საქართველოს ეროვნული გვარდია, 32 წლის წინ, 1990 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა.
ეროვნული გვარდია პირველი ქართული სამხედრო ფორმირებაა, რომლის ბაზაზეც საქართველოს დღევანდელი თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა.
1991-1993 წლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებული ბრძოლებისას, 650-მდე გვარდიელმა შესწირა სიცოცხლე სამშობლოს. მარადიული ხსოვნა მათ სახელებს!
2003 წლიდან აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდლის, გენერალ პოიტრისისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის რეკომენდაციით, ეროვნული გვარდიის რეორგანიზაცია დაიწყო, რის შედეგადაც, მუდმივი საბრძოლო ქვედანაყოფები გაუქმდა, მძიმე შეიარაღება და ტექნიკა რეგულარული ჯარების ნაწილებს გადაეცა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული ქვედანაყოფების წვრთნები დაიწყო.
ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდნენ.
დღეს ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებს შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება, სამხედრო ოპერაციების დროს მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელება, თავდაცვის ძალებისთვის მოქალაქეთა რეკრუტირება, საომარი და საგანგებო სიტუაციების/მდგომარეობის დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა წარმოადგენს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ყველა ვეტერან გვარდიელს და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს ულოცავს ეროვნული გვარდიის დაარსების დღეს და დღეგრძელობას,კეთილდღეობას, მშვიდობიან, ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს,-ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში