ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანა ივლისიდან მილიონ დოზაზე მეტ ვაქცინას მიიღებს და დაიწყება მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია.
როგორც ტიკარაძემ განმარტა, კლინიკებთან გადიან კონსულტაციებს, რათა ვაქცინაციის პროცესში შეფერხება არ იყოს:
„გვინდა, დავაანონსოთ, რომ დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი. უკვე ივლისიდან ჩვენ ველოდებთ მილიონზე მეტ ვაქცინას. ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით. დღევანდელი შეხვედრა რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ კლინიკებთან ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, რომელიც შეიძლება, გადასაჭრელი იყოს მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდამდე, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არანაირი შეფერხება პროცესში. სახელმწიფო რა თქმა უნდა, გამოთქვამს მზაობას ყველა იმ პრობლემის გადაჭრისთვის, რაც კლინიკებს შესაძლოა, ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკებმა საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროოვეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.