მთავარი მოტივაცია სიკეთის კეთებაა, კაცთმოყვარეობამ და რწმენამ ცხოვრების ყველაზე დიდ ტკივილთან ასწავლა ბრძოლა, – ნათქვამია კეთილ ადამიანს ღმერთი აძლიერებს და ყველაფერს შეაძლებინებსო, ზუსტად ასეთია ჩვენი რუბრიკის სტუმარიც. უყვარს ახლის შექმნა, მთელი ცხოვრება ძიებაშია და საკუთარ თავში ახალ-ახალ უნარებს პოულობს. რაც მოინდომა ყველაფერი გააკეთა, ძველ ნივთებს და მორჩენილ მასალებსაც ახალ სიცოცხლეს სძენს. ფიქრობს, რომ მიუღწეველი არაფერია, რასაც მოინდომებ და მიზნად დაისახავ, ყველაფერს გააკეთებ. „შრომისმოყვარეობა და კაცთმოყვარეობა ყველაფერს შეაძლებინებს ადამიანს, სიყვარული კი გადაარჩენს“. ჩვენი რუბრიკის სტუმარი ლალი ასათიანია.
-პირველ რიგში გაგვეცანით, დაახასიათეთ თქვენი თავი.
-შრომისმოყვარეობა და კაცთმოყვარეობა – ეს არის ძირითადი, რაც შემიძლია ვთქვა, ასე მიცნობს სოფელი და ყველა ჩემ გარშემო, ხალხის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, ადამიანურმა ურთიერთობებმა გადამატანინა ჩემი დიდი ტკივილი.
-ქალბატონო ლალი, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ პროექტში ჩაერთეთ და გაიმარჯვეთ, რას ნიშნავს თქვენთვის ამ პროექტში წარმატება?
-2023 წელს გავერთიანდი ქალთა კლუბში და იქ ყოფნის დროს გამოცხადდა პროექტის შესახებ. ვესწრებოდი ტრენინგებს, რომელიც ძალიან ნაყოფიერი, მრავლისმომცველი იყო და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან მიყვარს კერვა, ჩემი მრავალფუნქციური საკერავი მანქანა, რომელიც 40 წელი მემსახურებოდა, გამოსული იყო მწყობრიდან. გადავწყვიტე დამეწერა პროექტი. სიმართლე გითხრათ, არ მქონდა იმედი, მაგრამ ლელა კვირიკაშვილმა და მისმა გოგოებმა მომცეს სტიმული, მოტივაცია, გამიმართლა, დამაფინანსეს და შემიძინეს საკერავი მანქანა და ოვერლოკი, უთო კი ჩემი თანადაფინანსებით ვიყიდე. ამ გამარჯვებამ გამიმარტივა საქმე, შემიძლია უფრო გავაფართოვო, ვინაიდან ძირითადად გაფორმებები მომწონს საყელოებზე, წინსაფრებზე, ბალიშებზე, სადღესასწაულო აქსესუარებზე, რომელსაც ჩემი მანქანა არ აკეთებს, მინდა კიდევ სხვა პროექტში ჩართვა. რაც ყველაზე მთავარია უდანაკარგოდ მუშაობა მიყვარს, ნარჩენებსაც ვერ ვიმეტებ გადასაგდებად, რაღაცას ვხედავ იმ ნარჩენებში, შემიძლია გამოვიყენო და ახალი სიცოცხლე შევძინო. ასევე მიყვარს ყვავილები, ვდილობ ყველა კუთხეში დავრგო, მაქვს ასევე მალინის ბაღი და ამ ყველაფერს ვუთავსებ
– თქვენს მიერ დამზადებული პირველი ნივთი გაიხსენეთ, რა შეკერეთ?
– მე-5-ე კლასში ვიყავი, ჩემთვის ქვედაბოლო რომ შევკერე და ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით, ქსოვაც და ქარგვაც პატარაობიდანვე შევიყვარე.
-რაზე მუშაობთ ამ ეტაპზე?
-ამ ეტაპზე ვკერავ თეთრეულს, სუფრებს, საყელოებს, შევკერე ულამაზესი წინსაფრები, ვაპირებ ბავშვის ტანსაცმელზე მუშაობას, დანარჩენს, დრო და მოთხოვნილება გვიჩვენებს.
-როგორც ვიცით, ხართ პროფესიონალი მკერავი, ვინ გასწავლათ და რამდენი წელია, რაც ამ საქმით ხართ დაკავებული?
-ხელსაქმე ბავშვობიდან შემაყვარეს ჩემმა ბებიებმა, ორივე მათგანი მყავდა უნიჭიერესები, უყვარდათ ხელსაქმე და უნდოდათ, რომ გვესწავლა. შვილიშვილები ძალიან ვამაყობდით მათით. როცა დავოჯახდი და შემეძინა გოგონები, თითქმის ყოველდღე ახალს ვუკერავდი და ვუქსოვდი, ბევრჯერ ძველიც გადამიკეთებია. ხშირად 1 ღამეში დამისრულებია სვიტრის ქსოვა. წამომეზარდნენ შვილები, მაგრამ 19 წლის ასაკში, ჩემი სტუდენტი გოგო უეცრად გამიფრინდა ამ ქვეყნიდან, ჩემთვის თითქოს იმ დროს ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ფარხმალი არ დავყარე, ეკლესიურმა ცხოვრებამ, ოჯახმა და თანამშრომლებმა შემაძლებინეს, მასწავლეს ტკივილით ცხოვრება. განცდამ, რომ ვიღაცას ვჭირდებოდი, გამაძლებინა, დავდიოდი მამა სერაპიონთან.
-ქალბატონო ლალი, თქვენს ნიჭიერებას არ აქვს საზღვარი, ასევე მუშაობდით სამკაულებზე, მოგვიყევით ამის შესახებ.
– ამ პერიოდში ვამზადებდი ხატებს, ჯვრებს მძივებით, ვქარგავდი სურათებს, ასევე დავიწყე თეთრეულის კერვა და სამკაულების კეთება, რაზეც დიდი მოთხოვნილება იყო ბოლნისში. მძივებზე მუშაობა საინტერესოა და ძალიან მიყვარდა. რეალიზაციას ვუკეთებდი ნალჩიკში, ბაქოში, საბერძნეთში და ესპანეთშიც კი წაიღეს. უსაქმოდ ვერ ვჩერდებოდი.
– როგორც ვიცით, რაჭისუბნის ეკლესიის მოძღვარს, მამა მიქაელს გაუღეთ სახლის კარი და აჩუქეთ სამოსახლო მიწის ნაკვეთი, რატომ გადაწყვიტეთ ამხელა სიკეთის გაკეთება, რამ გიბიძგათ ამისკენ?
-რეზიდენციაში მოძღვრად აკურთხეს რაჭისუბანში მამა მიქაელი, რომელიც არა მარტო ტაძარში, არამედ ოჯახშიც მივიღეთ შვილივით, დავნათესავდით კიდეც. ჩემმა შვილმა შორენამ (ბოლნისის სიონის მგალობელია) მონათლა მამაოს გოგო და მისი სურვილით, მამაოს ვაჩუქეთ სამოსახლო მიწის ნაკვეთი. უკვე მშენებლობაც დაწყებულია, 10 წელი იცხოვრა ჩვენთან ერთად პანდემიამდე.
-ხართ მამაოს მრევლი და ვიცით, რომ მისივე კურთხევით კერავთ სტიქარებს.
– რაჭისუბანში აკურთხეს მღვდლად მამა იოანე ჩიგოგიძე, რომელიც 5 წელი ჩემს ოჯახში ცხოვრობდა, ტაძარში როდესაც დაიწყო ღვთისმსახურება, მედავითნე არ გვყავდა და შევისწავლე, ამ დროს მხოლოდ 2 სტიქაროსანი იყო ბოლნისში და მხოლოდ იმათ ქონდათ სტიქრები, მამაოს კურთხევით დავიწყე და ვკერავდი სტიქარებს, საეკლესიო ნივთებს, ბაირაღებს და მოძღვრის შესამოსელებსაც. ვკერავდი არა მარტო ჩვენი ტაძრისთვის. ერთ წელიწადს, შობის შემოლოცვა რაჭისუბანში პირველად მოხდა ამდენი სტიქარებით და ეს ძალიან ლამაზი იყო. არაერთი სადღესასწაულო სამოსელი მაქვს შეკერილი ჩვენი მეუფისთვის, ფიტარეთის მამებსაც კაბები შევუკერე და კიდევ არაერთი რამ.
-ქალბატონო ლალი, რა არის ყველაზე მთავარი ადამიანისთვის, რომ სახე არ დავკარგოთ?
-ადამიანისთვის მთავარია არ დაეუფლოს სასოწარკვეთილება, არ დაკარგოს შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჩვენი რესპოდენტის სურვილია ბებიების ნასწავლი ხელსაქმე შვილიშვილებსაც ასწავლოს. შვილიშვილების სიყვარულით კი უნდა ახალი მიმართულებით იმუშაოს, შექმნას პატარა ბავშვის ტანისამოსის ხაზი.
ნონა ხუზმიაშვილი