შაბათი, ივლისი 27, 2024
spot_img

გამოცხადებული ტენდერი და დაგეგმილი სამუშაოები, რომელიც სასმელი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს

ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში,  მოსახლეობას სასმელი წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. აღნიშნული საკითხის მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული, როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ასევე ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი. გოგი მეშველიანმა საკითხის მოგვარება პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს სთხოვა, რასაც რეაგირება მალევე მოჰყვა და ქალაქ ბოლნისში „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის 35 სოფელს, დაბა კაზრეთსა და დაბა თამარისს სასმელი წყლით მომარაგებას „საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიის“ ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის, ბოლნისის სერვის ცენტრი ოპერირებს, გაზეთი „ბოლნისი“ აღნიშნულ საკითხზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის უფროსს ნიკა ვასაძეს ესაუბრა, რომელმაც პრობლემის მიზეზებზე და გამოსწორების გზებზე ისაუბრა.

„ქალაქი  ბოლნისი, დაბა კაზრეთი და 20 სოფელი, სასმელი წყლით  ყარაბულახის (საყაფლანოს) სათავე ნაგებობიდან მარაგდება. ცხელი პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით და ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, საგრძნობლად იზრდება მოსახლეობის მიერ სასმელი წყლის მოხმარება. ამას გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში არ არის სარწყავი სისტემები, რის გამოც ადგილი აქვს სასმელი წყლის არამიზნობრივ მოხმარებას (მოსახლეობა წყალს იყენებს ბაღ- ბოსტნებისა და კუთვნილი ნაკვეთების მოსარწყავად). რაც  უარყოფითად აისახება ქ. ბოლნისისა და დაბა კაზრეთის წყალმომარაგებაზე, საბოლოო ჯამში, იქმნება სასმელი წყლის დეფიციტი. აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად, კომპანიამ ადგილზე დეტალურად შეისწავლა ვითარება და მიმდინარე წლის 14 ივლისს სახელმწიფო შესყიდვების საიტზე (spa.ge) გამოცხადდა ტენდერი წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტირებასა და მშენებლობაზე. კერძოდ: სათავე ნაგებობის მაგისტრალურ მილსადენზე არსებული ჩამკეტ- მარეგულირებელი არმატურისა და ვანტუზების, ჭრეში – ბოლნისის მაგისტრალის ამორტიზირებული მონაკვეთის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის: ტანძია, იწრია, ძველი ქვეში, რატევანი, ძეძვნარიანი, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ ქ. ბოლნისის წყალმომარაგებაზე. წინადადებების მიღება დაიწყება 31 ივლისს და დასრულდება 5 აგვისტოს. ტექნიკური დავალება მოიცავს: ყარაბულახის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას;  ყარაბულახი- კაზრეთის მაგისტრალზე არსებული ჩამკეტ – მარეგულირებელი არმატურისა და ვანტუზების შეცვლას,  ჭრეში- ბოლნისის მაგისტრალის ამორტიზირებული მონაკვეთის რეაბილიტაციას;  სოფლების- ტანძია, იწრია, ძველი ქვეში, რატევანი, ძეძვნარიანი – რკინა- ბეტონის რეზერვუარების მშენებლობას, შიდა – გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაციას და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მოწყობას. კომპანიის ინტერესია, რომ მოსახლეობამ უმოკლეს ვადებში იგრძნოს გაუმჯობესება წყალმომარაგების კუთხით, ამიტომ პრიორიტეტია დებეტის გაზრდა და აქედან გამომდინარე, პირველი რიგის პრიორიტეტად დაისახა სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, მაგისტრალზე არსებული ჩამკეტ- მარეგულირებელი არმატურის  ვანტუზების  და  ამორტიზირებული მონაკვეთის შეცვლა, რაც შეამცირებს ტექნიკურ დანაკარგს და პირდაპირ აისახება კომპანიის აბონენტებზე წყალმომარაგების გაუმჯობესებით. აღნიშნული სამუშაოების დასრულება იგეგმება 2022 წლის ივნისის თვეში“, განაცხადა ნიკა ვასაძემ.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები