ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
spot_img

ახალგაზრდა ექიმს გრძნობა, რომელიც სულ თან სდევს შიში და პასუხისმგებლობაა, შიში წაგებულ სიცოცხლესთან და პასუხისმგებლობა ახალი სიცოცხლისთვის

ექიმობა ყოველდღიური ბრძოლაა სიცოცხლის გადარჩენისთვის, სადაც ყოველ წუთს და წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ექიმობა უდიდესი და დაუსრულებელი პასუხისმგებლობაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას განსაზღვრავს. ექიმობა პროფესიაა, სადაც სხვისი სიცოცხლე შენს ხელშია და ცდილობ ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ყველაფრის ფასად, გამარჯვება იზეიმო. ექიმი კურნავს ცოდნით, გამოცდილებით და სიტყვით, მის თვალებში და ხმაში ყოველთვის იმედს თუ უიმედობას, თანაგრძნობას და თანადგომას, სიყვარულს და ბრძოლას ჯანმრთელობისთვის ამოიკითხავ.

„გაზეთი ბოლნისი“ რუბრიკაში „წარმატებული“, სწორედ ამ პროფესიის წარმომადგენელზე, კარდიოლოგ თამარ გოგოლაძეზე გიამბობთ, რომელმაც ბავშვობა, ექიმი დედის გვერდით, საავადმყოფოში გაატარა და ზუსტად იცოდა თავისი მომავალი პროფესია. „ბავშვობიდან მომწონდა ექიმის პროფესია, რადგან სხვისი სიცოცხლისთვის ბრძოლა უდიდეს გმირობად მიმაჩნდა, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა სფეროში, კარდიოლოგია ექსპრომტად ავირჩიე, თავდაპირველად გინეკოლოგიაზე ვფიქრობდი. ორივე პროფესია ახალ სიცოცხლესთანაა კავშირში და ვერ წარმოიდგენთ როგორი შეგრძნებაა, როცა კრიტიკულად მძიმე პაციენტი გაიმარჯვებს სიკვდილზე და მასში ახალი სიცოცხლე ბრუნდება“.

თამარ გოგოლაძე მეცხრე კლასიდან სამედიცინო კოლეჯში გადავიდა, შემდეგ სწავლა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელა, რომელიც წარმატებით დაასრულა,  რეზიდენტურა გულ-სისხლძარღვთა კლინიკაში გაიარა და იქვე დარჩა სამუშაოდ. პირადი გამოცდილება და ცოდნა, ახალგაზრდა ექიმს,  ცნობილმა კარდიოლოგმა თამაზ შაბურიშვილმა გაუზიარა. „ექიმის პროფესია ჩემს შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია, სწავლის დამთავრების შემდეგ მოვხვდი ერთ-ერთ უძლიერეს (ჩემი ოცნების) კლინიკაში. საოცრებაა, როდესაც უყურებ და გრძნობ როგორ უბრუნდება სიცოცხლე ადამიანს. კარდიოლოგიაში  პედაგოგობა ბატონმა თამაზ შაბურიშვილმა გამიწია, რომელმაც დიდი განათლება მომცა, შემაყვარა და მასწავლა პაციენტისთვის შეუპოვარი ბრძოლა ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი“.

თამარ გოგოლაძე, რომ თავისი საქმის პროფესიონალია, ეს  პაციენტთა რაოდენობითაც ჩანს. მის მიერ ნახევარ საათში დასმულმა დიაგნოზმა,  კარდიოლოგიაში წამყვანი კლინიკის თანამშრომლებიც კი გააოცა. როგორც თავად იხსენებს, ჰქონდა შემთხვევა, როდესაც ძლიერი ტკივილით მისულ პაციენტს მხოლოდ ერთი ექოსკოპიით აორტის ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვა და სწორი ანამნეზით მოხდა მისი გადარჩენა. თამარ გოგოლაძის მიზანია სიცოცხლის თითოეული წუთისთვის ბრძოლა და გამარჯვება, ყველაზე დიდი გამოწვევა კი ამ გამარჯვებამდე მისასვლელი გზაა, რომელსაც ყოველდღიურად უწყობს ფეხს. სწავლობს სიახლეებს, ეცნობა თანამედროვე გაიდლაინებს და მკურნალობს შეცვლილი მეთოდებით.

ახალგაზრდა ექიმს ინდივიდუალური მიდგომა აქვს თითოეულ პაციენტთან, ზოგს მეგობრული რჩევით მკურნალობს, ზოგთან კი სიმკაცრით გამოირჩევა, სიმკაცრით უფრო ურჩ ავადმყოფებთან, მაგრამ მათთან მკურნალობას სიყვარულით და მეგობრობით გადის, იხსენებს იმ შემთხვევასაც, როდესაც მძიმე ავადმყოფმა სიკვდილის წინ იმედიანად მიმართა „სიკვდილის აღარ მეშინია შენ რომ ჩემს გვერდით ხარო“. ექიმის პროფესიაში მხოლოდ სიცოცხლე არ ზეიმობს, იმარჯვებს სიკვდილიც. ეს შეუქცევადი პროცესი კი ჩვენ რესპოდენტზეც მნიშვნელოვნად აისახება – ეშინია პაციენტის დაკარგვის. გრძნობა, რომელიც სულ თან სდევს შიში და პასუხისმგებლობაა, შიში წაგებულ სიცოცხლესთან და პასუხისმგებლობა ახალი სიცოცხლისთვის.

მარინა გავაშელი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები