„გულში დანთებული სიყვარულის ცეცხლი, რომელიც იშლება, ღვივდება და ადამიანების გულებს სწვდება“ – სამშობლოსმცოდნეობის პედაგოგის ლექსო გელაშვილის ამ გზავნილმა, უამრავი ადამიანის გულში შეაღწია, მთლიანი საქართველო მოიცვა და მის ფარგლებს გასცდა. პანდემიის გამო, ონლაინ სივრცეში გადანაცვლებულმა პროექტმა, რომელიც საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ჩოხოსანთა საზოგადოების დახმარებით ხორციელდება, უამრავი სხვადასხვა ასაკის ადამიანი გააერთიანა. სწავლება ხუთი კურსისგან შედგება და მოზარდი თაობის მშობლიურ ნიადაგზე აღზრდასა და ჰარმონიულ პიროვნებებად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.2008 წელს დოკუმენტური ფილმების სტუდია „გუთანმა“, სკოლის მოსწავლეთათვის დაიწყო შემეცნებითი კინოპროექტი „საქართველოს ხერხემალი“. რიგით მეოთხე ფილმს „სამშობლოსმცოდნეობა“ – უწოდა, რაზეც პატრიარქმა ბრძანა „ეს ფილმები სამშობლოსმცოდნეობის გაკვეთილებია, ჩვენი მომავალი თაობის აღსაზრდელად“, რაც დაედო საფუძვლად სახელმძღვანელოების შექმნას, რომელიც ემსახურება მოსწავლე-ახალგაზრდების ეროვნული ღირებულებებით აღზრდას.„ეს წიგნი გვეხმარება დაფიქრებით შევხვდეთ ცხოვრებას, ადამიანებს, საკუთარ თავს, ყველას და ყველაფერს, მისი მიზანია იდეურად გაგვაცნოს სამშობლო – საქართველო, მისი სულიერი და კულტურული ღირებულებები, გაგვიღვივოს წინაპართა სისხლითა და ოფლით ჩვენამდე მოღწეული ძირძველი ქართული ფესვები, გვასწავლოს ღმერთის, სამშობლოსა და ზოგადად, ადამიანის სიყვარული, დაგვიხვეწოს ზნეობა და გემოვნება, შენში უნდა გადაარჩინო შენი წილი საქართველო. 26 წელია, რაც ამ პროექტზე ვმუშაობთ, უკვე შედგენილია სამი სახელმძღვანელო, ქართველები სათანადოდ არ ვიცნობთ ჩვენს სამშობლოს, სულიერი თვალსაზრისით, ამიტომაც, არ ვიცით როგორ და რა სახით გვებრძვიან, ამ ომში გამოუცდელები აღმოვჩნდით, ამ სახელმძღვანელოთი გადავწყვიტეთ მომავალ თაობას ძირეულად გავაცნოთ სამშობლო და, როდესაც გაიცნობს, შეიყვარებს და გაუჩნდება სურვილი ემსახუროს მას. ერთადერთი მიზანი ესაა“, განაცხადა სტუდია „გუთანის“ რეჟისორმა, სამშობლოსმცოდნეობის პედაგოგმა ლექსო გელაშვილმა.სამშობლოსმცოდნეობა ონლაინ შეხვედრებს გასცდა და ქართული სულის გადარჩენისთვის, სხვადასხვა საკეთილდღეო საქმეების კეთება დაიწყო. სოფელი გუგუთი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სიმცირეს განიცდის, სკოლა დახურვის პირასაა, ამასთან დაკავშირებით, პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სახის აქცია ჩატარდა. სამშობლოსმცოდნეობის პედაგოგმა და ჩოხოსანთა საზოგადოებამ მიზნად სოფლის და სკოლის გადარჩენა დაისახეს, რაც საზოგადოების მოთხოვნა იყო და შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვა.

მაგდა დევნოზაშვილი