებებია საჭირო მის მოსასპობად და, რა პრევენციულ ზომებს ატარებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამაზე ვრცლად გაზეთ „ბოლნისთან“ ნარჩენების მართვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების უფროსმა, თამაზ ავქოფაშვილმა ისაუბრა.

-საშემოდგომო სეზონთან დაკავშირებით, გახშირდა მოსახლეობის მიერ მცენარეთა ფოთლების წვის პროცესი, რა დროსაც ატმოსფერულ ჰაერში ხდება მავნე ტოქსიკური ნივთიერებების დიდი რაოდენობით გაფრქვევა, რაც თავის მხრივ უდიდეს ზიანს აყენებს ადამიანების ჯანმრთელობასა და ეკოლოგიურ გარემოს. ამასთანავე, ფოთლების დაწვის ადგილზე მიმდინარეობს მიწის ნაყოფიერი ფენის თერმული დაზიანება, რომლის აღდგენას მომავალში სჭირდება ათეულობით წლები.

მცენარეთა დაწვა ადამიანების ცხოვრებაში შემორჩენილი მავნე პრაქტიკაა. დაწვის მაგივრად უნდა შევაგროვოთ ფოთლები და იმ შემთხვევაში, თუ მათ არ გამოვიყენებთ კომპოსტის დასამზადებლად, შეგროვებული რაოდენობა გავფანტოთ საკარმიდამო ნაკვეთებში და მცენარეთა ძირებთან, რადგან მათი დაშლის პროცესის შედეგად წარმოიქმნება ნეშომპალა, რაც საუკეთესო სასუქი ნედლეულია ნიადაგისთვის. თუ მსგავსი ფართობი არ გაგვაჩნია, მაშინ შეგროვებული ფოთლები განვათავსოთ მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე განთავსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერებში და მოხდება მათი გატანა ნაგავსაყრელზე.

აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაციას სარეკლამო კლიპების მეშვეობით მუდმივად ავრცელებს ქვეყანაში მოქმედი მედიასაშუალებები, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესში პედაგოგები ხშირად ესაუბრებიან მათ ამ თემაზე, მაგრამ პრობლემა მაინც გადაუჭრელია, რასაც ხელს უშლის ამ თემაზე მოსახლეობის ცნობიერების დაბალი დონე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ფოთლების წვასთან დაკავშირებულ შეტყობინებებს ადგილზე ეცნობა და რიგ შემთხვევაში, ხდება დამრღვევი სუბიექტის გაფრთხილება და ინფორმირება, რაც ძირითადად შედეგის მომცემია.

რაც შეეხება აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციებს, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ X თავის 35 მუხლის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. და ბოლოს, აღნიშნულ თემაზე საუბარი საზოგადოების ყველა დონეზე თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რათა დავიცვათ ადამიანის კონსტიტუციური უფლება, ცხოვრობდეს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, გვქონდეს სუფთა ჰაერი და შევინარჩუნოთ ჩვენი ჯანმრთელობა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები