პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობისა და დეპუტატობის კანდიდატები საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა. წარდგენის ცერემონია სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

სიტყვით გამოვიდა მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი, დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის და მხარდაჭერისკენ, ერთსულოვნებისა და ერთიანობისკენ მოუწოდა.

,,მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები მთავრობის მეთაურს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი გუნდის წარმომადგენლებსა და ჩემს საყვარელ ბოლნისელებს.პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“, გუნდის ლიდერებს , რომლებმაც უდდესი ნდობა გამომიცხადეს და კიდევ ერთხელ დამასახელეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. უღრმესი მადლობა ჩემს ამომრჩეველს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.ჩემო თანამოქალაქენო, მეგობრებო , ყველა მიცნობთ და იცით, რაოდენ დიდი ადგილი უკავია ჩემში ამ ქალაქისადმი სიყვარულს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ბოლნისი ჩემთვის ის ადგილია სადაც დავიბადე და გავიზარდე. მიყვარს და მახარებს ყველა ის სასიკეთო საქმე რაც თქვენთან ერთად განვახორციელეთ ჩვენივე ქალაქისა და თანამოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის. მიყვარს ბოლნისი როგორც ჩემი სამშობლოს განუყოფელი და ღირსეული ნაწილი, ერთიანი, მთლიანი და განუმეორებელი . დიახ განუმეორებელი, რადგან აქ მთელი ჩემი სამშობლოა თავმოყრილი, ის არამარტო მრავალეთნიკურია , არამედ საქართველოს ყველა კუთხის შვილებითაა დასახლებული. დიახ ბოლნისი ურთიერთობების ქალაქია, ერთად შეკრული ოჯახია, აქ ერთი სიხარული გვიხარია და ერთი სატკივარი გვტკივა, სწორედ ამ ერთიანობაშია ჩვენი სიძლიერე. ეს განაპირობებს იმ უზომო სიყვარულს, რაც მე გამაჩნია ჩემი კუთხის მიმართ. კარგად მაქვს გაცნობიერებული და გააზრებული, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, იყო ამ გამორჩეული კუთხისა და ხალხის მიერ მეორე ვადით არჩეული მერი, ჩემთვის ცნობილია არსებული პრობლემები, ისიც ვიცი თუ რა შესაძლებლობები გვაქვს ამ პრობლემების გამოსასწორებლად, მეიმედებით და დარწმუნებული ვარ თქვენი გვერდში დგომით, ჩვენ ერთად შევძლებთ განვაგრძოთ და ბოლომდე მივიყვანოთ მუნიციპალიტეტში დაწყებული აღმშენებლობის პროცესი. ჩვენ ერთად შევქმნით ისეთ ბოლნისს, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას, სადაც გაიზრდებიან განათლებული მომავალი თაობები. ჩვენ ვქმნით ძლიერ თვითმმართველობას, ძლიერი თვითმმართველობა, ნიშნავს ძლიერ საქართველოს! ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია საქართველოს რეგიონების, ქვეყნისა და თითოეული ოჯახის გაძლიერება. ჩემს უკან დგას ძლიერი და ერთიანი გუნდი, ცენტრალური ხელისუფლება, რომლის თანადგომის იმედი ყოველთვის გვექნება და მჯერა, ერთად დგომით ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით.მინდა მოგიწოდოთ მხარდაჭერისკენ, ერთსულოვნებისა და ერთიანობისკენ, რადგანაც როგორი განსხვავებებიც არ უნდა იყოს ჩვენს შორის, ეს ქვეყანა ჩვენი წასაყვანია იმ გზაზე, რასაც ერთიან ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა, ქვეყნის გაერთიანება და მუდმივი წინსვლა ჰქვია.მე მიყვარს ბოლნისი, ბოლნისი ჩემი სახლია!ჩვენ ერთად შევქმნით მომავლის ბოლნისს!მიგულეთ თქვენს გვერდით არა მარტო როგორც მერი, არამედ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ბოლნისისა და ჩვენი ქვეყნის უზომოდ მოსიყვარულე და ქომაგი,“განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.