გია დემურაშვილი, უკვე მეორე წელია, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გამოყენების გარეშე, ეკოლოგიურად სუფთა სასუქს „ბიოჰუმუსს“ ანუ ჭიაყელების კომპოსტს აწარმოებს, რომელიც დიდი რაოდენობით, ფერმენტებს, ვიტამინებს, მცენარეთა ზრდის სტიმულატორებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს. აღნიშნული სასუქი (ჭიაყელების მიერ გადამუშავებული პირუტყვის ორგანული ნარჩენისგან შედგება) ხელს უწყობს მცენარეთა ზრდა-განვითარებას, აძლიერებს მათ იმუნიტეტს, ზრდის მოსავლიანობას და აუმჯობესებს გემოვნურ თვისებებს.
კალიფორნიული ჰიბრიდული ჯიშის ჭიაყელა 60-იან წლებში დაპატენტდა და გავრცელების არეალი ევროპასა და აზიას მოიცავდა. იგი ადვილად ეგუება ხელოვნურად შექმნილ გარემო პირობებს და აქტიურად გამოიყენება სავარგული და სატყეო ნიადაგების გასამდიდრებლად.
გია დემურაშვილმა ბიო სასუქის წარმოება, საგრანტო პროექტის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაიწყო, აღნიშნული, ეკოლოგიურად სუფთა სასუქი, საქართველოში სულ რამოდენიმე წელია იკიდებს ფეხს და მეცნიერული კვლევის შედეგად, ის ანეიტრალებს ნიადაგში მძიმე მეტალებს, შხამ-ქიმიკატებს და პესტიციდებს. მას ასევე გააჩნია სამკურნალო თვისებები. ჰუმუსი არის კომპლექსური ნივთიერება, რომელიც ამდიდრებს ნიადაგს და ზრდის ნაყოფიერებას.