თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის ცენტრალურ სტადიონზე ბოლნისის ,,სიონმა”, საფეხბურთო კლუბი ,,გაგრა” ანგარიშით 2:1 დაამარცხა და კრისტალბეთ ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა. ,,გაგრას” კარში გოლები გიორგი ივანიაძემ და თომა ტაბატაძემ გაიტანეს. ,,სიონმა” ამ გამარჯვებით ეროვნულ ლიგაში დაბრუნება შეძლო და ახალი სეზონიდან ბოლნისური გუნდი უკვე საქართველოს მთავარ საფეხბურთო ჩემპიონატში იასპარეზებს.
,,სიონისა” და ,,გაგრას” შორის გამართულ მატჩს ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნოციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.აღსანიშნავია, რომ ეროვნული ლიგა 2-ის ეგიდით “სიონის” კაპიტანმა დათა სიჭინავამ 100 გოლი გაიტანა. კაპიტანს სიმბოლური საჩუქარი, სიონის სპორტულმა დირექტორმა, ჯონი ჯაგიდისმა გადასცა.
,,საფეხბურთო კლუბი ,,სიონი” ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. ვულოცავ,,სიონის” ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ჩვენი გუნდი ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, “სიონში” არაერთი ცნობილი ფეხბურთელი აღიზარდა, რომელმაც ქართული საფეხბურთო ტრადიციები ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანა.” სიონის” ყოველი წარმატება განსაკუთრებით გვახარებს, რადგან ამ გუნდმა თითოეულ ბოლნისელს ფეხბურთის სიყვარული ასწავლა. ჩვენი გუნდი ბოლნისის სპორტულ ცხოვრებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის პროცესში უდიდეს როლს ასრულებს, ამიტომ, ბოლნისური გუნდის გამარჯვებები ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა უმაღლეს ლიგაში თამაში უფლება მოიპოვა და მჯერა, ჩვენი ბიჭები ჩემპიონობისთვის შეუპოვრად იბრძოლებენ. დარწმუნებული ვარ, ბოლნისური გუნდი მომავალშიც არაერთხელ გაგვახარებს, ბოლნისელი გულშემატკივარი კი თავის საყვარელ გუნდს ყოველთვის დიდი მონდომებით უგულშემატკივრებს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.