რა? სად? როდის? ინტელექტუალურ თამაშს ევროპის შესახებ დღეს ბოლნისის პირველმა საჯაროს სკოლამ უმასპინძლა. პროექტში მონაწილე 29 გუნდი ერთმანეთს ევროკავშირისა და მისი ფუნქციონირების შესახებ ცოდნაში შეეჯიბრნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლნისი რეკორდსმენია დარეგისტრირებული გუნდების რაოდენობით. ინტელექტუალურ თამაშს საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი ესწრებოდა .
საქართველოს მასშტაბით მიმდინარე მარათონს ,,ინტელექტ-კლუბის რა? სად? როდის?’’ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა. აღნიშნული მარათონისთვის გათვალისწინებული 24 კითხვის შემდეგ, ქულათა თანაბარი რაოდენობის გამო დაინიშნა პენალტები, სადაც ერთმანეთს რამდენიმე გუნდი დაუპირისპირდა. საინტერესო შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთნენ გამარჯვებული გუნდებიც. მესამე ადგილზე ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლა, მეორე ადგილზე აკაურთის საჯარო სკოლა, ხოლო 1 ადგილი, მიუხედავად პენალტებისა, ქულების თანაბარი ოდენობის გამო 2-მა სკოლამ: ბოლნისის პირველმა საჯარომ და იოანე ბოლნელის სახელობის სკოლამ მოიპოვა. გამარჯვებული გუნდები სერთიფიკატებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს მასშტაბით მიმდინარე მარათონში უკვე ასობით მოსწავლე ჩაერთო, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდები მხიარული და ინტერაქტიული ფორმით ევროკავშირის შესახებ მეტ ინფორმაციას იღებენ.