პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება და ეს მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებაა. მისი განმარტებით, სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევა:
„კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას. ბოლოს მინდა ვთქვა, რაიმე სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება რომ არ იყოს, ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და მე ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ და განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულებდან გამოსავალი. აცრა გვიცავს სიკვდილისგან.
მე როგორც პრემიერ-მინისტრი ვალდებული ვარ, თიოთეული მოქალაქის აზრი გავითვალისწინო. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა სავალდებულო ვაქცინაციას არ ემხრობა, უფრო მეტიც, მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ნებაყოფლობითი ვაქცინაცია არის დაწესებული. რისკ ჯგუფებს რაც შეეხება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები დავარწმუნოთ. შემთხვევითი არ არის, რომ 60 წელს გადაცილებულებისთვის წამახალისებელი მექანიზმი შემოგვაქვს, როგორიც არის 200 ლარიანი დანამატი და სხვა უამრავი მექანიზმი, რაც ჩვენს ხელთ არის. სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევა. ყველა მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი უზრუნველვყოფ, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.