ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
spot_img
HomeTVბოლნისში აკაკი ქუქჩიშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა

ბოლნისში აკაკი ქუქჩიშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა

სპორტის დამსახურებული ოსტატის, ღირსების ორდენის კავალერის, ათობით ათასი სპორტსმენის, ევროპის, მსოფლიოს და მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონის აღმზრდელის, ბოლნისის კოლორიტი ადამიანის,  თავისუფალ და ქართულ ჭიდაობაში ისტორიის შემქმნელის, აწ გარდაცვლილი აკაკი ქუქჩიშვილის სახელობის მემორიალურ ტურნირს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მხარდაჭერით ჩაეყარა დღეს საფუძველი. ბოლნისის ძიუდოს დარბაზში, ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში საქართველოს რამდენიმე ქალაქისა და სოფლის  14 გუნდი 22 წონით, 2 ასაკობრივ კატეგორიაში  სპეციალურად დაწესებული თასის მოსაპოვებლად ასპარეზობდა.

აკაკი ქუქჩიშვილი იყო მასწავლებელი, რომელიც აღსაზრდელში აყალიბებდა ფიზიკურ და სოციალურ ჰარმონიას, რუდუნებით ხვეწდა შეგირდის შესაძლებლობებს და გზას უკაფავდა მაღალი სპორტული მწვერვალებისკენ, მას ათასობით ახალგაზრდის ფორმირებაში მიუძღვის წვლილი. მუხლჩაუხრელად შრომობდა იმ შედეგისთვის, რასაც შემოინახავს ბოლნისის სპორტის ისტორია.  მან არაერთი ახალგაზრდა გაიყვანა ხალიჩაზე საასპარეზოდ და აზიარა სპორტსმენის ტიტულს.   მთელი ცხოვრება მიუძღვნა ბოლნისში თავისუფალი და ქართული ჭიდაობის განვითარებას. 1964 წელს დააარსა პირველი სექცია და მას შემდეგ უამრავი ჯილდო, მედალი, სიგელი აქვთ მოპოვებული მის აღსაზრდელებს.

ადამიანი, რომელიც მთელ ქალაქს უყვარდა, სპორტსმენი, რომლის სკოლაც არა მხოლოდ პროფესიონალურად ხვეწდა თაობებს, არამედ ცხოვრების სხვა გაკვეთილებსაც აზიარებდა. კაცი, რომლის ცხოვრებაც და მოღვაწეობაც ახალგაზრდების აღზრდა-განვითარებას ემსახურებოდა, დამსახურებული ღვაწლისთვის 80 წლის ასაკში ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

ბოლნისის კოლორიტი, სპორტის ბერმუხა, 86 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი  მიზნად ისახავს შემდეგ წლებში მიეცეს საერთაშორისო  სახე, რათა ბოლნისელი სპორტის დამსახურებული ოსტატის სახელი არა მარტო საქართველოში, უცხოეთშიც გაჟღერდეს.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები