შაბათი, ოქტომბერი 12, 2024
spot_img

რა არის სეზონური გრიპი და როგორ დავიცვათ თავი?

გაზეთი ,,ბოლნისი“ რუბრიკას, ,,ექიმის რჩევებს“ შემოგთავაზებთ, რომლის საშუალებითაც  მკითხველს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაციები და  რჩევები სხვადასხვა დაავადებების მიმდინარეობაზე, გართულებებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე.  ამჯერად ბოლნისის პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი ,,ტრიომედის“ ოჯახის ექიმი მანანა მიქელაძე გვესაუბრება და  გვირჩევს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი სეზონური გრიპისგან,   რომელიც კიდევ უფრო საყურადღებოა კოვიდ სტატისტიკის ფონზე.

-მოგესალმებით მანანა ექიმო,  რა არის სეზონური გრიპი და როგორ დავიცვათ თავი, რამდენად მნიშვნელოვანია სეზონური გრიპი ახლა როცა მსოფლიო  კორონავირუსს ებრძვის?

-მოგეხსენებათ, როდესაც ახალი კორონა ვირუსის შემთხვევების მატება მაღალ ნიშნულზეა, ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება სეზონური გრიპისგან თავდაცვა, ამიტომ მოვუწოდებ და ვთხოვ ყველას, ავიცრათ ერთმანეთისთვის, როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციით.

აღნიშნული ვირუსი ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე ცირკულირებს, რა თქმა უნდა, თუ გვექნება საშუალება, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, მაქსიმალურად დავიცვათ ჰიგიენა, ვანიავოთ ოთახი და დავასუფთაოთ სველი წესით. გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია, რომელიც უკვე დაწყებულია.

მოგეხსენებათ, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, აქტიური ხდება სეზონური გრიპის გავრცელება. სეზონური გრიპი A და B ტიპის ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც აინფიცირებს  ზედა სასუნთქ სისტემას. A ტიპის ვირუსები მეტად ცირკულირებს, რომელსაც ახასიათებს პანდემიები და ეპიდემიები, ვიდრე B და C ტიპის ვირუსებს.

-ქალბატონო მანანა, რა სიმპტომები ახასიათებს სეზონურ გრიპს?

– იგი თავდაპირველად აინფიცირებს სასუნთქ სისტემას, ხშირ შემთხვევაში ხდება ტემპერატურის მატება, თავის, კუნთოვანი და სახსროვანი სისტემის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, დისკომფორტი, ხველა, ცემინება, ფარინგიტი, გამონადენი ცხვირიდან და  ასე შემდეგ.

-რა შემთხვევაში მოჰყვება სეზონურ გრიპს გართულებები?

-სეზონურ გრიპს ახასიათებს, როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე მიმდინარეობა, გართულების შემთხვევაში თავს იჩენს სინუსიტები, ოტიტები და პნევმონიები. ამიტომ, როგორც კი თავს შეუძლოდ ვიგრძნობთ, მივმართოთ ოჯახის ექიმს, ან გვქონდეს მასთან ინტენსიური კომუნიკაცია, რათა თავი ავარიდოთ ვირუსის მძიმე მიმდინარეობას.

-როგორ ვრცელდება სეზონური გრიპი?

-სეზონური გრიპი ჰაერწვეთოვანი ინფექციაა, რომელიც ცემინების და ხველების შედეგად ვრცელდება, ასევე ის გადადის ვირუსით

დაბინძურებული საგნების მეშვეობითაც. სეზონური გრიპის საინკუბაციო პერიოდი საკმაოდ მცირეა, დაახლოებით ორი სამი დღე, რომლის შემდეგაც იწყება დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენა.

-როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში?

 -თუ დაავადებას მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, პირველ რიგში ვრჩებით სახლში, ხშირად ვანიავებთ ოთახს, ვსეირნობთ სუფთა ჰაერზე, ვსვამთ ბევრ სითხეს და ვიკვებებით სწორად. გართულების შემთხვევაში, აუცილებლად ვიტარებთ ლაბორატორიულ კვლევას და მივმართავთ ოჯახის ექიმს.

მომდევნო რუბრიკაში ექიმ მარინა  ლაზარიშვილთან ერთად, ვისაუბრებთ ოცდამეერთე საუკუნეში გავრცელებულ ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და პრევენციულ ღონისძიებებზე.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები