სამყაროში, სადაც პოეზია უმნიშვნელოვანესია ადამიანის ემოციებსა და წარმოსახვას შორის, ლევან არსენიძე ფეხს უწყობს საუკუნის აჩქარებულ ტემპს და გვთავაზობს ლექსებს, რომლებსაც ძირითადად საჭესთან მჯდომი წერს. იგი პოეზიას იყენებს აზრის აკინძვისა და ნააზრევის გავრცელების საშუალებად. ინტერვიუში გვესაუბრება პირველ ნაბიჯებზე პოეზიაში, მუშაობის პროცესსა და ყველა იმ დეტალზე, რომელიც მის ლექსებს ორიგინალურობასა და განსაკუთრებულობას სძენს.
- მოგესალმებით ლევან, შეგიძლიათ გვითხრათ როდის დაიწყეთ წერა და რამ გიბიძგათ პოეზიისკენ?
- მოგესალმებით თქვენ და მკითხველს, მადლობა ჩემი შემოქმედებით დაინტერესებისთვის და ჩემი, როგორც მწერლის, საზოგადოებასთან წარდგენისთვის. წერა დავიწყე სტუდენტობის დროს, მაშინ მეორე კურსზე გახლდით, იმ დროისთვის ქვეყანაში იდგა სიბნელე და უკუნი, რა დროსაც დაიბადა პირველი ლექსი ,,უკანასკნელი სიტყვებით უკანასკნელი გვემა“. ეს უფრო შეგონებითი პროტესტის გამოხატულება გახლდათ, აღნიშნული ლექსი რამდენიმე ჟურნალსა და გაზეთში დაიბეჭდა, რამაც მიმახვედრა, რომ რაღაც შემეძლო რაც არა აღიარებას, არამედ შედეგს გამოიღებდა, შედეგს რთული მიზნებისა და ამოცანების დასახვის გარეშე.
- გაგვიზიარეთ, როგორ გამოიხატება თქვენი სულიერი სამყარო თქვენს პოეზიაში?
- ვერ გეტყვით რამდენად ვლინდება ჩემი სულიერი სამყარო ჩემს შემოქმედებაში, ნაწილობრივ რა თქმა უნდა, თუმცა არა სრულად. უამრავი ფაქტორია ლექსის წერის დროს გასათვალისწინებელი, არ შეეხო დაუმსახურებლად საზოგადოების ფენებს, არ დაყო კლასობრივად, დაუმსახურებლად არ შემოგელანძღოს კონკრეტული სუბიექტი, რომელიც გაუთვითცნობიერებლად მასის შემადგენელი ნაწილია ა.შ. სწორედ ამიტომ მე მიხდება შემოვლითი გზების ძებნა, რაც ჩემს სულიერ სამყაროს დამეთანხმებით, რომ სრულად ვერ წარმოაჩენს.
- ახდენს თუ არა გავლენას მშობლიური ქალაქი, ბოლნისი, თქვენს მწერლობასა და პოეტურ სტილზე?
- რა თქმა უნდა, კი! ვთვლი, რომ ბოლნისი მხოლოდ პოეტურ სტილზე კი არა, თვით ჩემზეც დიდ ზეგავლენას ახდენს, ის რაღაც სხვანაირია, რაღაც მორალური, ზნეობრივი, ეთიკური და ესთეტიკური.
- ძირითადად რა თემებს ეხებით პოეზიაში? არის რაიმე კონკრეტული ,,შეტყობინებები“, რომელთა გადმოცემასაც ცდილობთ თქვენი ნამუშევრებით?
- ვეხები ყველა თემას და რის გადმოცემასაც ვცდილობ, სრულად არის ინტეგრირებული მასში.
- პოეზიას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ადამიანისთვის. რას ნიშნავს პოეზია პირადად თქვენთვის და რა გავლენას ახდენს ის თქვენს ცხოვრებისეულ ხედვასა და შემოქმედებაზე?
- გაგეცინებათ და პოეზია დიდად არ მხიბლავს, ის უბრალოდ საშუალებაა ჩემი აზრის აკინძვის და ამ ნააზრევის გავრცელების. მე არ ვარ პოლიტიკოსი, თუმცა ვარ ამ ქვეყნის შვილი და ეს ჩემი წვლილია ერთი აგურის დადების პრინციპით. ვთვლი, რომ პოეზია კი არა, არამედ პირიქით, მე ვდომინირებ პოეზიაზე.
- თუ გყავთ გამორჩეული პოეტი, მწერალი, შემოქმედი, რომელიც თქვენთვის მისაბაძ ადამიანად შეიძლება ჩაითვალოს?
- დიახ, რა თქმა უნდა, როგორც უმეტეს ჩვენგანს: ვაჟა, გალაკტიონი, ილია და ა.შ.
- როგორ მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესი? გაქვთ თუ არა რაიმე ჩვევა, რუტინა, ან განსაკუთრებული გარემო, რომელშიც ყველაზე ხშირად გინდებათ თქვენი განცდების ფურცელზე გადმოტანა?
- არ მაქვს და რაიმეზე მიჯაჭვულობა, არ არის ჩემი სტილი, მე რომანტიკოსიც კი არ ვარ, არ არსებობს ჩემთვის ორი ერთნაირი დღე და შესაბამისად არც ღამე, ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ფეისბუქში ვწერ 15-20 წთ-ში ლექსებს, საჭესთან მჯდომი და მერე აღმოვაჩენ, რომ რაღაც ტექნიკური შეცდომა გამპარვია, არ ვასწორებ ლექსებს და ჩემი ლექსების 95% შინაარსობრივად არარედაქტირებულია.
- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, წიგნიც გამოეცით. რთული იყო თუ არა წიგნის გამოცემის პროცესი და რა იყო ამ გზაზე თქვენთვის ყველაზე დიდი მოტივატორი?
- სიმართლე გითხრათ არ ვაპირებდი წიგნის გამოცემას, დამიკავშირდა ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის მფლობელი და მთხოვა წიგნი, რაზეც ვუპასუხე, რომ გამოცემული არ მქონდა, სწორედ მან გამოსცა ჩემი წიგნი. მე უბრალოდ მასალა მივაწოდე და ყველაფერი დანარჩენი მან გააკეთა, რისთვისაც მადლიერი ვარ და თქვენი საშუალებით კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას.
- თქვენი ლექსებიდან თუ არის რომელიმე, რომელიც ყველაზე მეტად გამოგხატავთ და საუბრობს თქვენზე, როგორც ლევან არსენიძეზე?
- არ მახსენდება გამორჩეულად, როგორც ზევით აღვნიშნე ნაწილობრივ ყველა მათგანი გამომხატავს.
- სამომავლო გეგმები თუ გაქვთ, რომელიც თქვენს შემოქმედებას უკავშირდება. მაგალითად, ახალი წიგნის გამოცემა, პოეზიის საღამო და ა.შ?
- მე უბრალოდ გავაგრძელებ წერას და დანარჩენს დრო გვიჩვენებს, ამ ეტაპზე გეგმები არ გამაჩნია.
- და ბოლოს, რა არის თქვენი, როგორც პოეტის და უბრალოდ მოქალაქის ყველაზე დიდი ოცნება/ სურვილი?
- თქვენი ბედნიერება, ერის ბედნიერება და ქვეყნის კეთილდღეობა!.
- მიყვარხართ!.
როცა უყვარხარ და როცა გიყვარს,
როცა აფასებ და გაფასებენ,
როცა უნდიხარ და როცა გინდა,
მაშინ დაასკვნი ცხოვრება ღირდა.
ცხოვრება ღირდა შენთვის და მათთვის,
ტკივილში დაღლილს, მორალში განცდილს,
მიხვდები რაგჭირს არ ჰგავხარ დაჭრილს,
სიცოცხლე მიდის, ცხოვრება გარბის.
როცა ხალისით იხსენებ წარსულს
და რომ სიბერე არაფრით არგსურს,
როცა გახდები ბავშვივით ლაღი,
ცხოვრებას მისდევ მიყვები მარდი.
და როცა ღიმილს გაცვლი კისკისში
და როცა ძვლებიც შეწყვეტენ ჭრაჭუნს,
მიხვდები სადხარ ასი წლის თავზე
და რომ სიკვდილი არაფრით არგსურს.
და რომ ცხოვრება შენთვის ტკბილია,
განა იმიტომ რომ ასე გინდა,
როცა უყვარხარ და როცა გიყვარს,
სიცოცხლე ღირდა! ცხოვრებაც ღირდა!.
ჩემი ცხოვრება, გალაკტიონის მერის წააგავს,
ბარათაშვილი მიქრის, მიმაფრენს, არაქვს საზღვარი,
სულხან-საბა ვარ, გულმხურვალე, ხელჯოხიანი,
ბავშვს, რომ უამბო, ცრემლიანმა თავის ამბავი.
მე ილია ვარ, მიზნისათვის ათასჯერ მკვდარი,
ერთხელ მოკლული ქვეყანას, რომ არ ემეტება,
ტიციანი ვარ, ცისფერი ყანწით წარმოდგენილი,
პოვლო იაშვილს გულმხურვალედ, რომ ეფერება.
ეთიმ გურჯი ვარ! საიათნოვას სიმღერის ფონზე,
მტკვარს, რომ აყვება ცივ ზამთარში გულ-გონ მიხდილი,
დიდი ვაჟა ვარ! კალამით ხელში ჩარგლის ფერდობზე,
თითქოს ჩამესმის მისი ენა ირმის ყვირილით.
მე გრიგოლიც ვარ, ორბელიანთა დინასტიიდან,
და მუხამბაზი გამხდარა ჩემი დარდი ვაება,
რობაქიძე ვარ და მაცვია გველის პერანგი,
ვერ გაახუნეს, ვერ დაძალეს ავმა დღეებმა.
რუსთაველი ვარ! მასზე დიდი, რომ არ არსებობს,
თვით თამარ მეფეს, რომ უამბობს ვეფხისტყაოსანს,
მუხლმოდრეკილი, შორით ტრფობით როგორ გასცქერის,
თამარს წმინდას, უდიდეს მეფეს და თან ჯვაროსანს.
მე ლევანი ვარ და რაღაცას ვჯღაბნი ხანდახან,
ვიცი ვერასოდეს ვერ ვიქნები მე მათი ტოლი,
იქნებ ერთდღესაც ვინმე მგოსანმა აღმომაჩინოს,
და მიმიჩნიოს, მეც მათ მსგავსად, ვით თანასწორი.