პარასკევი, თებერვალი 14, 2025
spot_img
Homeბლოგიმასწავლებლებო, გიყვარდეთ თქვენი მოსწავლეები და ჩვენც გვეყვარებით

მასწავლებლებო, გიყვარდეთ თქვენი მოსწავლეები და ჩვენც გვეყვარებით

ჩემი მასწავლებელი

ეძღვნება: ხატია მღვდელაძეს – მასწავლებელს, რომლის სიყვარულითაც ვწერ ამ ჩანახატს. მზია ჩოქურს, ნეკა ბახტაძეს, ნინო გოგოლაძეს, ხათუნა ხიზანიშვილს, მაკა გოშაძეს

ეს ჩანახატი გეძღვნებათ თქვენ ყველა დროში.

ღამის ორი საათია. აშკარად წერის სურვილმა დამიფრთხო ძილი. იმდენი სიტყვები და აზრები მიტრიალებს თავში, რომლებიც ჩემი სათქმელის ფურცელზე გადატანას მთხოვენ.

თათია ღრმად ჩაისუნთქე, შეუძახე შენს თავს. დამშვიდდი, დავიწყოთ…

კარგად მახსოვს პირველად რომ შევაბიჯე სკოლის ეზოში. საკლასო ოთახში პატარა, დაბნეული და ცნობისმოყვარე ბავშვი შევედი, რომელიც სითბოს, სიყვარულსა და მყუდრო თავშესაფარს ელოდებოდა, და, აი გამიმართლა. ჩნდება ქალბატონი, რომელიც ღიმილით მეგებება. ვერ ვხვდები ვინ არის. ჩამკიდა ხელი, მიმიყვანა მერხთან და გამაცნო ყველაფერი ჩემს გარშემო. მზია ჩოქური, ჩემი პირველი მასწავლებელი, რომელიც პირველ რიგში ადამიანობით არის გამორჩეული. თბილი, მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი. ახლა, როცა ამ ჩანახატს ვწერ, დავფიქრდი რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს პირველი მასწავლებლის როლს მოსწავლისთვის. პირველ მზერას, შეხვედრას და ურთიერთობის პირველ ნაბიჯებს.

მეოთხე კლასში ვიყავი, როდესაც სკოლა შევიცვალე. ახალ სკოლაში გადასვლა ყოველთვის დიდი მოვლენაა. პირველ დღეს სკოლაში მარტო წავედი. ემოციებით სავსემ, შიშნარევი გრძნობით შევაღე საკლასო ოთახის კარი, სადაც ყველაზე გამორჩეული ნეკა მასწავლებელი შემხვდა. მასზე ერთ პატარა ისტორიას გავიხსენებ, რომელიც ვთვლი რომ ამომწურავ პასუხს გაგცემთ მის პიროვნებაზე.

„ერთხელ სკოლაში თავისუფალი გაკვეთილი გვქონდა, სადაც ვსაუბრობდით ჩვენთვის საინტერესო თემებზე და მასწავლებელმა იკითხა: ვინ არის სკოლაში ისეთი ადამიანი, რომელიც ყველას უყვარსო? გამოიცანით? ყველამ იმწამსვე დაუფიქრებლად შევძახეთ ნეკა მასწავლებელიო!!!

დამერწმუნეთ ასეთი წრფელი სიყვარულის მოპოვება მოსწავლეებისგან მხოლოდ რჩეულ და განსაკუთრებულ მასწავლებლებს შეუძლიათ.

ჩემს ქართულის უსაყვარლეს მასწავლებლებზე, ხათუნა ხიზანიშვილსა და ნინო გოგოლაძეზე უნდა გიამბოთ. არ ვიცი რატომაა ქართულის მასწავლებელი გამორჩეული ყველა ბავშვისთვის. ფიქრშიც კი ვერ დავუშვებ, რომ ხათუნა და ნინო სხვა საგნის მასწავლებლები ისეთივე საუკეთესონი ყოფილიყვნენ, როგორც მშობლიური ენის. მათში ყველაფერი ისეთივე ლამაზი, ამაღელვებელი და შთამბეჭდავია, როგორც თვითონ ქართული ენა. თანამედროვე მასწავლებლების ეტალონი ქალბატონები, რომლებიც დამეხმარნენ  საკუთარი თავის აღმოჩენაში, შეცნობაში და შესაძლებლობების პოვნაში. მაზიარეს მშობლიური ენის უნიკალურობას და განსაკუთრებულ სიყვარულს.

ბედნიერი ვარ, რომ სკოლაში ისეთი მზესავით თბილი მასწავლებელი მასწავლის, როგორიც მაკა გოშაძეა. ჩემი უსაყვარლესი „Techer“-ი. კაშკაშა, ფერადი, ხალისიანი, მუდამ ღიმილიანი, სანდო, პოზიტიური და ენერგიით აღსავსე. თანამედროვე სწავლების მეთოდებით, კვალიფიციურობითა და მოსწავლეებთან განსაკუთრებულად თბილი მიდგომით რომ გამოირჩევა. ჩემი სურვილია,  სკოლებს ბევრი ასეთი მასწავლებელი ჰყავდეთ. აი ვინ არის კარგი მასწავლებელი.

ადამიანი, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას ყოველდღე დაფიქრდე საკუთარ თავზე და საქციელზე. მასწავლებლის ადამიანურობა იზიდავს მოსწავლეს და აყვარებს საგანს. დამეთანხმებით, განა ეს ასე არაა?!

ჩემი ხატია „მასწი“

მათემატიკა ჩემი აქილევსის ქუსლია. (თუმცა უკვე აღარ. წარსულს ჩაბარდა). დედამ მასწავლებელი შემირჩია და ჩემი მომზადება გადაწყვიტა. ასე დაიწყო ჩემი და უცნობი ხატია მასწავლებლის ურთიერთობა.

იცით როგორია ხატია მასწავლებელი? მდიდარ ქართულ ენაშიც კი მისთვის შესაფერის სიტყვებს, რომ ვერ ვპოულობ. სიტყვა სიყვარული რომ მეცოტავება მისთვის. მისი დანახვა რომ მახარებს და სახე მინათდება. მის ყოველ მომდევნო გაკვეთილს სულმოუთქმელად რომ ველი, ეს მან შეძლო, შეძლო თავისი უბრალოებით და სიყვარულით.

ყველა მასწავლებელს როდი შეუძლია მოსწავლესთან ასე ურთიერთობა და არც ყველა მოსწავლეს აქვს ასეთი განსაკუთრებული გრძნობა მასწავლებლის მიმართ.

მხოლოდ ნამდვილ და ღირსეულ მასწავლებელს შეუძლია მოსწავლის უანგარო და უპირობო სიყვარულის მოპოვება,  ჩემი ხატია მასწავლებელი სწორედ რომ ასეთია. მადლობა მას რომ არსებობს და ცხოვრების გზაზე შემხვდა.

ხატია მღვდელაძე არის ადამიანი, რომელიც სიტყვა მასწავლებლის სახელს ამაყად ატარებს.

ცოდნის გარეშე სამყარო გაიყინება. წიგნებისაგან გაუცხოებული თაობა დაკარგავს უნარს, სწორად  შეაფასოს სამყარო. დღეს, სწორედ რომ მასწავლებლის პროფესია არის უაღრესად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი. და დღეს სწორედ რომ მასწავლებლები უნდა იდგნენ ახალი თაობების სწორად აღზრდის სადარაჯოზე.

მასწავლებლებო, გიყვარდეთ თქვენი მოსწავლეები და ჩვენც გვეყვარებით.

მასალა მომზადებულია პროექტის ,,ჩემი მასწავლებელი’’ ფარგლებში პირველი საჯარო სკოლის მოსწავლის თათია მინდიაშვილის მიერ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები