3 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეზე, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, პირველკლასელებსა და სასკოლო მზაობის 1000-მდე ბავშვს, წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ საზეიმო ვითარებაში უსასყიდლოდ გადაეცათ. საგანმანათლებლო მედია პროექტის ,,ეტალონის“ წამყვანის ავტორობით გამოცემულ სახელმძღვანელოში, შეტანილია სხვადასხვა შემეცნებითი ინოვაციური აქტივობები აზროვნებისა და მოტორიკის განვითარებისთვის.
გოჩა ტყეშელაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საგანმანათლებლო მედია პროექტ „ეტალონის“ წამყვანი:
-მადლიან საქმეს როცა იწყებ, პირველ რიგში თანამოაზრეები უნდა მოძებნო, ორი-სამი წლის წინ, საოჯახო მზაობის წიგნის შექმნით დავიწყეთ. აქცენტი გავაკეთეთ ოჯახებზე, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებზე, მაშინ რთულად თუ მოიძებნებოდა საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებიდან, თანამოაზრეები. სწორედ ერთ-ერთი პირველი ბოლნისი აღმოჩნდა. დავით შერაზადიშვილი, ასევე სკოლის და ბაღის ხელმძღვანელები, ვინც მხარი დაუჭირა ჩვენს პროექტს, აქ ინტელექტის განსაკუთრებული პოტენციალია.
წიგნის საზეიმოდ გადაცემის ღონისძიება, სიმბოლურად, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლის ეზოში გაიმართა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, საგანმანათლებლო მედია პროექტის წამყვანთან ერთად, ისტორიული სკოლის ეზოში არსებული სულხან-საბა ორბელიანის ბიუსტი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც, პატარებისთვის, სხვადასხვა მხიარული და გასართობი აქტივობა გაიმართა.
დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი:
-ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000-მდე სკოლამდელი მზაობის ჯგუფის ბავშვსა და პირველკლასელს, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის შედგენილი წიგნი „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადავეცით. ვიმედოვნებ, რომ ეს სახელმძღვანელო ჩვენს პატარებს სწავლის პროცესს გაუადვილებს და ცოდნის მიღებაში დაეხმარება. მსურს, გოჩა ტყეშელაშვილს, ამ სახელმძღვანელოს შედგენისთვის მადლობა გადავუხადო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიზანია, მომავალი თაობის განათლების პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს, სწორედ ამიტომ, მსგავს საგანმანათლებლო პროექტებს მომავალშიც განვახორციელებთ.
ღონისძიების ბოლოს, წიგნის ავტორმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს საქვეყნო მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისთვის და სახელმწიფო სამსახურში ეფექტური და წარმატებული მოღვაწეობისთვის, ,,2022 წლის საქვეყნო მნიშვნელობის მერის“ ტიტული მიანიჭა და დიპლომი გადასცა. „2022 წლის საქვეყნო მნიშვნელობის სახელმწიფო მოხელის“ საპატიო წოდება, მერის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმაც მიიღო.