საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის – ,,ევროპის წლის მუზეუმი – 2022″ ფინალურ ნომინანტად დასახელდა!
ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) დაფუძნდა 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით. ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით. ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო წარმოაჩენს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საჭიროებას. კონკურსში მონაწილეობა ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანას შეუძლია.
კონკურსზე საქართველო პირველად 2016 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმით წარსდგა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის კულტურული დაწესებულებების აღიარებისა და პოპულარიზაციის გზაზე. სვანეთის მუზეუმი დასახელებული იყო ნომინაციაში: ,,სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის”.
საუკეთესო მუზეუმებს ევროპის მუზეუმების ფორუმი გამოავლენს 2022 წლის მაისში დაჯილდოების ცერემონიაზე ესტონეთის ქალაქ ტარტუში.