„ავიცრათ ერთმანეთისთვის“- კამპანიის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან მაკა მამარდაშვილთან ერთად ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრა.

საინფორმაციო შეხვედრის დროს ხაზგასმით ისაუბრეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებულ განკარგულებაზე, კერძოდ: 2021 წლის 8 ნოემბრიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საპენსიო ასაკის საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება 200 ლარიან დანამატს მიიღებს. ასევე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია „მწვანე ბარათის“ შესახებ, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან შევა ძალაში.

საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ პენსიონერთა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩართულიყვნენ კოვიდ საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში, საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.

გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ოთხი მუდმივ მოქმედი ამცრელი დაწესებულებაა, საჭიროებიდან გამომდინარე კი სამი მობილური ბრიგადა სხვადასხვა სოფლებს მოიცავს. იმუნიზაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქვეყანაში არსებული სამი ვაქცინით: ფაიზერით, სინოფარმითა და სინოვაკით მიმდინარეობს.