კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

ბოლნისში ახალი სათემო ორგანიზაცია ,,ნეკერი” შეიქმნა

“ნეკერი ” ასე ქვია – ახლად დაფუძნებულ ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაციას, რომელიც  ექვსმა , აქტიურმა  და ენერგიულმა  ბოლნისელმა ქალბატონმა, მშობელთა ასოციაციის “მშობლები განათლებისთვის”აქტიური მხარდაჭერით დაარსა.

,,ნეკერი”-ს  მისიაა ქვემო ქართლის საბავშვო ბაგა-ბაღების/სკოლების მშობლებთან დაახლოება, მათი თანამშრომლობის წახალისება. ამ ორმხრივი კომუნიკაციის ჩამოყალიბება ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენას შეუწყობს ხელს, რაც აღსაზრდელთა/მოსწავლეთა ჯანსაღი განვითარებისთვის ეფექტური საქმიანობების განსაზღვრის და განხორციელების წინაპირობა იქნება.

ორგანიზაციის მიზანია, ქვემო ქართლის ბავშვიანი ოჯახების, ბაგა-ბაღისა და სკოლის ძლიერ, დემოკრატიულ ინსტიტუტებად ფორმირება ბავშვების ირგვლივ აქტორთა იმგვარი გაერთიანებით, რომ თანაშექმნის კვალდაკვალ  ყველას ჰქონდეს განცდა-ვართ ერთად ბავშვების მხარეს.

,,მშობლები განათლებისთვის Parents for Education ასოციაცია  ჩვენი ორგანიზაციის მეშვიდე და მთავარი თანადამფუძნებელია, თუმცა დანარჩენ დამფუძნებლებს სრული დამოუკიდებლობა მოგვანიჭა – თქვენებურად მართეთ ორგანიზაცია. უკეთ იცით თქვენს მხარეს რა საჭიროებები და გამოწვევები აქვს და როგორ შეიძლება მათი გადაწყვეტაო.

 ჩვენ, ბუნებრივია, ყველაფერი არ ვიცით, თუმცა დანამდვილებით ვიცით  ის, რომ გზადაგზა ყველაფერს ვისწავლით, ყველაფერს შევეჭიდებით, რაც ორგანიზაციული მიზნის მიღწევისთვის წაგვადგება. დავაგროვებთ ცოდნას, გამოცდილებას, სხვა სახის რესურსს – ეს იქნება მატერიალური თუ ფინანსური, შემოვიკრებთ თანამოაზრეებს, გავმრავლდებით და გავძლიერდებით.ახლო მომავალში ეტაპობრივად ყველა დაინტერესებული მხარის კარზე დავაკაკუნებთ და მეტს მოგიყვებით  “ნეკერის” შესახებ. ორგანიზაციის ხედვაა ქვემო ქართლის ბაგა-ბაღებსა და სკოლებში ბავშვებისთვის უსაფრთხო, მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა მონაწილეობითი მიდგომით. ამ გზაზე სააღმზრდელო/საგანმანათლებლო დაწესებულებები მკაფიოდ დაინახავენ მშობლის როლს და თავის საქმიანობაში მათ სწორ ჩართულობას წაახალისებენ. მეორე მხრივ, თავად მშობელი გააცნობიერებს საკუთარ, როგორც შვილის უფლებების დამცველის, მნიშვნელოვნებას და ბაგა-ბაღთან/სკოლასთან, თემთან საქმიანი ურთიერთობების ინიციატორი იქნება. ზრდასრულები ამგვარი დემოკრატიული მიდგომით კარგ მაგალითს მისცემენ ბავშვებს, რაც მომავალში თავისუფალი, აქტიური, პასუხისმგებლიანი, ძლიერი თემის ფორმირებას შეუწყობს ხელს.

 შეხვედრამდე კი იცოდეთ, თანამოაზრეებად და მხარდამჭერებად მოგიაზრებთ. მხოლოდ თქვენთან თანამშრომლობის გზით წარმოგვიდგენია ბავშვების წინსვლა და ბედნიერება

 ერთად ვიფუსფუსებთ ისე, რომ  ყველას გვექნება განცდა – ვართ ერთად ბავშვების მხარეს.

“ნეკერი” ყველასია”_ნათქვამია ერთ-ერთი დამფუძნებლის როზი დევნოზაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები