პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა. პატარების განწყობაზე მათთვის საყვარელი ზღაპრების გმირები ზრუნავდნენ. დამსწრე საზოგადოებას, დღევანდელი დღე, ანსამბლმა „იმედმა“ საათნახევრიანი შემაჯამებელი რეპერტუარით, მიულოცა, თოჯინების თეატრის მხარდაჭერით კი მხიარული სტარტები გაიმართა, სადაც მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეები იღებდნენ. დღესასწაულს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბიბლიოთეკაც ახალი აქტივობით „ეძებე შენი წიგნი“ შეუერთდა, პარკის ეზოში დამალული წიგნები, რომელიც ბავშვებმა ხალისით იპოვეს, საჩუქრად გადაეცათ.
ლაურა დურგლიშვილი, ანსამბლ „იმედის“ ხელმძღვანელი:
-ანსამბლ „იმედის“ სახელით მინდა ყველა პატარას დღევანდელი დღე მივულოცო, თითოეული მათგანს უღრუბლო ცა, მშვიდობა და ჯანმრთელობა ვუსურვო. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი კულტურის ცენტრის სამსახურს და კომპანია „არემჯის“ დღევანდელი დღის გალამაზებისთვის.
კობა ჟღენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი :
-ტრადიციულად ბოლნისში ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება. დღეს კულტურის სახლის საესტრადო ანსამბლ „იმედის“ საანგარიშო წარდგენაც არის. ყველა პატარას ვულოცავ, ლაღ ბავშვობას და მშვიდობას ვუსურვებ. ასევე მინდა მოგილოცოთ ნინოობა, შეეწიოს სრულიად საქართველოს და სრულიად ბოლნისს წმინდა ნინოს ჯვარი.
სოფო მსხილაძე, მშობელი:
-დღეს აქ ჩემს პატარებთან ერთად მოვედი. მოხარული ვარ, რომ კულტურისა და დასვენების პარკში ასეთი მხიარული და თავგადასავლებით სავსე ღონისძიება გაიმართა. ბავშვებს განსაკუთრებით საბავშვო ბიბლიოთეკის აქტივობა მოეწონათ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამყაროს ყველა პატარას მივულოცო ეს დღე, ჯანმრთელობა, ბედნიერება და ულევი სიხარული ვუსურვო მათ.